თავი 14
ალმას და ამულეკს ატყვევებენ და სცემენ. მორწმუნეებს და მათ წმინდა წერილებს ცეცხლში დაწვავენ. ეს წამებულნი უფლის მიერ არიან მიღებულნი დიდებაში. საპყრობილის კედლები სკდება და ეცემა. ალმა და ამულეკი განთავისუფლებულნი არიან, ხოლო მათ მდევნელთ ხოცავენ. დაახლოებით 82–81 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც მან დაასრულა ხალხისადმი მიმართვა, მრავალმა მათგანმა იწამა მისი სიტყვები და დაიწყო მონანიება და წმინდა წერილების კვლევა.
2 მაგრამ ხალხის უმეტეს ნაწილს სურდა ალმასა და ამულეკის განადგურება; რადგან ისინი ძალზედ განრისხებულნი იყვნენ ალმაზე, ზიზრომისადმი მისი სიტყვების სისადავის გამო; და ასევე ამბობდნენ, რომ ამულეკმა მათ ტყუილი უთხრა და ლანძღავდა მათ კანონს და ასევე მათ კანონთმცოდნეებსა და მოსამართლეებს.
3 და ასევე განრისხებულნი იყვნენ ალმაზე და ამულეკზე; და იმის გამო, რომ ასე ნათლად მოწმობდნენ მათი სიბოროტის წინააღმდეგ, მათ სურდათ ჩუმად დაეხოცათ ისინი.
4 მაგრამ იყო ასე, რომ ასე არ მოიქცნენ; არამედ აიყვანეს ისინი, შებოჭეს მაგარი თოკებით და მიიყვანეს იმ მიწის მთავარ მოსამართლესთან.
5 და ხალხი მივიდა და დაამოწმა მათ წინააღმდეგ, მოწმობდა რა, რომ ისინი ლანძღავდნენ მიწის კანონსა და მათ კანონთმცოდნეებს და მოსამართლეებს, ასევე მთელ ხალხს, რომელიც იმ მიწაზე იყო; და ასევე მოწმობდნენ, რომ არის მხოლოდ ერთი ღმერთი და რომ იგი ხალხში გამოაგზავნის თავის ძეს, მაგრამ არ გადაარჩენს მათ; და მრავალ ასეთ რამეს მოწმობდა ხალხი ალმასა და ამულეკის წინააღმდეგ. ახლა, ეს მოხდა მიწის მთავარი მოსამართლის წინაშე.
6 და იყო ასე, რომ ზიზრომი გაოცებული იყო სიტყვებით, რომლებიც ითქვა; და მან ასევე იცოდა გონების სიბრმავის შესახებ, რაც მან ხალხში გამოიწვია თავისი ცრუ სიტყვებით; და მას სული აუფორიაქდა საკუთარი დანაშაულის შეგნებისაგან; დიახ, მის გარშემო ჯოჯოხეთის ტკივილმა იწყო შემოხვევა.
7 და იყო ასე, რომ მან დაიწყო ხალხისადმი ღაღადი სიტყვებით: აჰა, მე ვარ დამნაშავე და ეს კაცი არის უმწიკვლო ღმერთის წინაშე. და იმ დროიდან მოყოლებული დაიწყო მან მათთვის ვედრება; მაგრამ ისინი ლანძღავდნენ მას სიტყვებით: შენც ეშმაკმა შეგიპყრო? და ისინი მას აფურთხებდნენ და გააძევეს თავიანთი გარემოცვიდან, ასევე ისინიც, ვისაც სწამდა ალმასა და ამულეკის ნათქვამი სიტყვები; და მათ გააძევეს ისინი და დაადევნეს ხალხი ქვების სასროლად.
8 და მათ ერთად შეკრიბეს მათი ცოლები და შვილები და ყველა, ვისაც სწამდა ან ასწავლეს ღვთის სიტყვა, ნაბრძანები იყო, ცეცხლში ჩაეყარათ ისინი; ასევე მათ მოიტანეს მათი ჩანაწერები, რომლებიც მოიცავდა წმინდა წერილებს და ისინიც ცეცხლში ჩაყარეს, რათა ცეცხლში დამწვარიყვნენ და განადგურებულიყვნენ.
9 და იყო ასე, რომ მათ აიყვანეს ალმა და ამულეკი და მიიყვანეს საწამებელ ადგილზე, რათა ენახათ იმათი განადგურება, ვისაც ცეცხლი შთანთქავდა.
10 და როდესაც ამულეკმა იხილა ქალებისა და ბავშვების ტანჯვა, რომლებიც ცეცხლში შთაინთქმებოდნენ, ისიც ტკივილმა შეიპყრო; და მან უთხრა ალმას: როგორ შეგვიძლია ამ საშინელი ამბის ყურება? ამიტომ, მოდი გავიწოდოთ ხელები და გამოვიყენოთ ღმერთის ძალა, რომელიც ჩვენშია და გადავარჩინოთ ისინი ცეცხლისგან.
11 მაგრამ ალმამ უთხრა მას: სული მაიძულებს არ გავიწოდო ხელი; რადგან, აჰა, უფალი იღებს მათ თავის დიდებაში; და იგი დაუშვებს, რომ მათ ეს ჩაიდინონ ანუ რომ ხალხმა მათ ეს გაუკეთოს გაქვავებული გულების შესაბამისად, რათა სამართალი, რომელსაც იგი მათზე მოავლენს მრისხანებაში, იყოს სამართლიანი; და უდანაშაულოთა სისხლი მათ წინააღმდეგ დაამოწმებს, დიახ, და ძლიერად შეჰღაღადებს მათ წინააღმდეგ უკანასკნელ დღეს.
12 ახლა ამულეკმა უთხრა ალმას: აჰა, ალბათ ისინი ჩვენც დაგვწვავენ.
13 და ალმამ თქვა: იყოს უფლის ნებისამებრ. მაგრამ, აჰა, ჩვენი საქმე არ დასრულებულა; ამიტომ, ისინი ჩვენ არ დაგვწვავენ.
14 ახლა, ეს იყო ასე, რომ როდესაც შთაინთქა მათი სხეულები, რომლებიც იყო ცეცხლში ჩაყრილი და ასევე ჩანაწერები, რომლებიც მათთან ერთად ჩაყარეს, მთავარი მოსამართლე მოვიდა და დადგა ალმასა და ამულეკის წინ, როდესაც ისინი იყვნენ შებოჭილნი; და მან სილა გააწნა და უთხრა მათ: მას შემდეგ, რაც იხილეთ, უქადაგებთ კიდევ ამ ხალხს, რომ ისინი ჩაცვენილნი იქნებიან ცეცხლისა და გოგირდის ტბაში?
15 აჰა, თქვენ ხედავთ, რომ არ გქონდათ ძალა გადაგერჩინათ ცეცხლში ჩაყრილნი; არც ღმერთმა არ გადაარჩინა ისინი, რადგან იყვნენ თქვენი რწმენის. და მოსამართლემ მათ კვლავ გააწნა სილა და ჰკითხა: რას იტყვით თავის დასაცავად?
16 ახლა, ეს მოსამართლე იყო ნეჰორის წესისა და რწმენის მიმდევარი, რომელმაც მოკლა გიდეონი.
17 და იყო ასე, რომ ალმამ და ამულეკმა არაფერი არ უპასუხეს; და მან კვლავ გაარტყა მათ და გადასცა გუშაგებს, რათა საპყრობილეში ჩაეყარათ ისინი.
18 და როდესაც საპყრობილეში იქნენ ჩაყრილნი სამი დღის განმავლობაში, იქ მრავალი კანონთმცოდნე და მოსამართლე, მღვდელი და მასწავლებელი მოვიდა, რომლებიც ნეჰორის მიმდევრები იყვნენ; და შევიდნენ საპყრობილეში მათ სანახავად და დაკითხეს მრავალი სიტყვის შესახებ; მაგრამ ისინი არ პასუხობდნენ.
19 და იყო ასე, რომ მოსამართლე დადგა მათ წინაშე და უთხრა: რატომ არ პასუხობთ ამ ხალხის სიტყვებს? ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ გვაქვს თქვენი ცეცხლში ჩაყრის ძალა? და მან უბრძანა, ელაპარაკათ, მაგრამ მათ არაფერი არ უპასუხეს.
20 და იყო ასე, რომ ისინი წავიდნენ და გააგრძელეს თავიანთი საქმიანობა, მაგრამ მომდევნო დღეს კვლავ დაბრუნდნენ; და მოსამართლემ კვლავ გააწნა სილა. და მრავალნი მივიდნენ და სცემეს ისინი, თან ეუბნებოდნენ: კიდევ დადგებით და განიკითხავთ ამ ხალხს და განსჯით ჩვენს კანონს? თუ გაქვთ ასეთი დიდი ძალა, რატომ არ გამოიხსნით თავს?
21 და ბევრი ასეთი რამ უთხრეს მათ, მათზედ კბილების ღრჭიალითა და ფურთხებით და ამბობდნენ: როგორნი გავხდებით, როდესაც ვიქნებით განწირულნი?
22 და ბევრ ასეთ რამეს, დიახ, მრავალ ამდაგვარს ეუბნებოდნენ მათ; და ასე დასცინოდნენ მათ მრავალი დღის განმავლობაში. და არ აძლევდნენ საჭმელს, რათა ეშიმშილათ და წყალს, რათა ყოფილიყვნენ მწყურვალნი; და მათ ასევე წაართვეს ტანსაცმელი, რომ ყოფილიყვნენ შიშველნი; და გაკოჭილნი იყვნენ ისინი მაგარი თოკებით და საპყრობილეში დამწყვდეულნი.
23 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც ისინი ასე იტანჯნენ მრავალი დღის განმავლობაში (და ეს იყო ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის მეათე წლის მეათე თვის მეთორმეტე დღეს) რომ ამონიჰას მიწის მთავარი მოსამართლე და მრავალი მათი მასწავლებელი და კანონთმცოდნე გაემართა იმ საპყრობილეში, სადაც ალმა და ამულეკი იყვნენ თოკებით შებოჭილნი.
24 და მთავარი მოსამართლე დადგა მათ წინ და კვლავ სცემა და უთხრა მათ: თუ თქვენ გაქვთ ღმერთის ძალა, გამოიხსენით თავი ამ თოკებისგან და მაშინ ჩვენ დავიჯერებთ, რომ უფალი გაანადგურებს ამ ხალხს, თქვენი სიტყვების შესაბამისად.
25 და იყო ასე, რომ ისინი ყველანი მოდიოდნენ და მათ სცემდნენ, ამბობდნენ რა იგივე სიტყვებს, ბოლო მათგანიც კი; და როდესაც ბოლო მათგანმა მათ მიმართა, ღმერთის ძალა იყო ალმასა და ამულეკზე და ისინი წამოდგნენ და ფეხზე დადგნენ.
26 და ალმამ შეჰღაღადა სიტყვებით: რამდენი ხანი უნდა ვიტანჯოთ ამ დიდი გაჭირვებით, უფალო? უფალო, მოგვეცი ძალა გამოსახსნელად ჩვენი რწმენისამებრ, რომელიც არის ქრისტეში. და მათ გაწყვიტეს თოკები, რომლებითაც იყვნენ შებოჭილნი; და როდესაც ხალხმა ეს დაინახა, მათ იწყეს გაქცევა, რადგან განადგურების შიშმა მოიცვა ისინი.
27 და იყო ასე, რომ იმდენად დიდი იყო მათი შიში, რომ დაეცნენ მიწაზე და ვერ მიაგნეს საპყრობილის გასასვლელ კარებს; და მიწა მძლავრად შეირყა და საპყრობილის კედელი შუაზე გაიპო ისე, რომ მიწაზე დაეცა; და მთავარი მოსამართლე და კანონთმცოდნეები და მღვდლები და მასწავლებლები, რომლებიც ალმას და ამულეკს სცემდნენ, ნანგრევების ქვეშ დაიხოცნენ.
28 და ალმა და ამულეკი გამოვიდნენ საპყრობილიდან და უვნებელნი იყვნენ; რადგან უფალმა უბოძა მათ ძალა, მათი რწმენისამებრ, რომელიც ქრისტეშია. და ისინი პირდაპირ გამოვიდნენ საპყრობილიდან და გამოხსნილნი იქნენ ბორკილებიდან; და საპყრობილე დაემხო მიწაზე და ყოველი სული მის კედლებში დაიღუპა, ალმასა და ამულეკის გარდა; და ისინი პირდაპირ ქალაქში გამოვიდნენ.
29 ახლა, ხალხმა, გაიგო რა დიდი ხმაური, ჯგუფ-ჯგუფად გამორბოდა, რათა გაეგოთ ამის მიზეზი; და როდესაც მათ იხილეს ალმა და ამულეკი, რომლებიც გამოდიოდნენ საპყრობილიდან და რომ მიწაზე დაეცა მისი კედლები, ისინი დიდმა შიშმა შეიპყრო და გაიქცნენ ალმასა და ამულეკის გარემოცვიდან ისე, როგორც თხა გაურბის ორ ლომს თავისი ციკნით; და ასე გარბოდნენ ისინი ალმასა და ამულეკისაგან.