თავი 46
ამალიკიას განზრახული აქვს მეფობა. მორონი აღმართავს თავისუფლების ალამს. იგი ხალხს მოუწოდებს, დაიცვან თავიანთი სარწმუნოება. ჭეშმარიტ მორწმუნეებს ქრისტიანებს უწოდებენ. იოსებისგან დარჩენილნი გადარჩებიან. ამალიკია და განდგომილები ნეფის მიწაზე გაიქცევიან. მათ, ვისაც არ სურთ თავისუფლების დაცვა, დახოცავენ. დაახლოებით 73–72 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და იყო ასე, რომ ყველა, ვინც არ ისურვა ჰელამანისა და მისი ძმების სიტყვებისთვის ყურის დაგდება, ერთად შეიკრიბა თავიანთი ძმების წინააღმდეგ.
2 და ახლა, აჰა, ისინი ძალზედ განრისხდნენ, იმდენად, რომ გადაწყვიტეს მათი დახოცვა.
3 ახლა, წინამძღვარი მათი, რომლებიც თავიანთ ძმებზე იყვნენ განრისხებულნი, იყო დიდი და ძლიერი კაცი; და მისი სახელი იყო ამალიკია.
4 და ამალიკიამ განიზრახა მეფობა; და იმ ადამიანებსაც, რომლებიც განრისხებულნი იყვნენ, სურდათ, რომ იგი ყოფილიყო მათი მეფე; და მათი უმეტესობა იყო ამ მიწის უმცროსი მოსამართლეთაგანნი და ისინი იღწვოდნენ ძალაუფლებისთვის.
5 და ისინი აჰყვნენ ამალიკიას პირფერობას, რომ თუ მას მხარს დაუჭერდნენ და თავიანთ მეფედ დააყენებდნენ, იგი მათ ხალხის მმართველებად დანიშნავდა.
6 ამგვარად, ჰელამანისა და მისი ძმების ქადაგებების მიუხედავად, ამალიკიამ ისინი განდგომამდე მიიყვანა, დიახ, ეკლესიაზე მათი ძალზედ დიდი ზრუნვის მიუხედავად, რადგან ისინი ეკლესიის მღვდელმთავრები იყვნენ.
7 და ეკლესიაში იყვნენ მრავალნი, რომლებმაც დაიჯერეს ამალიკიას პირფერული სიტყვები, ამიტომ ისინი ეკლესიას განუდგნენ; და ამგვარად, ნეფის ხალხის მდგომარეობა იყო ძალზედ არასაიმედო და საშიში, მიუხედავად მათი დიდი გამარჯვებისა, რომელიც ლამანიელებზე მოიპოვეს და დიდი სიხარულისა, რომელიც ჰქონდათ უფლის ხელით გამოხსნის გამო.
8 ამგვარად ვხედავთ, როგორ სწრაფად ივიწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, ადამიანთა შვილები, დიახ, როგორი სწრაფნი არიან ურჯულოების კეთებაში და იმ ბოროტის უკან ადევნებაში.
9 დიახ, ჩვენ ასევე ვხედავთ, რამხელა სიბოროტე მოაქვს ერთ, ძალზედ ბოროტ ადამიანს, ადამიანთა შვილებს შორის.
10 დიახ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამალიკიამ, რადგან იყო მზაკვრული გეგმების მქონე და მრავალი პირფერი სიტყვის მთქმელი კაცი, შეაცდინა ადამიანთა მრავალი გული, რათა სიბოროტე ჩაედინათ მათ; დიახ, რომ ეცადათ ღმერთის ეკლესიის განადგურება და გაენადგურებინათ თავისუფლების საძირკველი, რომელიც მათ ღმერთმა უბოძა ანუ კურთხევა, რომელიც ღმერთმა მოავლინა მართალთათვის მიწის პირზე.
11 და ახლა, იყო ასე, რომ როდესაც მორონიმ, რომელიც იყო ნეფიელთა ჯარების მთავარი მეთაური, გაიგო ამ განდგომილების შესახებ, ამალიკიაზე განრისხდა.
12 და იყო ასე, რომ მან შემოიხია მოსასხამი; აიღო მისი ნაჭერი და მასზედ დაწერა: გვახსოვდეს ჩვენი ღმერთი, სარწმუნოება, თავისუფლება, მშვიდობა და ცოლ-შვილი. და მიამაგრა იგი ჯოხის წვერზე.
13 და მან დაიხურა ჩაჩქანი, აისხა სამკერდული და ფარები, შეიბა წელზე აბჯარი და აიღო ჯოხი, რომლის წვერზე იყო თავისი მოსასხამის ნაგლეჯი (და მას უწოდა თავისუფლების ალამი) მუხლი მოიყარა მიწაზე და მხურვალედ ილოცა თავისი ღმერთისადმი, რომ თავისუფლების კურთხევები მის ძმებზე ყოფილიყო, სანამ იქნებოდა ქრისტიანების ჯგუფი, რომლებიც მიწის მფლობელები იქნებოდნენ –
14 რადგან ასე უწოდებდნენ ქრისტეს ჭეშმარიტ მორწმუნეებს, რომლებიც ეკლესიას მიეკუთვნებოდნენ, ისინი, რომლებიც ეკლესიას არ მიეკუთვნებოდნენ.
15 და ისინი, რომლებიც ეკლესიას მიეკუთვნებოდნენ, იყვნენ ერთგულნი; დიახ, ყველამ, რომლებიც იყვნენ ქრისტეს ჭეშმარიტი მორწმუნეები, სიხარულით აიღეს საკუთარ თავზე ქრისტეს სახელი ანუ ქრისტიანები, როგორც მათ უწოდებდნენ მათი ქრისტეში რწმენის გამო, ვინც უნდა მოვიდეს.
16 და ამიტომ, ამ დროს მორონი ლოცულობდა, რომ ქრისტიანთა საქმე და მიწის თავისუფლება მადლიანი ყოფილიყო.
17 და იყო ასე, რომ როდესაც მან ღმერთის წინაშე გადმოღვარა სული, მან დაასახელა მიწა, რომელიც იყო მიწა აოხრებულის სამხრეთით, დიახ, მთელი მიწა, ჩრდილოეთით და სამხრეთით, მიწა რჩეული და მიწა თავისუფლებისა.
18 და მან თქვა: ჭეშმარიტად, ღმერთი არ დაუშვებს, რომ ჩვენ, რომლებსაც აბუჩად გვიგდებენ, რადგან საკუთარ თავზე ავიღეთ ქრისტეს სახელი, ფეხქვეშ გაგვთელონ და გაგვანადგურონ მანამ, სანამ ჩვენ მას შეცოდებებით არ მოვავლენთ ჩვენს თავზედ.
19 და როდესაც მორონმა თქვა ეს სიტყვები, იგი წავიდა ხალხში, თავისი სამოსის ნაგლეჯის ჰაერში ფრიალით, რომ ყველას დაენახა წარწერები, რომლებიც მან გააკეთა მოსასხამის ნაგლეჯზე და ხმამაღლა ღაღადებდა სიტყვებით:
20 აჰა, ყველა, ვინც ამ ალამს დაიცავს მიწაზე, დაე, წინ გამოვიდეს უფლის ძალით და აღთქმა დადოს, რომ დაიცავს თავის უფლებებსა და სარწმუნოებას, რათა უფალმა ღმერთმა აკურთხოს ისინი.
21 და იყო ასე, როდესაც მორონიმ გამოაცხადა ეს სიტყვები, აჰა, ხალხი მორბოდა ერთად შესაკრებად, წელზე შებმული აბჯრებით, იგლიჯავდნენ ტანისამოსს იმის ნიშნად ანუ აღთქმისათვის, რომ არ მიატოვებენ უფალს, თავიანთ ღმერთს; ანუ სხვა სიტყვებით, თუ დაარღვევდნენ ღმერთის მცნებებს ანუ შეცოდებაში ჩაცვივდებოდნენ და შერცხვებოდათ საკუთარ თავზე ქრისტეს სახელის აღება, უფალი დაგლეჯდა მათ ისევე, როგორც მათ დაიგლიჯეს სამოსი.
22 ახლა, ეს იყო აღთქმა, რომელიც მათ დადეს და თავიანთი ტანისამოსი მორონის ფეხქვეშ დაყარეს, სიტყვებით: ვდებთ აღთქმას ჩვენს ღმერთთან, რომ გავნადგურდებით ისე, როგორც ჩვენი ძმები ჩრდილოეთით მიწაზე, თუ შეცოდებაში ჩავცვივდებით; დიახ, მას შეუძლია მტრის ფეხქვეშ ჩაგვყაროს ისე, როგორც ჩვენ დავყარეთ ჩვენი სამოსი შენს ფეხქვეშ, რათა ვიყოთ ფეხქვეშ გათელილნი, თუ შეცოდებაში ჩავცვივდებით.
23 მორონიმ მათ უთხრა: აჰა, ჩვენ ვართ იაკობის შთამომავალთა ნარჩენი; დიახ, ჩვენ ვართ იოსების შთამომავალთა ნარჩენი, რომლის სამოსი მრავალ ნაწილად დაგლიჯეს მისმა ძმებმა; დიახ, ახლა, აჰა, დაე, გვახსოვდეს, რომ უნდა დავიცვათ ღმერთის მცნებები, თორემ ჩვენი სამოსი დაიგლიჯება ჩვენი ძმების მიერ და ჩვენ საპყრობილეში ვიქნებით ჩაყრილნი ან გაგვყიდიან ან დაგვხოცავენ.
24 დიახ, მოდით შევინარჩუნოთ თავისუფლება, როგორც იოსების ნარჩენმა; დიახ, მოდით გავიხსენოთ იაკობის მიერ სიკვდილის წინ ნათქვამი სიტყვები, რადგან, აჰა, მან იხილა, რომ იოსების სამოსის ნარჩენი შემოინახა და არ დალპა; და მან თქვა: როგორც შემოინახა ჩემი შვილის სამოსის ნარჩენი, ისევე შემოინახება ჩემი შვილის შთამომავლობის ნარჩენი ღვთის ხელით და აყვანილ იქნება მასთან, როდესაც დანარჩენი იოსების შთამომავლები დაიღუპებიან ისე, როგორც მისი სამოსის ნარჩენი.
25 ახლა, აჰა, ეს ამწუხრებს ჩემს სულს; ამისდა მიუხედავად, ჩემი სული ხარობს ჩემს შვილში, მისი შთამომავლობის იმ ნაწილის გამო, რომელიც ღმერთთან იქნება წაყვანილი.
26 ახლა, აჰა, ეს იყო იაკობის სიტყვა.
27 და ახლა, ვინ იცის, იქნებ იოსების შთამომავლობის ნარჩენი, რომელიც დაიღუპება, როგორც მისი სამოსი, არიან ისინი, რომლებიც ჩვენ განგვიდგნენ? დიახ, ჩვენც ასეთები ვიქნებით, თუ არ დავრჩებით ქრისტეს რწმენაში მტკიცენი.
28 და ახლა, იყო ასე, რომ როდესაც მორონიმ ეს სიტყვები თქვა, ის გამოვიდა და ასევე გააგზავნა მიწის ყველა კუთხეში, სადაც უთანხმოება იყო და ერთად შეკრიბა ყველა ხალხი, რომლებსაც სურდათ საკუთარი თავისუფლების დაცვა ამალიკიას და მათ წინააღმდეგ აღსადგომად, რომლებიც განუდგნენ და რომლებსაც ამალიკიელები ეწოდათ.
29 და იყო ასე, რომ როდესაც ამალიკიამ იხილა, რომ მორონის ხალხი იყო ამალიკიელებზე მრავალრიცხოვანი – და მან ასევე იხილა, რომ მისი ხალხი დაეჭვდა იმ საქმის სამართლიანობაში, რაც მათ წამოიწყეს – ამიტომ, ეშინოდა რა, რომ ვერ მიაღწევდა მიზანს, მან აიყვანა თავისი ხალხისგან ისინი, რომლებმაც მოისურვეს და წავიდა ნეფის მიწაზე.
30 ახლა, მორონიმ იფიქრა, რომ არ იყო საჭირო, ლამანიელებს უფრო მეტი ძალა ჰქონოდათ; ამიტომ, მან იფიქრა, მოეკვეთა ამალიკიას ხალხი მათგან ანუ აეყვანა ისინი და უკან დაებრუნებინა და ამალიკია მოეკლა; დიახ, რადგან მან იცოდა, რომ გააღვივებდა წყრომას ლამანიელებში და აიძულებდა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად წამოსვლას; და მან იცოდა, რომ ამალიკია ამას გააკეთებდა თავისი მიზნების მისაღწევად.
31 ამიტომ, მორონიმ იფიქრა, რომ საჭირო იყო აეყვანა თავისი ჯარები, რომლებიც ერთად შეიკრიბნენ და შეიარაღდნენ და დადეს აღთქმა, რომ დაიცავდნენ მშვიდობას. და იყო ასე, რომ მან აიყვანა თავისი ჯარი და გაემართა უდაბნოსკენ კარვებით, რათა უდაბნოში ამალიკიასათვის გზა გადაეკვეთა.
32 და იყო ასე, რომ იგი მოიქცა საკუთარი სურვილების შესაბამისად და შევიდა უდაბნოში და გაასწრო ამალიკიას ჯარებს.
33 და იყო ასე, რომ ამალიკია გაიქცა თავისი ჯარისკაცების პატარა ნაწილით და დანარჩენები მორონის ხელში იქნენ გადაცემულნი და უკან, ზარაჰემლას მიწაზე წამოყვანილნი.
34 ახლა, მორონი, იყო რა კაცი, რომელიც დაინიშნა მთავარი მოსამართლეების მიერ და ხალხის ხმით, ამიტომ მას ჰქონდა თავისი ნების შესაფერისი ძალაუფლება ნეფიელთა ჯარების მიმართ, მათზე უფლებამოსილების დასამყარებლად და გამოსავლენად.
35 და იყო ასე, რომ ამალიკიელებისგან ყოველს, რომელსაც არ სურდა აღთქმის დადება თავისუფლების საქმის დასაცავად, რათა თავისუფალი ხელისუფლება ჰქონოდათ, იგი სიკვდილით სჯიდა; და იყო მხოლოდ რამდენიმე, რომლებმაც უარყვეს თავისუფლების აღთქმა.
36 და ასევე იყო, რომ მან ბრძანა, მთელს მიწაზე თავისუფლების ალამი აღემართათ ყოველი კოშკის თავზე, რომელიც ნეფიელებს ეკუთვნოდათ; და ასე გაამყარა მორონიმ თავისუფლების ალამი ნეფიელთა შორის.
37 და მათ მიწაზე კვლავ მშვიდობამ დაისადგურა; და ასე ინარჩუნებდნენ მშვიდობას მიწაზე, მოსამართლეთა მმართველობის თითქმის მეცხრამეტე წლის ბოლომდე.
38 და ჰელამანი და მღვდელმთავრები ასევე ინარჩუნებდნენ ეკლესიაში წესრიგს; დიახ, ოთხი წლის განმავლობაში მათ ეკლესიაში საკმარისი მშვიდობა და სიხარული სუფევდა.
39 და იყო ასე, რომ იყვნენ მრავალნი, რომელნიც გარდაიცვალნენ მტკიცე რწმენით, რომ მათი სულები უფალი იესო ქრისტეს მიერ იქნა გამოსყიდული; ასე წავიდნენ ისინი ამ ქვეყნიდან სიხარულით.
40 და იყვნენ ზოგიერთნი, რომლებიც ციებ-ცხელებით გარდაიცვალნენ, რაც იმ მიწაზე ხშირად იყო წელიწადის ზოგიერთ დროში, მაგრამ ციებ-ცხელებისგან არც თუ ისე ბევრი, მრავალი ბალახისა და ფესვის მშვენიერი თვისებების გამო, რაც ღმერთმა მოამზადა, რათა მოეცილებინა დაავადებების მიზეზი, რომლებისკენაც ადამიანები იყვნენ მიდრეკილნი ბუნებრივი კლიმატის გამო –
41 მაგრამ იქ იყვნენ ბევრნი, რომლებიც სიბერით გარდაიცვალნენ; და რომლებიც გარდაიცვალნენ ქრისტეს რწმენით, არიან მასში ბედნიერნი, როგორც ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ.