წმინდა წერილი
ალმა 55


თავი 55

მორონი უარს ამბობს ტყვეების გაცვლაზე. ლამანიელ გუშაგებს ათრობენ და ნეფიელ ტყვეებს ათავისუფლებენ. ქალაქ გიდს ათავისუფლებენ სისხლისღვრის გარეშე. დაახლოებით 63–62 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ როდესაც მორონიმ მიიღო ეს წერილი, იგი უფრო მეტად განრისხდა, რადგან იცოდა, რომ ამორონს მშვენივრად ჰქონდა გააზრებული საკუთარი ტყუილი; დიახ, მან იცოდა, რომ ამორონისთვის ცნობილი იყო: მიზეზი, რის გამოც მან ნეფის ხალხის წინააღმდეგ ომი წამოიწყო – უსამართლო იყო.

2 და მან თქვა: აჰა, ამორონს არ გავუცვლი ტყვეებს, თუ უარს არ იტყვის თავის მიზანზე, როგორც მე წერილში მივუთითე; რადგან არ დავუშვებ, რომ მან იმაზე მეტი ძალა მიიღოს, რაც აქვს.

3 აჰა, ჩემთვის ცნობილია ადგილი, სადაც ლამანიელები ინახავენ ჩემს ხალხს, რომელიც ტყვედ წაიყვანეს; და რადგან ამორონმა არ მიიღო ჩემი მოთხოვნა, აჰა, მე მას მივუზღავ ჩემი სიტყვების შესაბამისად; დიახ, მე მათში სიკვდილს დავთესავ მანამ, სანამ მშვიდობას არ მოითხოვენ.

4 და ახლა, იყო ასე, რომ როდესაც მორონიმ თქვა ეს ყველაფერი, მან ბრძანა, რომ მის ხალხში მოეძებნათ ვინმე, რომელიც ლამანის შთამომავალი იყო.

5 და იყო ასე, რომ მათ იპოვეს ერთი, რომელსაც ერქვა ლამანი; და ის იყო ერთ-ერთი მსახური მეფისა, რომელიც ამალიკიამ მოკლა.

6 ახლა, მორონიმ ბრძანა, რომ ლამანი და მისი ჯარისკაცების მცირე ჯგუფი მისულიყო გუშაგებთან, რომლებიც ნეფიელებს დარაჯობდნენ.

7 ახლა, ნეფიელები დამწყვდეული ჰყავდათ ქალაქ გიდში; ამიტომ, მორონიმ ლამანი გაამწესა და ჯარისკაცების მცირე რაოდენობას უბრძანა, რომ მასთან ერთად წასულიყვნენ.

8 და როდესაც საღამო დადგა, ლამანი მივიდა გუშაგებთან, რომლებიც ნეფიელებს დარაჯობდნენ და აჰა, გუშაგებმა დაინახეს იგი, მათკენ მიმავალი და შეაჩერეს; მაგრამ მან უთხრა: ნუ გეშინიათ, ლამანიელი ვარ. აჰა, ნეფიელებისგან გამოვიქეცით და მათ სძინავთ; და აჰა, მათი ღვინო გვაქვს თან წამოღებული.

9 ახლა, როდესაც ლამანიელებმა ეს სიტყვები გაიგეს, მათ იგი სიხარულით მიიღეს; და უთხრეს: მოგვეცი შენი ღვინო, რათა შევსვათ; გვიხარია, რომ ღვინო მოიტანე, რადგან ძალიან დაღლილები ვართ.

10 მაგრამ ლამანმა უთხრა: მოდით შევინახოთ ჩვენი ღვინო, სანამ ნეფიელებთან საბრძოლველად არ წავალთ. მაგრამ ამ სიტყვებმა მათში ღვინის დალევის უფრო დიდი სურვილი გამოიწვია;

11 რადგან მათ თქვეს: დაღლილები ვართ, ამიტომ მოდით შევსვათ ეს ღვინო და მოგვიანებით ღვინოს მოგვცემენ ულუფად, რომელიც გაგვაძლიერებს ნეფიელთა წინააღმდეგ საბრძოლველად.

12 და ლამანმა მათ უთხრა: როგორც გსურთ, ისე მოიქეცით.

13 და იყო ასე, რომ მათ უხვად ღვინო დალიეს; და საამო იყო მათთვის მისი გემო, ამიტომ, უფრო უხვად მიიღეს; და ის იყო მაგარი, იყო რა დამზადებული სიმაგრით.

14 და იყო ასე, ისინი სვამდნენ და მხიარულობდნენ და ნელ-ნელა ყველანი დათვრნენ.

15 და ახლა, როდესაც ლამანმა და მისმა ჯარისკაცებმა ნახეს, რომ ყველანი დათვრნენ და დაიძინეს, დაბრუნდნენ მორონისთან და უთხრეს ყველაფერი, რაც მოხდა.

16 და ახლა, ეს იყო მორონის ჩანაფიქრის მიხედვით. და მორონიმ მოამზადა თავისი ჯარისკაცები საომარი იარაღით; და ქალაქ გიდში შევიდა იმ დროს, როდესაც მთვრალ ლამანიელებს ღრმად ეძინათ და ტყვეებს იმდენი საომარი იარაღი მიაწოდეს, რომ ყველა შეიარაღდა;

17 დიახ, მათი ქალებიც და ყველა ბავშვი, ვისაც საომარი იარაღის ტარება შეეძლოთ, მორონი ყველა დატყვევებულს აიარაღებდა; და ეს ყველაფერი მოხდა სრულ სიჩუმეში.

18 მაგრამ ლამანიელები თუნდაც რომ გაეღვიძებინათ, აჰა, მთვრალები იყვნენ და ნეფიელებს მათი მოკვლა შეეძლოთ.

19 მაგრამ, აჰა, ეს არ სურდა მორონის; იგი არ ხარობდა მკველობებითა და სისხლისღვრით, არამედ ხარობდა თავისი ხალხის განადგურებისგან გადარჩენით; და რადგან არ სურდა უსამართლობის თავის თავზე აღება, არ ესხმოდა ლამანიელებს და არ ანადგურებდა მათ სიმთვრალის დროს.

20 მაგრამ, მაინც მიაღწია საკუთარ საწადელს; რადგან შეაიარაღა ის დატყვევებული ნეფიელები, რომლებიც ქალაქის კედლებს შიგნით იყვნენ და მისცა ძალა, დაუფლებოდნენ ქალაქის იმ ნაწილებს, რომლებიც კედლებს შიგნით მდებარეობდა.

21 და შემდეგ მან უბრძანა ჯარისკაცებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ, უკან დაეხიათ და ლამანიელებისთვის ალყა შემოერტყათ.

22 ახლა, აჰა, ეს გაკეთდა ღამით, ასე რომ, როდესაც ლამანიელებმა დილით გაიღვიძეს, დაინახეს, რომ ნეფიელების ალყაში იყვნენ გარედან და მათი ტყვეები შეიარაღებულნი იყვნენ შიგნით.

23 და ასე მათ იხილეს, რომ ნეფიელებს მათზე უპირატესობა ჰქონდათ; და ასეთ პირობებში მიხვდნენ, რომ არ იყო მიზანშეწონილი ნეფიელებთან ბრძოლა; ამიტომ, მათმა მთავარსარდლებმა ამოიღეს საომარი იარაღი, წინ გამოვიდნენ და დაყარეს ის ნეფიელთა ფეხებთან, ევედრებოდნენ რა შეწყალებას.

24 ახლა, აჰა, ეს სურდა მორონის. მან ისინი დაატყვევა და ქალაქს დაეუფლა და ბრძანა, რომ ყველა დატყვევებული ნეფიელი განთავისუფლებულიყო და ისინი მორონის ჯარს შეუერთდნენ და მისი ჯარისთვის დიდ ძალას წარმოადგენდნენ.

25 და იყო ასე, რომ მან უბრძანა დატყვევებულ ლამანიელებს, რომ დაეწყოთ მუშაობა ქალაქ გიდის გარშემო გამაგრებების გასამტკიცებლად.

26 და იყო ასე, რომ, როდესაც გაამაგრა ქალაქი გიდი, თავისი სურვილისამებრ, მან ბრძანა, ტყვეები წაეყვანათ ქალაქ ბარაქიანში; და იმ ქალაქსაც იგი იცავდა განსაკუთრებით დიდი ძალებით.

27 და იყო ასე, რომ მათ მოახერხეს, ლამანიელთა ყველა ინტრიგის მიუხედავად, შეენახათ და დაეცვათ ყოველი ტყვე, რომელიც აიყვანეს, ასევე მთელი მიწა და უპირატესობა, რომელიც დაიბრუნეს.

28 და იყო ასე, რომ ნეფიელებმა კვლავ იწყეს გამარჯვება და უკან დაიბრუნეს თავიანთი უფლებები და უპირატესობები.

29 მრავალჯერ შეეცადნენ ლამანიელები ღამით მათი ალყაში მოქცევას, მაგრამ ამ მცდელობებისას მრავალი ტყვედ დაკარგეს.

30 და მრავალჯერ შეეცადნენ ნეფიელებისთვის ღვინის შეთავაზებას, რათა ისინი შხამით ან სიმთვრალით გაენადგურებინათ.

31 მაგრამ, აჰა, ნეფიელები არ იყვნენ ზანტნი უფლის, თავიანთი ღმერთის, გახსენებაში გაჭირვების ჟამს. შეუძლებელი იყო მათი მახეებში შეტყუება; დიახ, არ იგემებდნენ მათ ღვინოს, სანამ მას რომელიმე ლამანიელ ტყვეს არ მისცემდნენ.

32 და ასეთი წინდახედულები იყვნენ, რომ მათ შორის რაიმე შხამი არ გავრცელებულიყო; რადგან, თუ ლამანიელს მოწამლავდა მათი ღვინო, ის ნეფიელებსაც მოწამლავდა; და ასე ამოწმებდნენ ისინი ყოველგვარ თავიანთ სასმელს.

33 და ახლა, იყო ასე, რომ მორონის უნდა დაეწყო ქალაქ მორიანტონის შეტევისთვის მზადება; რადგან, აჰა, ლამანიელებმა, თავიანთი შრომით, გაამაგრეს ქალაქი მორიანტონი და ის ძალზედ ძლიერ სიმაგრედ იქცა.

34 და მათ განუწყვეტლივ მოჰყავდათ იმ ქალაქში ახალი ძალები, ასევე სურსათ-სანოვაგის ახალი მარაგი.

35 და ასე დასრულდა ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის ოცდამეცხრე წელი.