თავი 63
შიბლონი და მოგვიანებით ჰელამანი ეუფლებიან წმინდა ჩანაწერებს. მრავალი ნეფიელი გაემგზავრება ჩრდილოეთ მიწისკენ. ჰაგოთი გემებს აშენებს, რომლებიც დასავლეთ ზღვაში ივლიან. მორონიჰა ბრძოლაში ამარცხებს ლამანიელებს. დაახლოებით 56–52 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და იყო ასე, რომ ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის ოცდამეთექვსმეტე წელს, შიბლონი დაეუფლა იმ წმინდა საგნებს, რომლებიც ალმას მიერ ჰელამანს გადაეცა.
2 და იგი იყო მართალი კაცი და უბიწოდ დადიოდა ღმერთის წინაშე და მუდამ ცდილობდა სიკეთე ეკეთებინა, რათა უფლის, თავისი ღმერთის, მცნებები დაეცვა; და ასე იქცეოდა მისი ძმაც.
3 და იყო ასე, რომ მორონიც გარდაიცვალა. და ასე დასრულდა მოსამართლეთა მმართველობის ოცდამეთექვსმეტე წელი.
4 და იყო ასე, მოსამართლეთა მმართველობის ოცდამეჩვიდმეტე წელს, ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომელთა რაოდენობა აღწევდა ხუთი ათას ოთხას კაცს თავიანთი ცოლებითა და შვილებით, გაემგზავრა ზარაჰემლას მიწიდან მიწისკენ, რომელიც მდებარეობდა ჩრდილოეთით.
5 და იყო ასე, რომ ჰაგოთი, იყო რა ძალზედ ცნობისმოყვარე კაცი, წავიდა და ააშენა ძალზედ დიდი გემი მიწა ბარაქიანის საზღვრებთან, მიწა აოხრებულთან და ჩაუშვა იგი დასავლეთ ზღვაში, ხმელეთის იმ ვიწრო ყელთან, რომელიც გადიოდა ჩრდილოეთ მიწისკენ.
6 და აჰა, იყო მრავალი ნეფიელი, რომელიც ავიდა მასზე და გაემგზავრა სურსათის დიდი მარაგით, ასევე მრავალი ქალი და ბავშვი; და მათ გეზი აიღეს ჩრდილოეთისკენ. და ასე დასრულდა ოცდამეჩვიდმეტე წელი.
7 და ოცდამეთვრამეტე წელს ამ კაცმა ააშენა კიდევ სხვა გემები. და ასევე დაბრუნდა პირველი გემი და უფრო მეტი ხალხი ავიდა მასზე; და მათაც ასევე აიღეს ბევრი სურსათი და კვლავ ჩრდილოეთისკენ გაემგზავრნენ.
8 და იყო ასე, რომ მათ შესახებ მეტი აღარავის სმენია. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი ზღვის სიღრმეებში ჩაიძირნენ. და იყო ასე, რომ კიდევ ერთი გემი გაემგზავრა და საით წავიდა ის, ჩვენ არ ვიცით.
9 და იყო ასე, რომ ამ წელს მრავალი ადამიანი ჩრდილოეთ მიწისკენ წავიდა. და ასე დასრულდა ოცდამეთვრამეტე წელი.
10 და იყო ასე, რომ მოსამართლეთა მმართველობის ოცდამეცხრამეტე წელს, შიბლონიც გარდაიცვალა და კორიანტონი წასული იყო ჩრდილოეთ მიწისკენ გემით, რათა სურსათი მიეტანა იმ ხალხისთვის, რომელიც იმ მიწაზე იყო წასული.
11 ამიტომ, შიბლონისთვის აუცილებელი გახდა, რომ წმინდა საგნები დაემტკიცებინა ჰელამანის შვილზე, რომელსაც ერქვა ჰელამანი, ერქვა რა მამამისის სახელი.
12 ახლა, აჰა, ყველა ის გრავიურა, რომელიც ჰელამანის მფლობელობაში იყო, გადაიწერა და გაეგზავნა ადამიანთა შვილებს მთელ მიწაზე, გარდა იმ ნაწილებისა, რომლებიც, ალმას ბრძანებით, არ უნდა გაეგზავნათ.
13 მიუხედავად ამისა, ეს საგნები წმინდად უნდა შენახულიყო და გადაცემულიყო ერთი თაობიდან მეორეზე; ამიტომ, ამ წელს, შიბლონის გარდაცვალების წინ, ისინი დამტკიცდა ჰელამანზე.
14 და იყო ასე, ამ წელს ასევე იყვნენ ზოგიერთი განდგომილები, რომლებიც ლამანიელებისკენ გადავიდნენ. და მათში კვლავ გაღვივდა წყრომა ნეფიელთა წინააღმდეგ.
15 და ასევე, ამავე წელს, ისინი მოვიდნენ მრავალრიცხოვანი ჯარით მორონიჰას ხალხის წინააღმდეგ საომრად ანუ მორონიჰას ჯარის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ისინი დაამარცხეს, მიაყენეს დიდი დანაკარგი და უკუაგდეს საკუთარი მიწებისკენ.
16 და ასე დასრულდა ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის ოცდამეცხრამეტე წელი.
17 და ასე დასრულდა ალმას ამბავი და მისი შვილის, ჰელამანის, და ასევე შიბლონის, რომელიც მისი შვილი იყო.