თავი 22
აარონი ასწავლის ლამონის მამას შექმნის, ადამის დაცემის და ქრისტეს მეშვეობით გამოსყიდვის გეგმის შესახებ. მეფე და მთელი მისი ოჯახი რწმენაში მოიქცევიან. განმარტებულია მიწის გაყოფა ნეფიელთა და ლამანიელთა შორის. დაახლოებით 90–77 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 ახლა, როდესაც ამონი ამგვარად განუწყვეტლივ ასწავლიდა ლამონის ხალხს, ჩვენ დავუბრუნდებით აარონისა და მისი ძმების ჩანაწერებს; რადგან მას შემდეგ, რაც იგი გაემგზავრა მიდონის მიწიდან, მას მიუძღვოდა სული ნეფის მიწისაკენ, მეფის სახლამდეც კი, რომელიც მმართველობდა მთელს მიწაზე, ისმაელის მიწის გარდა; და იგი იყო ლამონის მამა.
2 და ეს იყო ასე, რომ იგი შევიდა მასთან მეფის სასახლეში თავის ძმებთან ერთად და ქედი მოიხარა მეფის წინაშე და უთხრა: აჰა, მეფეო, ჩვენ ვართ ამონის ძმები, რომლებიც შენ საპყრობილიდან გამოიხსენი.
3 და ახლა, მეფევ, თუ შენ დაინდობ ჩვენს სიცოცხლეს, ვიქნებით შენი მსახურნი. და მეფემ მათ უთხრა: წამოდექით, რადგან მე გიბოძებთ სიცოცხლეს და არ დავუშვებ, რომ თქვენ იყოთ ჩემი მსახურნი; მაგრამ მე მოვითხოვ, რომ დამეხმაროთ; რადგან ფიქრებში შეცბუნებული ვარ თქვენი ძმის, ამონის სულგრძელობისა და მისი სიტყვების დიდების გამო; და მე მსურს ვიცოდე, რა მიზეზით არ მოვიდა იგი მიდონიდან თქვენთან ერთად.
4 და აარონმა უთხრა მეფეს: აჰა, უფლის სულმა მას მოუწოდა სხვა გზისკენ; იგი წავიდა ისმაელის მიწაზე, რათა ასწავლოს ლამონის ხალხს.
5 ახლა, მეფემ მათ უთხრა: რა თქვით უფლის სულის შესახებ? აჰა, ეს არის ის, რაც მე მაწუხებს.
6 და ასევე, რა არის ის, რაც ამონმა თქვა: თუ მოინანიებთ – გადარჩებით და თუ არ მოინანიებთ – გაძევებულნი იქნებით უკანასკნელ დღეს?
7 და აარონმა უპასუხა და უთხრა: თუ გწამს, რომ ღმერთი არსებობს? და მეფემ თქვა: მე ვიცი, ამალეკიელები ამბობენ, რომ ღმერთი არსებობს და მე ნება დავრთე მათ, აეშენებინათ სამლოცველოები, რათა ერთად შეკრებილიყვნენ, რომ თაყვანი ეცათ მისთვის. და თუ შენ ამბობ, რომ ღმერთი არსებობს – აჰა მე ვიწამებ.
8 და ახლა, როდესაც აარონმა ეს მოისმინა, მისმა გულმა გაიხარა და მან თქვა; აჰა, ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც შენ ხარ ცოცხალი, მეფეო, ასევე არსებობს ღმერთი.
9 და მეფემ თქვა: ნუთუ ღმერთი არის ის დიადი სული, რომელმაც გამოიყვანა ჩვენი მამები იერუსალიმიდან?
10 და აარონმა მას უთხრა: დიახ, ის არის ის დიადი სული და მან შექმნა ყველაფერი როგორც ზეცაში, ასევე მიწაშიც. გწამს ამის?
11 და მან თქვა: დიახ, მე მწამს, რომ დიადმა სულმა შექმნა ყველაფერი და მე მსურს, რომ შენ მომიყვე ამ ყველაფრის შესახებ და მე ვიწამებ შენს სიტყვებს.
12 და იყო ასე: როდესაც აარონმა დაინახა, რომ მეფე იწამებს მის სიტყვებს, მან დაიწყო ადამის შექმნიდან, უკითხავდა რა მეფეს წმინდა წერილებს, თუ როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანი საკუთარ ხატად და რომ ღმერთმა მისცა მას მცნებები და რომ შეცოდების გამო ადამიანი დაეცა.
13 და აარონი უხსნიდა მას წმინდა წერილებს ადამის შექმნიდან, განუმარტავდა რა ადამიანის დაცემასა და მის ხორციელ მდგომარეობას და ქრისტეს მეშვეობით გამოსყიდვის გეგმას, რომელიც მომზადებული იყო ქვეყნის დასაბამიდან, ყველასთვის, ვინც იწამებს მის სახელს.
14 და ვინაიდან ადამიანი დაეცა, მას არ შეეძლო თავად დაემსახურებინა რაიმე; მაგრამ ქრისტეს ტანჯვა და სიკვდილი გამოისყიდის მათ ცოდვებს რწმენითა და მონანიებით და ასე შემდეგ; და რომ ის დაამსხვრევს სიკვდილის ბორკილებს, რათა საფლავმა არ გაიმარჯვოს, რათა სიკვდილის ნესტარი შთაინთქას დიდების იმედში; და აარონმა ეს ყველაფერი მეფეს აუხსნა.
15 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც აარონმა მას აუხსნა ეს ყველაფერი, მეფემ თქვა: რა უნდა გავაკეთო, რომ ვიქონიო მარადიული სიცოცხლე, რომლის შესახებაც შენ ლაპარაკობდი? დიახ, რა უნდა მოვიმოქმედო, რომ ღვთისგან ვიშვა, მკერდიდან ამ ბოროტი სულის მოსათხრელად და მივიღო მისი სული, რათა აღვივსო სიხარულით, რომ უკანასკნელ დღეს არ ვიქნა გაძევებული? აჰა, მან თქვა: მე დავთმობ ყველაფერს, რაც მაბადია, დიახ, მე დავთმობ ჩემს სამეფოს, რათა მივიღო ეს დიდი სიხარული.
16 მაგრამ აარონმა მას უთხრა: თუ შენ გსურს ეს ყველაფერი, თუ შენ ქედს მოიხრი ღმერთის წინაშე, დიახ, თუ მოინანიებ შენს ყველა ცოდვას და ქედს მოიხრი ღმერთის წინაშე და რწმენით შეჰღაღადებ მის სახელს, იწამებ რა, რომ მიიღებ, მაშინ მიიღებ იმ იმედს, რომელსაც მოისურვებ.
17 და იყო ასე, რომ როდესაც აარონმა თქვა ეს სიტყვები, მეფემ, დაჩოქილმა, ქედი მოიხარა უფლის წინაშე: დიახ, მიწაზეც დაემხო და მხურვალედ შეჰღაღადა სიტყვებით:
18 ღმერთო, აარონმა მითხრა, რომ ღმერთი არსებობს; და თუ ღმერთი არსებობს და თუ შენ ხარ ღმერთი, შემაცნობინე შენი თავი და დავთმობ ყველა ცოდვას, რათა შეგიცნო და შევძლო მკვდრეთით აღდგომა და გადავრჩე უკანასკნელ დღეს. და ახლა, როდესაც მეფემ ეს სიტყვები თქვა, იგი დაეცა, ვითარცა მკვდარი.
19 და იყო ასე, რომ მისი მსახურები გაიქცნენ და დედოფალს უთხრეს ყველაფერი, რაც მეფეს დაემართა. და იგი მოვიდა მეფესთან; და როდესაც იხილა იგი განრთხმული, ვითარცა მკვდარი და ასევე აარონი და მისი ძმები, მდგომნი ისე, თითქოს ისინი იყვნენ მისი დაცემის მიზეზი, დედოფალი განრისხდა მათზე და ბრძანა, რომ მისმა ანუ მეფის მსახურებმა, შეიპყრონ ისინი და დახოცონ.
20 ახლა, მსახურებმა მეფის დაცემის მიზეზი დაინახეს, ამიტომ ვერ ბედავდნენ აარონზე და მის ძმებზე ხელის აღმართვას; და ისინი შეეხვეწნენ დედოფალს სიტყვებით: რატომ გვიბრძანებ ამ კაცების დახოცვას, როდესაც აჰა, ერთი მათგანი უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენ ყველანი ერთად? ამიტომ, ჩვენ მათ წინაშე დავეცემით.
21 ახლა, როდესაც დედოფალმა იხილა მსახურთა შიში, მასაც ასევე ძალზედ შეეშინდა, რომ მასზედ არ მოვლენილიყო რაიმე ბოროტი. და მან უბრძანა თავის მსახურებს, რომ წასულიყვნენ და ხალხისთვის დაეძახათ, რათა მათ დაეხოცათ აარონი და მისი ძმები.
22 ახლა, როდესაც აარონმა იხილა დედოფლის შეუპოვრობა, იცოდა რა ხალხის გულქვაობის შესახებ, შეეშინდა, რომ არ შეკრებილიყვნენ ერთად მრავალნი და მათ შორის არ მომხდარიყო დიდი განხეთქილება და არეულობა, ამიტომ, მან გაიწოდა ხელი და მეფე მიწიდან წამოაყენა და უთხრა: ადექი. და ის ფეხზე დადგა, მიიღო რა ძალ-ღონე.
23 ახლა, ეს მოხდა დედოფლისა და მისი მრავალი მსახურის თანდასწრებით. და როდესაც მათ ეს იხილეს, დიდად გაოცდნენ და შეეშინდათ. და მეფე წინ გამოვიდა და მიმართა მათ. და იგი მოძღვრავდა მათ ისე, რომ მთელი ოჯახი მოიქცა უფლის რწმენაში.
24 ახლა, დედოფლის ბრძანების გამო, იქ მრავალნი შეიკრიბნენ და მათ შორის წარმოიქმნა დიდი უკმაყოფილება აარონისა და მისი ძმების გამო.
25 მაგრამ მეფე გამოვიდა წინ მათ შორის და მათ ემსახურა. და ისინი დამშვიდდნენ აარონისა და მათ გამო, ვინც მასთან იყო.
26 და იყო ასე, რომ როდესაც მეფემ იხილა, რომ ხალხი დამშვიდდა, მან ბრძანა, რომ აარონი და მისი ძმები წინ დამდგარიყვნენ ხალხში, რათა მათთვის სიტყვა ექადაგათ.
27 და იყო ასე, რომ მეფემ გააგზავნა მთელს მიწაზე მოწოდება, მთელ თავის ხალხში, რომლებიც იყვნენ მის მიწაზე, რომლებიც იყვნენ მთელ შემოგარენში, რომელიც ზღვასაც კი ესაზღვრებოდა აღმოსავლეთითა და დასავლეთით და რომელიც გაყოფილი იყო ზარაჰემლას მიწიდან უდაბნოს ვიწრო ზოლით, რომელიც მოდიოდა აღმოსავლეთის ზღვიდან დასავლეთის ზღვამდე და ზღვის სანაპიროს ნაპირებამდე და უდაბნოს საზღვრებამდე, რომელიც იყო ზარაჰემლას მიწის ჩრდილოეთით, მანტის საზღვრებს იქით, სიდონის მდინარის სათავეში, მიმდინარე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ; ასე იყვნენ ლამანიელები და ნეფიელები გაყოფილნი.
28 ახლა, ლამანიელთა უფრო ზარმაცი ნაწილი ცხოვრობდა უდაბნოში და იმყოფებოდა კარვებში; და ისინი გაფანტულნი იყვნენ უდაბნოში დასავლეთით, ნეფის მიწაზე; დიახ, ასევე ზარაჰემლას მიწის დასავლეთისკენ, ზღვის სანაპიროს მიდამოებში და ნეფის მიწის დასავლეთით, მათი მამების პირველი მემკვიდრეობის ადგილზე და ამგვარად ესაზღვრებოდა ზღვის სანაპიროს.
29 და ასევე იყო მრავალი ლამანიელი აღმოსავლეთით ზღვის სანაპიროზე, სადაც ისინი ნეფიელებმა განდევნეს. ამგვარად, ნეფიელები თითქმის გარშემორტყმულნი იყვნენ ლამანიელებით, ამისდა მიუხედავად, ნეფიელები დაეუფლნენ მიწის ჩრდილოეთის ყველა ნაწილს, უდაბნოს საზღვრებთან და მდინარე სიდონის სათავესთან, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, უდაბნოს ნაპირის გაყოლებით ჩრდილოეთში, სანამ არ მოვიდნენ იმ მიწაზე, რომელსაც უწოდეს ბარაქიანი.
30 და ის ესაზღვრებოდა მიწას, რომელსაც უწოდეს აოხრებული, რომელიც იმდენად შორს იყო ჩრდილოეთით, რომ აღწევდა მიწას, რომელიც ოდესღაც იყო დასახლებული და განადგურებული, რომელთა ძვლებიც ჩვენ მოვიხსენიეთ, რომლებიც აღმოაჩინა ზარაჰემლას ხალხმა, ეს იყო მათი გადმოსხმის პირველი ადგილი.
31 და ისინი მოვიდნენ იქიდან, სამხრეთის უდაბნოში. ამგვარად, ჩრდილოეთისკენ მიწას ეწოდა აოხრებული და მიწას სამხრეთისკენ ეწოდა ბარაქიანი, რადგან ის მიწა სავსე იყო ყველანაირი გარეული ცხოველებით, ყოველი ჯიშის, რომელთა ნაწილი ჩრდილოეთის მიწიდან მოვიდა საკვებისთვის.
32 და ახლა, ეს დღენახევრის სავალი იყო ნეფიელისათვის, მანძილი აღმოსავლეთსა და დასავლეთ ზღვებს შორის, ბარაქიანსა და აოხრებულ მიწებს შორის; ამგვარად, ნეფის მიწა და ზარაჰემლას მიწა იყო თითქმის წყლით გარშემორტყმული და იყო პატარა ხმელეთის ყელი ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიწებს შორის.
33 და იყო ასე, რომ ნეფიელებმა დაასახლეს მიწა ბარაქიანი, აღმოსავლეთიდან დასავლეთის ზღვისკენაც კი; და ასე ნეფიელებმა სიბრძნით, გუშაგებითა და ჯარებით შემოზღუდეს ლამანიელები სამხრეთით, რათა მათ აღარ ჰქონოდათ მამული ჩრდილოეთისკენ, რომ ჩრდილოეთისკენ ვეღარ დაეპყროთ მიწები.
34 ამიტომ, ლამანიელებს აღარ შეეძლოთ ჰქონოდათ არანაირი მამული, გარდა ნეფის მიწისა და უდაბნოს გარშემო. ახლა, ასე იყო ნეფიელთა სიბრძნის შედეგად, ვინაიდან ლამანიელები მათთვის იყვნენ მტრები და არ სურდათ ყოველი მხრიდან მათი შემოტევების მოგერიება; ასევე, რათა მათ ჰქონოდათ ქვეყანა, საითაც შეძლებდნენ გაქცევას, სურვილის შესაბამისად.
35 ახლა, ვთქვი რა ეს ყველაფერი, ვუბრუნდები ამონისა და აარონის, ომნერისა და ხიმნის და მათი ძმების ამბავს.