წმინდა წერილი
ალმა 4


თავი 4

ალმა ნათლავს ათასობით ახლადმოქცეულს. ეკლესიაში შემოდის ურჯულოება და ხელს უშლის ეკლესიის განვითარებას. ნეფიჰა ინიშნება მთავარ მოსამართლედ. ალმა, როგორც მღვდელმთავარი, საკუთარ თავს უძღვნის მსახურებას. დაახლოებით 86–83 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 ახლა, იყო ასე, რომ ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის მეექვსე წელს, ზარაჰემლას მიწაზე არ იყო არც განხეთქილებები და არც ომები.

2 მაგრამ ხალხი გატანჯული იყო, დიახ, დიდად იტანჯებოდა თავიანთი ძმების დაკარგვით და ასევე თავიანთი წვრილფეხა და მსხილფეხა საქონლის დაკარგვით და ასევე თავიანთი მარცვლეულის მინდვრების დაკარგვით, რომლებიც ფეხ ქვეშ გათელილ და განადგურებულ იქნა ლამანიელთა მიერ.

3 და იმდენად დიდი იყო მათი გაჭირვება, რომ ყოველ სულს ჰქონდა გლოვის მიზეზი; და მათ სწამდათ, რომ ეს იყო მათზედ მოვლენილი ღმერთის სასჯელი, მათი სიბოროტისა და სისაძაგლისათვის; ამიტომ, მათ გამოიღვიძეს, რათა გაეხსენებინათ თავიანთი მოვალეობა.

4 და მათ დაიწყეს ეკლესიის უფრო სრულად განმტკიცება; დიახ, და მრავალი მოინათლა სიდონის წყლებში და შეუერთდა ღმერთის ეკლესიას; დიახ, ისინი მოინათლნენ ალმას ხელით, რომელიც ეკლესიის ხალხზე მღვდელმთავრად იყო კურთხეული მამამისის, ალმას ხელით.

5 და მოსამართლეთა მმართველობის მეშვიდე წელს იყო ასე, რომ დაახლოებით სამი ათას ხუთასი სული შეუერთდა ღმერთის ეკლესიას და მოინათლა. და ასე დასრულდა ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის მეშვიდე წელი; მთელი ამ დროის განმავლობაში უწყვეტი მშვიდობა სუფევდა.

6 და იყო ასე, რომ მოსამართლეთა მმართველობის მერვე წელს, ეკლესიის ხალხმა დაიწყო ამპარტავნობაში ჩაფლობა, თავიანთი მეტისმეტი სიმდიდრის გამო და მათი ძვირფასი აბრეშუმისა და გრეხილი ბისონის გამო და მათი მრავალი წვრილფეხა და მსხვილფეხა ნახირის გამო და მათი ოქროსა და ვერცხლის და ყველანაირი ძვირფასეულობების გამო, რომლებიც მათ მიიღეს თავიანთი შრომის მოყვარეობით; და ამ ყველაფერში, ისინი თავიანთი თვალების ამპარტავნობით აღზევდნენ, რადგან დაიწყეს ძალზედ ძვირფასი ტანსაცმლის ტარება.

7 ახლა, ეს იყო ალმას დიდი მწუხარების მიზეზი, დიახ, და მრავალი ადამიანისა, რომლებიც ალმამ აკურთხა მასწავლებლებად და მღვდლებად და ეკლესიის უხუცესებად; დიახ, მრავალი მათგანი ღრმად დამწუხრებული იყო იმ სიბოროტის გამო, რომელსაც ისინი ხედავდნენ, რაც მათ ხალხში დაიწყო.

8 რადგან დიდი მწუხარებით დაინახეს და შეამჩნიეს, რომ ეკლესიის ხალხმა დაიწყო თავიანთ თვალში ამპარტავნობით აღზევება და გულის მიძღვნა სიმდიდრისა და ამქვეყნიური ამაოებისთვის, რომ მათ დაიწყეს ერთმანეთის მიმართ ზიზღის გამოხატვა და დევნა, ვისაც არ სწამდა მათი ნებისა და სურვილის შესაბამისად.

9 და მოსამართლეთა მმართველობის ამ მერვე წელს, დაიწყო დიდი დაპირისპირება ეკლესიის ხალხს შორის; დიახ, იყო შური და დაპირისპირება და ღვარძლი და დევნა და ამპარტავნობა, ისეთი, რომ იმათ ამპარტავნობასაც კი გადააჭარბა, ვინც არ მიეკუთვნებოდა ღმერთის ეკლესიას.

10 და ასე დასრულდა მოსამართლეთა მმართველობის მერვე წელი; და ეკლესიის სიბოროტე იქცა დიდ დაბრკოლების ქვად მათთვის, ვინც არ მიეკუთვნოდა ეკლესიას; და ამგვარად ეკლესიის განვითარებამ დაიწყო შენელება.

11 და იყო ასე, რომ მეცხრე წლის დასაწყისში ალმამ იხილა ეკლესიის სიბოროტე და ასევე იხილა, რომ ეკლესიის თვალსაჩინო მაგალითი უბიძგებდა ურწმუნოებს ერთი ურჯულოებიდან მეორესკენ და ამგვარად, მოჰქონდა ხალხის განადგურება.

12 დიახ, მან იხილა ხალხს შორის დიდი უთანასწორობა, ზოგნი აღზევებულნი იყვნენ თავიანთ ამპარტავნობით, სძულდათ სხვები, ზურგს აქცევდნენ ღატაკებსა და შიშველებს და მშიერთ და მწყურვალთ და ავადმყოფთ და ტანჯულთ.

13 ახლა, ეს იყო ხალხს შორის გოდებისათვის დიდი მიზეზი, იმავე დროს, სხვები თავს იმდაბლებდნენ, ეხმარებოდნენ მათ, რომლებსაც სჭირდებოდათ დახმარება, როგორიცაა: უზიარებდნენ თავიანთ ქონებას ღარიბებსა და გაჭირვებულებს, აპურებდნენ მშიერს და იტანდნენ ყველანაირ გაჭირვებას ქრისტეს გულისათვის, რომელიც უნდა მოსულიყო, წინასწარმეტყველების სულის შესაბამისად.

14 იმ დღის მოლოდინში, ამგვარად ინარჩუნებდნენ საკუთარი ცოდვების მიტევებას; აღვსილნი იყვნენ დიდი სიხარულით მკვდრეთით აღდგომის გამო, იესო ქრისტეს ნებისა და ძალისა და სიკვდილის ბორკილებიდან გამოხსნის შესაბამისად.

15 და ახლა, იყო ასე, რომ ალმამ, იხილა რა ღმერთის თავმდაბალ მიმდევართა გაჭირვება და დევნა, რომელიც მათ თავს დაატყდათ თავისი ხალხის დანარჩენი ნაწილისაგან და იხილა რა მათი ყველა უთანასწორობა, დაიწყო ძალზედ ღრმად წუხილი; მიუხედავად ამისა, უფლის სულმა იგი არ მიატოვა.

16 და მან აირჩია ბრძენი კაცი, რომელიც იყო ეკლესიის უხუცესთა შორის და მისცა მას ძალაუფლება, ხალხის ხმის შესაბამისად, რომ მას ჰქონოდა კანონების აღსრულების ძალაუფლება, იმ კანონების შესაბამისად, რომელნიც მოცემული იყო; და მათი აღსრულება ხალხის სიბოროტისა და დანაშაულების მიხედვით.

17 ახლა, ამ კაცის სახელი იყო ნეფიჰა და იგი დანიშნულ იქნა მთავარ მოსამართლედ; და ის დაბრძანდა მოსამართლის სავარძელზე, რომ ხალხი განესაჯა და ემართა.

18 ახლა, ალმამ მას კი არ უბოძა ეკლესიის მღვდელმთავრის წოდება, არამედ თავისთვის დაიტოვა მღვდელმთავრის წოდება; მაგრამ ნეფიჰას გადასცა მოსამართლის სავარძელი.

19 და ეს მან გააკეთა, რათა თავად წასულიყო თავის ხალხში ანუ ნეფის ხალხში, რომ შეძლებოდა ექადაგა მათთვის ღვთის სიტყვა, რათა ისინი გაეღვიძებინა თავიანთი მოვალეობის მოსაგონებლად, რომ ღვთის სიტყვით მას შეძლებოდა ჩაეხშო მთელი ამპარტავნობა და მზაკვრობა და ყოველი განხეთქილება, რომელიც იყო მის ხალხს შორის, ვერ ხედავდა რა მათი გამოსწორებისთვის სხვა გზას, გარდა წმინდა დამოწმების გაზიარებისა მათ წინააღმდეგ.

20 და ასე, ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის მეცხრე წლის დასაწყისში, ალმამ გადასცა მოსამართლის სავარძელი ნეფიჰას და მთლიანად მიუძღვნა თავი ღმერთის წმინდა წესის მღვდელმთავრობას, სიტყვის მოწმობას, გამოცხადებისა და წინასწარმეტყველების სულის მიხედვით.