თავი 26
ამონი ადიდებს უფალს. ერთგულნი ძლიერდებიან უფლის მიერ და მათ ეძლევათ ცოდნა. რწმენით ადამიანს შეუძლია ათასობით სულის მონანიებამდე მიყვანა. ღმერთს აქვს მთელი ძალა და სწვდება ყველაფერს. დაახლოებით 90–77 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და ახლა, ეს არის ამონის სიტყვა თავისი ძმების მიმართ: ჩემო ძმებო და ძმობილებო, აჰა, მე თქვენ გეუბნებით, რაოდენ დიდი მიზეზი გვაქვს სიხარულისთვის, რადგან განა შეგვეძლო წარმოგვედგინა, როდესაც ვიწყებდით ზარაჰემლას მიწიდან, რომ ღმერთი ასეთ დიდ კურთხევებს გვიბოძებდა?
2 და ახლა, მე გეკითხებით, რა დიდი კურთხევები მოავლინა მან ჩვენზე? შეგიძლიათ თქვათ?
3 აჰა, მე ვუპასუხებ თქვენს მაგივრად; ჩვენი ძმები, ლამანიელნი, იყვნენ წყვდიადში, დიახ, უბნელეს უფსკრულში, მაგრამ, აჰა, რამდენი მათგანია მოყვანილი, რათა იხილოს ღმერთის საოცარი სინათლე! და ეს არის ჩვენზედ მოვლენილი კურთხევა, რომ გავხდით იარაღად ღმერთის ხელში, რათა შეგვესრულებინა ეს დიდი საქმე.
4 აჰა, ათასობით მათგანი ხარობს და ღმერთის ფარაში არიან მოყვანილნი.
5 აჰა, მინდორი იყო მომწიფებული და ხართ კურთხეულნი, რადგან იქნევდით ნამგალს და მთელი თქვენი ძალით იმკიდით მოსავალს, დიახ, მთელი დღე შრომობდით; და აჰა, შეხედეთ, რამდენი ძნა შეგიკვრიათ! და ისინი შეგროვდება ბეღელში, რათა არ განიავდეს.
6 დიახ, ისინი არ დაეცემა ქარიშხალში უკანასკნელ დღეს; დიახ, არც გრიგალი არ ჩააგდებს მათ განსაცდელში; არამედ როდესაც ქარიშხალი მოვა, ისინი შეგროვდება ერთად თავის ადგილზე, რათა ქარიშხალმა ვერ ავნოს; დიახ, მათ ვერც საშინელი ქარები ვერ განდევნის იქით, საითაც მტერს სურს მათი წაყვანა.
7 მაგრამ, აჰა, ისინი არიან სამკლის უფლის ხელში და არიან მისი; და ის, უკანასკნელ დღეს, მათ აღამაღლებს.
8 კურთხეული იყოს ჩვენი ღმერთის სახელი; მოდით ვიმღეროთ მისი სადიდებელი, დიახ, მოდით, მადლიერებით აღვავლინოთ მისი წმინდა სახელი, რადგან იგი აღასრულებს სამართალს სამარადისოდ.
9 რადგან ჩვენ რომ არ წავსულიყავით ზარაჰემლას მიწიდან, ეს ჩვენი ძალზედ საყვარელი ძმები, რომლებმაც ასე ძლიერად შეგვიყვარეს, კვლავ ეწამებოდნენ ჩვენს მიმართ სიძულვილის გამო, დიახ, და ასევე იქნებოდნენ უცხონი ღმერთისათვის.
10 და ეს იყო ასე, რომ როდესაც ამონმა თქვა ეს სიტყვები, მისმა ძმამ, აარონმა, უსაყვედურა, სიტყვებით: ამონ, მე ვშიშობ, რომ შენ სიხარულს მიჰყევხარ ტრაბახისკენ.
11 მაგრამ ამონმა მიუგო: მე არ ვტრაბახობ არც ჩემი ძალით და არც ჩემი სიბრძნით; მაგრამ, აჰა, ჩემი სიხარული არის სრული, დიახ, გული პირამდე ამევსო სიხარულით და გავიხარებ ჩემს ღმერთში.
12 დიახ, ვიცი, რომ ვარ არარაობა; ხოლო რაც შეეხება ჩემს ძალას, ვარ სუსტი; ამიტომ, არ ვტრაბახობ საკუთარი თავით, მაგრამ ვიტრაბახებ ჩემი ღმერთით, რადგან მისი ძალით შემიძლია ყველაფრის გაკეთება; დიახ, აჰა, მრავალი ძლიერი სასწაული მოვახდინეთ ამ მიწაზე, რის გამოც ჩვენ სამუდამოდ განვადიდებთ მის სახელს.
13 აჰა, რამდენი ათასი ჩვენი ძმა გამოეხსნა ჯოჯოხეთის ტკივილს; და მოყვანილნი არიან, რათა იგალობონ გამომსყიდველი სიყვარული და ეს მისი სიტყვის ძალის გამო, რომელიც არის ჩვენში, ამიტომ, ნუთუ არ გვაქვს დიდი სიხარულის მიზეზი?
14 დიახ, ჩვენ გვაქვს მიზეზი, ვადიდოთ იგი მარადის, რადგან ის არის უზენაესი ღმერთი და მან ჩვენი ძმები ჯოჯოხეთის ჯაჭვებისგან გამოიხსნა.
15 დიახ, ისინი გარშემორტყმულნი იყვნენ მარადიული წყვდიადითა და განადგურებით; მაგრამ, აჰა, მან ისინი მოიყვანა მარადიულ სინათლეში, დიახ, მარადიულ ხსნაში და გარშემორტყმულნი არიან მისი უბადლო სიყვარულის მადლით; დიახ, და ჩვენ ვიყავით იარაღი მის ხელში, ამ დიადი და საოცარი საქმის კეთებისას.
16 ამიტომ, მოდით ვადიდოთ, დიახ, ჩვენ ვადიდებთ უფალს; დიახ, გავიხარებთ, რადგან ჩვენი სიხარული არის სავსე; დიახ, ჩვენ სამუდამოდ ვადიდებთ ჩვენს ღმერთს. აჰა, ვის შეუძლია, ზედმეტად ადიდოს უფალი? დიახ, ვის შეუძლია, თქვას მეტისმეტი მის დიდ ძალაზე და მის წყალობაზე და მის სულგრძელობაზე ადამიანთა შვილების მიმართ? აჰა, მე თქვენ გეუბნებით, მე მცირედის თქმაც კი არ შემიძლია იმისა, რასაც ვგრძნობ.
17 ვის შეეძლო ეფიქრა, რომ ჩვენი ღმერთი იქნებოდა ისეთი მოწყალე, რომ ამოგვიყვანდა ჩვენი საშინელი ცოდვით სავსე დაბინძურებული მდგომარეობიდან?
18 აჰა, ჩვენ წინ წავედით, განრისხებულნი, მძვინვარე მუქარითაც კი, მისი ეკლესიის გასანადგურებლად.
19 რატომ არ გაგვწირა საშინელი განადგურებისათვის, დიახ, რატომ არ დაგვეცა მისი სამართლის მახვილი და არ გაგვწირა მარადიული სასოწარკვეთილებისათვის?
20 თითქმის სული მეპარება ამაზე ფიქრისას. აჰა, მან არ გამოიყენა თავისი სამართალი ჩვენზე, არამედ მისი დიდი წყალობით გადაგვიყვანა სიკვდილისა და უბედურების მარადიულ უფსკრულზე ჩვენი სულების გამოსახსნელად.
21 და ახლა, აჰა, ჩემო ძმებო, რომელმა ხორციელმა ადამიანმა იცის ეს? მე გეუბნებით, არცერთმა არ იცის, მომნანიებლის გარდა.
22 დიახ, ის, რომელიც ინანიებს და ავლენს რწმენას და აკეთებს კეთილ საქმეებს, ლოცულობს მუდმივად, განუწყვეტლივ – ასეთს ებოძება ცოდნა ღმერთის საიდუმლოებების შესახებ; დიახ, ასეთს ებოძება იმის გამოცხადების ძღვენი, რაც არასდროს გამოცხადებულა; დიახ, ებოძება ეს ძღვენი, რათა ათასობით სული მოიყვანოს მონანიებამდე, როგორც გვებოძა ეს ძღვენი, რათა მიგვეყვანა ეს ჩვენი ძმები მონანიებამდე.
23 ახლა, გახსოვთ, ჩემო ძმებო, რა ვუთხარით ჩვენს ძმებს ზარაჰემლას მიწაზე, რომ წავიდოდით ნეფის მიწაზე, რათა გვექადაგა ჩვენი ძმებისთვის, ლამანიელებისთვის; და ისინი ზიზღით დაგვცინოდნენ?
24 რადგან მათ გვითხრეს: ნუთუ გგონიათ, რომ შეძლებთ ლამანიელთა მოყვანას ჭეშმარიტების ცოდნისკენ? ნუთუ გგონიათ, რომ დაარწმუნებთ ლამანიელთ თავიანთი მამების ჩვეულებების სიმცდარეში, ისეთი ქედფიცხელი ხალხისთვის, როგორებიც არიან; რომელთა გულები სისხლისღვრით ხარობენ, რომელთა დღეები გადის უმძიმეს ურჯულოებაში, რომელთა გზა იყო გზა დამნაშავეთა დასაწყისიდანვე? ახლა, ჩემო ძმებო, გახსოვთ, რომ ეს იყო მათი სიტყვები.
25 და ამის გარდა, ისინი ამბობდნენ: მოდით, აღვმართოთ იარაღი მათ წინააღმდეგ, რომ ამ მიწაზე გავანადგუროთ ისინი და მათი ურჯულოება, რათა არ შემოგვესიონ და არ გაგვანადგურონ.
26 მაგრამ, აჰა, ჩემო საყვარელო ძმებო, ჩვენ მოვედით უდაბნოში არა ჩვენი ძმების განადგურების მიზნით, არამედ განზრახვით ეგებ გადაგვერჩინა მათი რამდენიმე სული.
27 როდესაც გული გვქონდა დაღონებული და ლამის უკან გამოვბრუნდით, აჰა, უფალმა დაგვამშვიდა და თქვა: წადით თქვენ ძმებს ლამანიელებს შორის და მოითმინეთ, გადაიტანეთ თქვენი გაჭირვება და გიბოძებთ წარმატებას.
28 და ახლა, აჰა, ჩვენ მოვედით და ვიყავით მათ შორის; და მომთმენნი ვიყავით ჩვენს ტანჯვაში და ვიტანჯებოდით რა ყოველნაირი სიდუხჭირით, დიახ, დავდიოდით სახლიდან სახლში, ვიყავით ქვეყნის მოწყალების ანაბარა, არა მხოლოდ ქვეყნის მოწყალების, არამედ ღვთის მოწყალებისა.
29 და ჩვენ შევდიოდით მათ სახლებში და ვასწავლიდით მათ მათსავე ქუჩებში; დიახ, ვასწავლიდით თავიანთ გორაკებზე, ასევე შევდიოდით მათ ტაძრებში და სინაგოგებში და ვასწავლიდით; და ჩვენ გვაძევებდნენ, დაგვცინოდნენ და გვაფურთხებდნენ, სილას გვაწნიდნენ, ქვებით გვქოლავდნენ და მაგარი თოკებით გვკოჭავდნენ და საპყრობილეში გვყრიდნენ; და ღმერთის ძალითა და სიბრძნით ჩვენ კვლავ ვიქენით გამოხსნილნი.
30 და ჩვენ ვიტანდით ყველანაირ გაჭირვებას და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ვყოფილიყავით რომელიმე სულის გადასარჩენი საშუალება; და ვთვლიდით, რომ ჩვენი სიხარული იქნებოდა სრული, თუ შევძლებდით ვყოფილიყავით ზოგის გადასარჩენი საშუალება.
31 ახლა, აჰა, შეგვიძლია შევხედოთ და დავინახოთ ჩვენი შრომის ნაყოფი; ნუთუ ცოტაა? მე გეუბნებით – არა, ეს ბევრია; და შეგვიძლია დავამოწმოთ მათი გულწრფელობა თავიანთი ძმებისა და ჩვენს მიმართ სიყვარულის გამო.
32 რადგან, აჰა, ისინი უფრო შესწირავენ თავიანთ სიცოცხლეს, ვიდრე ხელს აღმართავენ მტრის სიცოცხლეზე; და მათ ჩამარხეს თავიანთი საომარი იარაღი ღრმად მიწაში, თავიანთი ძმების მიმართ სიყვარულის გამო.
33 და ახლა, აჰა, მე გეუბნებით, იყო თუ არა ასეთი დიდი სიყვარული მთელ მიწაზე? აჰა, მე გეუბნებით: არა, არ ყოფილა, ნეფიელთა შორისაც კი.
34 რადგან, აჰა, ისინი თავის ძმებზე იარაღს აღმართავდნენ, ისინი თავს არ შეაკლავდნენ, მაგრამ, აჰა, რამდენმა ამათთაგანმა შესწირა სიცოცხლე; და ჩვენ ვიცით, რომ ისინი თავიანთ ღმერთთან წავიდნენ, თავიანთი სიყვარულისა და ცოდვისადმი სიძულვილის გამო.
35 ახლა, ნუთუ არ გვაქვს მიზეზი, გავიხაროთ? დიახ, მე გეუბნებით, არ ყოფილა ასეთი ადამიანი, რომელსაც, სიხარულის ჩვენზე უფრო დიდი მიზეზი ჰქონია ქვეყნის დასაბამიდან; დიახ, და ჩემი სიხარული ტრაბახში გადაიზარდა, ჩემი ღმერთის მიმართაც კი, რადგან მას აქვს მთელი ძალა, მთელი სიბრძნე და გონიერება; იგი სწვდება ყველაფერს და არის მოწყალე არსება მათ ხსნისათვის, რომლებიც მოინანიებენ და იწამებენ მის სახელს.
36 ახლა, თუ ეს არის ტრაბახი, მაშინ მე ვიტრაბახებ, რადგან ეს არის ჩემი სიცოცხლე და ჩემი სინათლე, სიხარული და ხსნა და ჩემი გამოსყიდვა მარადიული ვარამიდან. დიახ, კურთხეულია ჩემი ღმერთის სახელი, რომელიც ზრუნავს საკუთარ ხალხზე, რომელიც არის ისრაელის ხის ყლორტი და ხიდან მოტეხილ იქნა უცხო მიწაზე; დიახ, მე ვამბობ – კურთხეული იყოს ჩემი ღმერთის სახელი, რომელიც ზრუნავს ჩვენზე – უცხო მიწაზე მოხეტიალეებზე.
37 ახლა, ჩემო ძმებო, ჩვენ ვხედავთ, რომ ღმერთი ზრუნავს ყოველ ხალხზე, რომელ მიწაზეც არ უნდა იყვნენ ისინი; დიახ, ის ითვლის საკუთარ ხალხს და მისი წიაღი აღსავსეა წყალობით მთელი დედამიწისათვის. ახლა, ეს არის ჩემი სიხარული და დიდი მადლიერება; დიახ, მე ჩემი ღმერთის უკუნისამდე მადლიერი ვიქნები. ამინ.