წმინდა წერილი
ალმა 29


თავი 29

ალმას სურს, შეჰღაღადოს მონანიება ანგელოზის გულმოდგინებით. უფალი ყოველ ერს უბოძებს მასწავლებლებს. ალმა ადიდებს უფლის საქმეს და ამონისა და მისი ძმების წარმატებას. დაახლოებით 76 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 ო, ანგელოზი რომ ვყოფილიყავი და შემძლებოდა ჩემი გულის საწადელის აღსრულება, რომ შემძლებოდა წავსულიყავი და ღმერთის საყვირით, ხმით, რომელიც შეაზანზარებდა დედამიწას, შემეძახა და ყოველი ხალხისადმი მონანიება მეღაღადა!

2 დიახ, ჭექა-ქუხილის ხმით ვაუწყებდი ყოველ სულს მონანიებასა და გამოსყიდვის გეგმას, რომ უნდა მოინანიონ და ჩვენს ღმერთთან მოვიდნენ, რათა დედამიწის პირზე აღარ იყოს დარდი.

3 მაგრამ, აჰა, მე ვარ ადამიანი და ვცოდავ ჩემს სურვილში; რადგან უნდა ვიყო კმაყოფილი იმით, რაც უფალმა მარგუნა.

4 არ უნდა ავაფორიაქო ჩემი სურვილებით სამართლიანი ღმერთის მტკიცე გადაწყვეტილებები, რადგან ვიცი, რომ იგი მიუზღავს ადამიანებს თავიანთი სურვილისამებრ, თუნდაც იყოს სასიკვდილო ან სასიცოცხლო; დიახ, ვიცი, რომ იგი არგუნებს ადამიანს, დიახ, ადგენს განაწესებს, რომლებიც უცვლელია მათი სურვილების მიუხედავად, თუნდაც იყვნენ ისინი მიმართულნი ხსნისკენ ან განადგურებისკენ.

5 დიახ, და მე ვიცი, რომ კეთილი და ბოროტი ყოველი ადამიანის წინ იჩენს თავს; ის, რომელიც ვერ არჩევს კეთილს ბოროტისაგან, არის უმწიკვლო, მაგრამ ის, რომელიც არჩევს კეთილს ბოროტისაგან, მას მიეზღვება საკუთარი სურვილების შესაბამისად, რასაც კი არ ისურვებს, კეთილსა თუ ბოროტს, სიცოცხლეს თუ სიკვდილს, სიხარულს თუ სინდისის ქენჯნას.

6 ახლა, რადგან მე ვიცი ეს ყველაფერი, რატომ უნდა ვისურვო უფრო მეტი, გარდა იმ სამუშაოსი, რომლის შესასრულებლად ვარ მოწოდებული?

7 რატომ უნდა ვისურვო ანგელოზად ყოფნა, რომ ველაპარაკო დედამიწის ყველა კიდეს?

8 რადგან, აჰა, უფალი უბოძებს ყოველ ერს, მათ ქვეყანაში და ენაზე ასწავლონ მისი სიტყვა, დიახ, სიბრძნით, ყველაფერი, რასაც იგი მიიჩნევს, რომ მათ უნდა ჰქონდეთ; ამიტომ ვხედავთ, რომ უფალი ასწავლის სიბრძნით, იმისდა მიხედვით, რაც მართალია და ჭეშმარიტი.

9 მე ვიცი, რაც მიბრძანა უფალმა და მე ვხარობ ამით. მე არ ვხარობ საკუთარი თავით, მაგრამ ვხარობ იმით, რაც უფალმა მიბრძანა; დიახ, და ეს არის ჩემი დიდება, რომ იქნებ ვიყო იარაღი ღმერთის ხელში, რათა რომელიმე სული მონანიებამდე მივიყვანო; და ეს არის ჩემი სიხარული.

10 და აჰა, როდესაც ვხედავ მრავალს ჩემი ძმებისგან, ინანიებენ რა ჭეშმარიტად და მოდიან უფალთან, თავიანთ ღმერთთან, ჩემი სული ივსება სიხარულით; როდესაც მახსენდება, რა გააკეთა უფალმა ჩემთვის, დიახ, რომ შეისმინა ჩემი ლოცვა, დიახ, მაშინ მახსენდება მისი მოწყალე ხელი, რომელიც მან ჩემკენ გამოიწოდა.

11 დიახ, და მე ასევე მახსენდება ჩემი მამების ტყვეობა; რადგან ნამდვილად ვიცი, რომ უფალმა ისინი მონობიდან გამოიხსნა და ამით დააარსა საკუთარი ეკლესია; დიახ, უფალმა ღმერთმა, ღმერთმა აბრაამისამ, ღმერთმა ისააკისამ და ღმერთმა იაკობისამ, გამოიხსნა ისინი მონობიდან.

12 დიახ, მე ყოველთვის მახსოვდა ჩემი მამების ტყვეობა; და იგივე ღმერთმა, რომელმაც გამოიხსნა ისინი ეგვიპტელთა ხელიდან, ისინი მონობიდან იხსნა.

13 დიახ, და იგივე ღმერთმა დააარსა თავისი ეკლესია მათ შორის; დიახ, და იგივე ღმერთმა მომიწოდა წმინდა წოდებით, ვუქადაგო სიტყვა ამ ხალხს და დიდი წარმატება მომანიჭა, რომელშიც აღსავსეა ჩემი სიხარული.

14 მაგრამ მე არ ვხარობ მხოლოდ ჩემი წარმატებით, არამედ ჩემი სიხარული უფრო აღსავსეა ჩემი ძმების წარმატებით, რომლებიც იყვნენ ნეფის მიწაზე.

15 აჰა, ისინი მეტისმეტად ბევრს შრომობდნენ და მოიტანეს უხვი ნაყოფი და რა დიადი იქნება მათი საზღაური!

16 ახლა, როდესაც ვფიქრობ ჩემი ძმების ამ წარმატებაზე, ჩემი სული მიქრის, ლამის სხეულს მოსცილდეს, ასეთი დიდია ჩემი სიხარული.

17 და ახლა, დაე, ჩემმა ღმერთმა უბოძოს მათ, ჩემს ძმებს, დასხდნენ ღვთის სასუფეველში; დიახ, და ყველანი, რომლებიც არიან მათი შრომის ნაყოფნი, იქიდან აღარ გამოვიდნენ, არამედ სამარადისოდ ადიდონ იგი. დაე, ღმერთმა დაუშვას, რომ ეს ყველაფერი ახდეს ჩემი სიტყვებისამებრ ისე, როგორც მე ვთქვი. ამინ.