წმინდა წერილი
ალმა 58


თავი 58

ჰელამანი, გიდი და ტეომნერი სამხედრო ფანდით იღებენ ქალაქ მანტის. ლამანიელები უკან იხევენ. ამონის ხალხის შვილები არიან დაცულნი, როდესაც მტკიცედ დგანან თავისუფლებისა და სარწმუნოების სადარაჯოზე. დაახლოებით 63–62 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და აჰა, ჩვენი შემდეგი მიზანი იყო ქალაქ მანტის აღება; მაგრამ, აჰა, არანაირი საშუალება არ იყო, რომ ისინი ქალაქიდან გამოგვეყვანა ჩვენი პატარა რაზმებით. რადგან, აჰა, მათ ახსოვდათ, რაც მანამდე გავაკეთეთ; ამიტომ, ვერ შევძელით გამაგრებებიდან მათი გამოტყუება.

2 და ისინი იმდენად აღემატებოდნენ ჩვენს ჯარს რიცხობრივად, რომ ვერ ვბედავდით წინ გამოსვლას და მათზე მათსავე გამაგრებებზე თავდასხმას.

3 დიახ, საჭირო გახდა, რომ ჩვენი ხალხი გამოგვეყენებინა მიწის იმ ნაწილების დასაცავად, რომლებიც დავიბრუნეთ მფლობელობაში; ამიტომ, საჭირო გახდა, რომ დავლოდებოდით, რათა მიგვეღო მეტი ძალები ზარაჰემლას მიწიდან, ასევე სურსათ-სანოვაგის ახალი მარაგი.

4 და იყო ასე, რომ ამის გამო ჩვენი მიწის მმართველთან ელჩი გავაგზავნე, რათა შეგვეტყობინებინა მისთვის ჩვენი ხალხის მდგომარეობა. და იყო ასე, რომ ზარაჰემლას მიწიდან სურსათ-სანოვაგესა და ძალებს დაველოდეთ.

5 მაგრამ, აჰა, ამან მხოლოდ მცირეოდენი სარგებელი მოგვიტანა; რადგან ლამანიელებიც ასევე ყოველდღიურად დიდ ძალებს იღებდნენ, ასევე ბევრ სურსათ-სანოვაგეს; და ასეთი იყო იმჟამად ჩვენი მდგომარეობა.

6 და ლამანიელები ხანდახან გვიტევდნენ, ჰქონდათ რა გადაწყვეტილი სამხედრო ფანდით ჩვენი განადგურება; ამისდა მიუხედავად, მათი თავშესაფრებისა და გამაგრებების გამო, ვერ ვახერხებდით მათთან ბრძოლის დაწყებას.

7 და იყო ასე, რომ ასეთ მძიმე პირობებში მოგვიწია ლოდინი მრავალი თვის განმავლობაში, სანამ ლამის არ დავიღუპეთ საკვების უკმარისობის გამო.

8 მაგრამ, იყო ასე, რომ მივიღეთ საკვები, რომელიც ჩვენ დასახმარებლად ორი ათასი ჯარისკაცის დაცვით მოგვიტანეს; და ეს იყო მთელი დახმარება, რაც მივიღეთ, რათა მტრის ხელში ჩავარდნისგან გადაგვერჩინა თავი და სამშობლო, დიახ, რომ დავპირისპირებოდით მტერს, რომელიც უთვალავი იყო.

9 და ახლა, ჩვენი სირთულეების მიზეზი ანუ მიზეზი იმისა, რომ არ გამოგვიგზავნეს მეტი ძალა, ჩვენთვის არ იყო ცნობილი; ამიტომ, ვიყავით დამწუხრებულნი და შიშით აღვსილნი, რომ ჩვენს მიწას არ მოვლენოდა ღვთის განაჩენი ჩვენს დასაქცევად და მთლიანად გასანადგურებლად.

10 ამიტომ, ღმერთისადმი ლოცვაში იღვრებოდა ჩვენი სული, რათა განვემტკიცებინეთ და გამოვეხსენით მტრის ხელიდან, დიახ, ასევე მოეცა ძალა, რათა შეგვენარჩუნებინა ქალაქები და მიწები და ქონება ჩვენი ხალხის მხარდასაჭერად.

11 დიახ, იყო ასე, რომ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ჩაგვისახა იმედი, რომ გამოგვიხსნიდა; დიახ, მშვიდობა აუწყა ჩვენს სულებს და გვიბოძა დიდი რწმენა და გვიბრძანა, რომ მასში გვქონოდა ჩვენი გამოხსნის იმედი.

12 და გავმხნევდით იმ მცირე ძალით, რომელიც მივიღეთ და გამბედაობით აღვივსეთ, რათა დაგვეძლია მტერი და შეგვენარჩუნებინა მიწები, ქონება და ცოლ-შვილი და ჩვენი თავისუფლების საქმე.

13 და ასე გამოვედით წინ, მთელი ჩვენი ძალით, ლამანიელთა წინააღმდეგ, რომლებიც ქალაქ მანტიში იყვნენ; და კარვები გავშალეთ უდაბნოს ნაპირთან, რომელიც იყო ქალაქთან ახლოს.

14 და იყო ასე, რომ მომდევნო დღეს, როდესაც ლამანიელებმა იხილეს, რომ უდაბნოს საზღვრებთან ვიმყოფებოდით, რომლებიც ქალაქთან ახლოს იყო, მათ მოაგზავნეს მზვერავები ჩვენ გარშემო, რათა გაეგოთ ჩვენი ჯარის რაოდენობა და სიძლიერე.

15 და იყო ასე, რომ, როდესაც იხილეს, რომ არ ვიყავით ძლიერნი რიცხობრივად და ეშინოდათ რა, რომ მოვკვეთდით მათი დახმარებიდან, თუ არ გამოვიდოდნენ ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად და არ დაგვხოცავდნენ და ასევე ეგონათ რა, რომ ადვილად გაგვანადგურებდნენ თავიანთი უთვალავი ჯარით, ამიტომ დაიწყეს მზადება ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად.

16 და როდესაც ვიხილეთ, რომ ამზადებდნენ სამზადისს, რათა ჩვენ წინააღმდეგ გამოსულიყვნენ, აჰა, მე გიდს ვუბრძანე, ჯარისკაცების მცირე რაზმით დამალულიყო უდაბნოში, ასევე ტეომნერიც მცირე რაზმით უნდა დამალულიყო უდაბნოში.

17 ახლა გიდი და მისი ჯარისკაცები იყვნენ მარჯვნივ და დანარჩენები მარცხნივ; და როდესაც ისინი ამგვარად დაიმალნენ, აჰა, დავრჩი ჩემი ჯარის ნაწილით იმავე ადგილზე, სადაც თავდაპირველად კარვები გავშალეთ, ველოდებოდით რა, როდის გამოვიდოდნენ ლამანიელები საბრძოლველად.

18 და იყო ასე, რომ ლამანიელები გამოვიდნენ თავიანთი უთვალავი ჯარით ჩვენ წინააღმდეგ. და როდესაც ისინი მოგვიახლოვდნენ და ლამის ხმლებით თავს დაგვესხნენ, მე ვუბრძანე ჯარისკაცებს, რომლებიც ჩემთან იყვნენ, რომ დაეხიათ უკან უდაბნოსკენ.

19 და იყო ასე, რომ ლამანიელები უკან დიდი სისწრაფით დაგვედევნენ, რადგან ძალზედ დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ დასახოცად შევეპყარით; ამიტომ, უდაბნოში გამოგვყვნენ და ჩვენ გიდისა და ტეომნერის შუაში გავიარეთ, იმგვარად, რომ ლამანიელებს ისინი ვერ შეენიშნათ.

20 და იყო ასე, რომ როდესაც ლამანიელებმა ჩაიარეს ანუ როდესაც მათმა ჯარმა ჩაიარა, გიდი და ტეომნერი გამოვიდნენ თავიანთი სამალავებიდან და გზა გადაუჭრეს ლამანიელთა მზვერავებს, რათა უკან ქალაქში ვერ დაბრუნებულიყვნენ.

21 და იყო ასე, რომ როდესაც გზა გადაუჭრეს, შემდეგ გაიქცნენ ქალაქისკენ და თავს დაესხნენ გუშაგებს, რომლებიც ქალაქის დასაცავად იყვნენ დატოვებულნი, ისე, რომ გაანადგურეს გუშაგები და ქალაქი აიღეს.

22 ახლა, ასე მოხდა იმის გამო, რომ ლამანიელებმა დაუშვეს, რომ მთელი მათი ჯარი, გარდა რამდენიმე გუშაგისა, უდაბნოში გაიტყუეს.

23 და იყო ასე, რომ გიდი და ტეომნერი ასეთი ხერხით დაეუფლნენ მათ გამაგრებებს. და იყო ასე, რომ უდაბნოში დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ, გეზი ავიღეთ ზარაჰემლას მიწისკენ.

24 და როდესაც ლამანიელებმა იხილეს, რომ ზარაჰემლას მიწისკენ მიემართებოდნენ, მათ ძალზედ შეეშინდათ, რათა ამგვარად არ ყოფილიყო დაგეგმილი მათი განადგურება; ამიტომ, მათ უკან უდაბნოსკენ დაიწყეს დახევა, დიახ, იმავე გზით, რომლითაც მოვიდნენ.

25 და აჰა, დაღამდა და მათ გაშალეს კარვები, რადგან ლამანიელთა მთავარსარდლებს ეგონათ, რომ ნეფიელები დაიღალნენ ლაშქრობით; და ეგონათ, რომ მისდევდნენ მათ მთელ ჯარს, ამიტომ ქალაქ მანტიზე აღარ ფიქრობდნენ.

26 ახლა, იყო ასე, რომ, როდესაც დაღამდა, მე ვუბრძანე ჩემს ჯარისკაცებს, არ დაეძინათ და მიწა მანტისკენ სხვა გზით წავსულიყავით.

27 და ჩვენი ღამის ლაშქრობის გამო, აჰა, მომდევნო დღეს, ლამანიელებს გავცდით, ისე რომ ქალაქ მანტიში მათზე ადრე მივედით.

28 და იყო ასე, რომ ამ სამხედრო ფანდით ჩვენ ავიღეთ ქალაქი მანტი სისხლისღვრის გარეშე.

29 და იყო ასე, რომ როდესაც ლამანიელთა ჯარები ქალაქთან მივიდნენ და იხილეს, რომ მომზადებულები ვიყავით მათ დასახვედრად, ისინი ძალზედ გაოცდნენ და შიშის თავზარი დაეცათ, ისე, რომ უდაბნოში გაიქცნენ.

30 და იყო ასე, რომ ლამანიელთა ჯარები გაიქცნენ მთელი მიწის ამ ნაწილიდან. მაგრამ, აჰა, მიწიდან მათ თან წაიყვანეს მრავალი ქალი და ბავშვი.

31 და ის ქალაქები, რომლებიც აღებული ჰქონდათ ლამანიელებს, ყოველი მათგანი, ამჟამად ჩვენს მფლობელობაშია; და ჩვენი მამები, ქალები და ბავშვები უბრუნდებიან თავიანთ სახლებს – ყველანი, მათ გარდა, რომლებიც ლამანიელებმა დაატყვევეს და თან წაიყვანეს.

32 მაგრამ, აჰა, ჩვენი ჯარები იყო მცირერიცხოვანი, რათა დაგვეცვა ასეთი დიდი რაოდენობის ქალაქი და მამული.

33 მაგრამ, აჰა, ჩვენ ვანდობთ სასოებას ჩვენს ღმერთს, რომელმაც ამ მიწებზე გვიბოძა გამარჯვება, ასე რომ, დავიბრუნეთ ის ქალაქები და ის მიწები, რომლებიც ჩვენი საკუთრება იყო.

34 ახლა, ჩვენ არ ვიცით, რა მიზეზით არ გვაძლევს მეტ ძალას ხელისუფლება; არც იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ, არ იციან, რატომ არ ვიღებთ მეტ ძალას.

35 აჰა, არ ვიცით, მაგრამ შეიძლება წარუმატებლები ხართ და მიიზიდეთ ძალები მიწის იმ ნაწილში; თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ არ გვაქვს სურვილი ბუზღუნისა.

36 და თუ ეს ასე არ არის, აჰა, ჩვენ ვშიშობთ, რომ ხელისუფლებაში არის რაღაც განხეთქილება, რადგან არ გვიგზავნიან მეტ ჯარისკაცებს დასახმარებლად; ვინაიდან ვიცით, რომ არიან მათზე უფრო მრავალრიცხოვანნი, რომლებიც გამოგვიგზავნეს.

37 მაგრამ, აჰა, ამას არ აქვს მნიშვნელობა – ჩვენ გვწამს, რომ ღმერთი გამოგვიხსნის ჩვენი ჯარების სისუსტის მიუხედავად. დიახ, გამოგვიხსნის მტრის ხელიდან.

38 აჰა, ეს არის ოცდამეცხრე წლის დასასრული და ჩვენს მიწებს დავეუფლეთ; და ლამანიელები ნეფის მიწისკენ გაიქცნენ.

39 და ამონის ხალხის ის შვილები, რომლებიც ასე დიდებულად მოვიხსენიე, ჩემთან არიან ქალაქ მანტიში და უფალი დაეხმარა მათ, დიახ, დაიცვა ისინი მახვილისაგან დაცემისგან ისე, რომ არცერთი სული არ დაღუპულა.

40 მაგრამ, აჰა, მათ მიიღეს მრავალი ჭრილობა, მიუხედავად ამისა მტკიცედ დგანან იმ თავისუფლებაში, რომლითაც ღმერთმა ისინი გაანთავისუფლა; დიახ, ყოველდღიურად ბეჯითად იხსენებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, დიახ, გამუდმებით იცავენ მის წესებს, განაჩენებსა და მცნებებს; და მათი რწმენა მომავლის შესახებ წინასწარმეტყველებებში მტკიცეა.

41 და ახლა, ჩემო საყვარელო ძმაო მორონი, დაე, დაგიცვას უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, რომელმაც გამოგვისყიდა და გაგვანთავისუფლა, მარად გამყოფოს თავის გარემოცვაში; დიახ, დაე, მოიწონოს ეს ხალხი, დიახ, რათა წარმატება გქონდეთ ყველაფრის დაუფლებაში, რაც ლამანიელებმა წაგვართვეს, რაც ჩვენს სარჩენად იყო. და ახლა, აჰა, მე ვასრულებ ჩემს წერილს. მე ვარ ჰელამანი, ალმას შვილი.