წმინდა წერილი
ალმა 33


თავი 33

ზენოსი ასწავლის, რომ ადამიანმა უნდა ილოცოს და თაყვანი სცეს ღმერთს ყველგან და რომ განაჩენი აცილებულია ძის მეშვეობით. ზენოქი ასწავლის, რომ წყალობა მოვლენილია ძის მეშვეობით. მოსე უდაბნოში აღმართავს ღმერთის ძის სიმბოლოს. დაახლოებით 74 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 ახლა, მას შემდეგ, რაც ალმამ ეს სიტყვები თქვა, მიაგზავნეს მასთან, რათა გაეგოთ, ერწმუნათ თუ არა ერთი ღმერთი, რომ მიეღოთ ის ნაყოფი, რომლის შესახებაც იგი საუბრობდა ან როგორ დაეთესათ თესლი ან სიტყვა, რომლის შესახებაც იგი ლაპარაკობდა, რომელიც, მისი სიტყვებით, უნდა დაითესოს მათ გულებში; ან როგორ უნდა დაიწყონ საკუთარი რწმენის გამოვლენა.

2 და ალმამ უთხრა მათ: აჰა, თქვენ მითხარით, რომ არ შეგიძლიათ თქვენი ღმერთისადმი თაყვანისცემა, რადგან გაგაძევეს თქვენი სინაგოგებიდან. მაგრამ, აჰა, მე გეუბნებით: თუ გგონიათ, რომ არ შეგიძლიათ ღმერთის თაყვანისცემა, ძალიან ცდებით და უნდა შეისწავლოთ წმინდა წერილები; თუ გგონიათ, რომ მათ ეს გასწავლეს, მაშინ თქვენ არ გესმით მათი.

3 თუ გახსოვთ რა წაიკითხეთ, რაც ძველმა წინასწარმეტყველმა, ზენოსმა, თქვა – ლოცვის ან თაყვანისცემის შესახებ?

4 რადგან მან თქვა: მოწყალე ხარ ღმერთო, რადგან ჩემი ლოცვები შეისმინე, უდაბნოში ყოფნისასაც კი; დიახ, შენ იყავი მოწყალე, როდესაც ვლოცულობდი მათზედ, რომელნიც ჩემი მტრები იყვნენ და შენ ისინი ჩემს მხარეს მოაბრუნე.

5 დიახ, ღმერთო, და შენ მოწყალე იყავი ჩემს მიმართ, როდესაც ჩემს მინდორში შეგღაღადე; როდესაც ჩემს ლოცვაში შეგღაღადე და შენ შეისმინე ჩემი.

6 და კვლავ, ღმერთო, როდესაც მოვბრუნდი სახლში, შენ შეისმინე ჩემი ლოცვა.

7 და როდესაც მოვბრუნდი ჩემს ოთახში, უფალო, და შენ შეგღაღადე, შენ შეისმინე ჩემი.

8 დიახ, შენი შვილების მიმართ ხარ მოწყალე, როდესაც ისინი შეგღაღადებენ, რათა შეისმინო მათი შენ და არა ადამიანებმა და შენ შეისმენ მათსას.

9 დიახ, ღმერთო, შენ იყავი მოწყალე ჩემს მიმართ და შეისმინე ჩემი ღაღადი შენს შეკრებილთა შორის.

10 დიახ, შენ ასევე გესმოდა ჩემი, როდესაც ვიყავი გაძევებული და მოძულებული მტრის მიერ; დიახ, შენ შეისმინე ჩემი ღაღადი და განურისხდი ჩემს მტრებს და რისხვაში მოევლინე მათ სწრაფი განადგურებით.

11 და შენ შეისმინე ჩემი, ჩემი გაჭირვებისა და გულწრფელობის გამო; და ეს არის შენი ძის მადლი, რომ იყავი ასე მოწყალე ჩემსადმი, ამიტომ მე შემოგღაღადებ ყოველ ჩემს გაჭირვებაში, რადგან შენშია ჩემი სიხარული; რადგან ამარიდე შენი განაჩენი შენი ძის მადლით.

12 და ახლა, ალმამ მათ უთხრა: გწამთ ამ წმინდა წერილების, რომლებიც დაიწერა უძველესთა მიერ?

13 აჰა, თუ გწამთ, უნდა იწამოთ რაც ზენოსმა თქვა, რადგან, აჰა, მან თქვა: შენ აარიდე შენი განაჩენი შენი ძის მადლით.

14 ახლა, აჰა, ჩემო ძმებო, მე მინდა გკითხოთ, წაკითხული გაქვთ წმინდა წერილები? თუ გაქვთ, როგორ არ გწამთ ძე ღვთისა?

15 რადგან არ წერია, რომ მარტო ზენოსმა ილაპარაკა ამ ყველაფრის შესახებ, არამედ ზენოქმაც ილაპარაკა მათზე.

16 რადგან, აჰა, მან თქვა: შენ ხარ განრისხებული, უფალო, ამ ხალხზე, რადგან მათ არ სურთ შენი მრავალი მოწყალების გაგება, რაც მოავლინე მათზე შენი ძის მადლით.

17 და ახლა, ჩემო ძმებო, თქვენ ხედავთ, რომ მეორე ძველმა წინასწარმეტყველმა დაამოწმა ღვთის ძის შესახებ და ვინაიდან ხალხს არ სურდა ჩასწვდომოდა მის სიტყვებს, მათ სასიკვდილოდ ჩაქოლეს იგი.

18 მაგრამ, აჰა, ეს არ არის ყველაფერი; მარტო ამათ არ ულაპარაკიათ ღვთის ძის შესახებ.

19 აჰა, მასზე ილაპარაკა მოსემ; დიახ, აჰა, სიმბოლო აღიმართა უდაბნოში, რომ ვინც მას შეხედავდა – გადარჩებოდა. და მრავალმა შეხედა და გადარჩა.

20 მაგრამ, ცოტანი ჩასწვდნენ მის მნიშვნელობას და ეს იყო მათი გაქვავებული გულების გამო. მაგრამ იქ იყვნენ მრავალნი, რომლებმაც ისე გაიქვავეს გული, რომ არ სურდათ შეეხედათ, ამიტომაც ისინი დაიღუპნენ. ახლა, მიზეზი, რომ არ სურდათ შეხედვა, იყო ის, რომ არ სწამდათ, რომ ეს მათ განკურნავდა.

21 ჩემო ძმებო, რომ შეგძლებოდათ განკურნებულიყავით მხოლოდ მზერით, რათა განკურნებულიყავით, ნუთუ დაუყოვნებლივ არ შეხედავდით, თუ გაიქვავებდით გულს ურწმუნოებაში და იქნებოდით ზანტნი ისე, რომ არ შეხედავდით და ამის გამო დაიღუპებოდით?

22 თუ ეს ასეა, ვარამი მოგევლინებათ, მაგრამ თუ ეს ასე არ არის, მაშინ შეხედეთ და იწამეთ ძე ღვთისა, რომ ის მოვა საკუთარი ხალხის გამოსასყიდად, რომ დაიტანჯება და მოკვდება, რათა გამოისყიდოს მათი ცოდვები; და რომ კვლავ აღდგება მკვდრეთით, რაც მოიტანს აღდგომას და ასე ყოველი ადამიანი წარსდგება მის წინაშე, რომ განიკითხოს უკანასკნელ, განკითხვის დღეს, თავისი საქმეების შესაბამისად.

23 და ახლა, ჩემო ძმებო, მე მსურს, რომ დათესოთ ეს სიტყვა თქვენს გულებში და როდესაც ის დაიწყებს ზრდას, გაანოყიერეთ იგი თქვენი რწმენით. და აჰა, ის გადაიქცევა ხედ, გადაიზრდება თქვენში მარადიულ სიცოცხლედ. და შემდეგ, დაე, ღმერთმა გიბოძოთ, რომ თქვენი ტვირთი შემსუბუქდეს, მის ძეში სიხარულით. და თქვენ შეძლებთ ყველაფერ ამას, შეძლებთ, თუ მოისურვებთ. ამინ.