წმინდა წერილი
ალმა 20


თავი 20

უფალი აგზავნის მიდონში ამონს თავისი ძმების გამოსახსნელად. ამონი და ლამონი ხვდებიან მთელი იმ მიწის მეფეს – ლამონის მამას. ამონი აიძულებს მოხუც მეფეს, დათანხმდეს მისი ძმების განთავისუფლებაზე. დაახლოებით 90 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე: როდესაც მათ იმ მიწაზე დააარსეს ეკლესია, მეფე ლამონმა მოისურვა, რომ ამონი მასთან ერთად წასულიყო ნეფის მიწაზე, რათა მას იგი საკუთარი მამისათვის ეჩვენებინა.

2 და უფლის ხმა მოესმა ამონს და ამბობდა: არ წახვიდე ნეფის მიწაზე, რადგან, აჰა, მეფე მოისურვებს შენი სიცოცხლის მოსწრაფებას; თუმცა წადი მიდონის მიწაზე; რადგან, აჰა, შენი ძმა, აარონი, ასევე მულოკი და ამაჰი, საპყრობილეში არიან.

3 ახლა, იყო ასე, რომ როდესაც ამონმა გაიგო ეს, მან უთხრა ლამონს: აჰა, ჩემი ძმა და ძმობილები საპყრობილეში არიან მიდონში და მე მივდივარ მათ გამოსახსნელად.

4 ახლა, ლამონმა უთხრა ამონს: მე ვიცი, უფლის ძალით შენ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. მაგრამ, აჰა, მე შენთან ერთად წამოვალ მიდონის მიწაზე; რადგან მიდონის მიწის მეფე, სახელად ანტიომნო, ჩემი მეგობარია; ამიტომ, მე წამოვალ მიდონის მიწაზე, რათა მოვთაფლო ამ მიწის მეფე და მან შენი ძმები საპყრობილიდან გამოუშვას. ახლა, ლამონმა უთხრა მას: ვინ გითხრა, რომ შენი ძმები საპყრობილეში არიან?

5 და ამონმა უთხრა მას: არავინ არ მითხრა, გარდა ღმერთისა; და მან მითხრა: წადი და გამოიხსენი შენი ძმები, რადგან ისინი საპყრობილეში არიან მიდონის მიწაზე.

6 ახლა, როდესაც ლამონმა ეს მოისმინა, მან ბრძანა, რომ მის მსახურებს მისი ცხენები და ეტლები მოემზადებინათ.

7 და მან უთხრა ამონს: მოდი მე შენთან ერთად წამოვალ მიდონის მიწაზე და იქ მე შევეხვეწები მეფეს, რომ შენი ძმები საპყრობილიდან გამოუშვას.

8 და იყო ასე, რომ როდესაც ამონი და ლამონი იქით მიემგზავრებოდნენ, მათ შემოხვდათ ლამონის მამა, რომელიც მთელი მიწის მეფე იყო.

9 და აჰა, ლამონმა მამამ მას უთხრა: რატომ არ მოხვედი ზეიმზე იმ დიდ დღეს, როდესაც მე ნადიმი მოვაწყე ჩემი შვილებისთვის და ხალხისათვის?

10 და მან ასევე თქვა: საით მიდიხარ ამ ნეფიელთან ერთად, რომელიც არის მატყუარას ერთ-ერთი შვილი?

11 და იყო ასე, რომ ლამონმა აუხსნა, საით მიდიოდა, რადგან ეშინოდა, არ გაენაწყენებინა იგი.

12 და მან ასევე სრულად მოუყვა სამეფოში თავისი დარჩენის მიზეზი, რის გამოც ის არ წავიდა თავისი მამის მიერ გამართულ ნადიმზე.

13 და ახლა, როდესაც ლამონმა აუხსნა ეს ყველაფერი, აჰა, მისდა გასაოცრად, მამამისი განრისხდა მასზე და თქვა: ლამონ, შენ მიდიხარ ამ ნეფიელთა გამოსახსნელად, რომლებიც მატყუარას შვილები არიან. აჰა, მან გაძარცვა ჩვენი მამები; და ახლა მისი შვილებიც მოვიდნენ ჩვენს შორის, რათა თავიანთი მზაკვრობითა და სიცრუით მოგვატყუონ, რომ მათ კვლავ გაგვძარცვონ და წაიღონ ჩვენი ქონება.

14 ახლა, ლამონის მამამ მას უბრძანა, ამონი მახვილით მოეკლა. და მან ასევე უბრძანა, არ წასულიყო მიდონის მიწაზე, მაგრამ მასთან ერთად უკან, ისმაელის მიწაზე, უნდა დაბრუნებულიყო.

15 მაგრამ ლამონმა მას უთხრა: მე არ მოვკლავ ამონს, არც ისმაელის მიწაზე დავბრუნდები, მაგრამ წავალ მიდონის მიწაზე ამონის ძმების გამოსახსნელად, რადგან ვიცი, რომ ისინი არიან მართალნი და ჭეშმარიტი ღმერთის წმინდა წინასწარმეტყველნი.

16 ახლა, როდესაც მამამისმა მოისმინა ეს სიტყვები, ის გაბრაზდა მასზე და ამოიღო მახვილი, რათა მიწაზე დაენარცხებინა იგი.

17 მაგრამ ამონი წინ გამოვიდა და უთხრა მას: აჰა, შენ არ მოკლავ საკუთარ შვილს; მიუხედავად ამისა, უკეთესი იქნებოდა, რომ იგი დაცემულიყო და არა შენ, რადგან, აჰა, მან მოინანია ცოდვები; მაგრამ, თუ ახლა შენს მრისხანებაში დაეცემი, შენი სული ვერ გადარჩება.

18 და კვლავ, საჭიროა, თავი შეიკავო; რადგან, თუ მოკლავ შვილს, არის რა იგი უდანაშაულო კაცი, მისი სისხლი მიწიდან შეჰღაღადებს უფალს, მის ღმერთს, რომ შურისგება მოგევლინოს; და შეიძლება დაკარგო სული.

19 ახლა, როდესაც ამონმა ეს უთხრა მას, მან უპასუხა სიტყვებით: მე ვიცი, თუ მოვკლავ ჩემს შვილს – დავღვრი უდანაშაულო სისხლს; რადგან ეს შენ იყავი, რომელიც ცდილობდი მის განადგურებას.

20 და მან გაიწოდა ხელი ამონის მოსაკლავად. მაგრამ ამონმა მოიგერია მისი დარტყმები და ასევე მკლავში დაჭრა, რათა ის ვეღარ ეხმარა.

21 ახლა, როდესაც მეფემ იხილა, რომ ამონს შეეძლო მისი მოკვლა, მან დაუწყო ამონს ვედრება, დაენდო მისი სიცოცხლე.

22 მაგრამ, ამონმა ასწია მახვილი და უთხრა მას: აჰა, მახვილს დაგკრავ, თუ არ მიბოძებ იმის ნებას, რომ ჩემი ძმები საპყრობილიდან გამოუშვან.

23 ახლა, მეფემ იმის შიშით, რომ სიცოცხლეს გამოესალმებოდა, თქვა: თუ დამინდობ, – გიბოძებ ყველაფერს, რასაც კი მთხოვ, სამეფოს ნახევარსაც კი.

24 ახლა, როდესაც ამონმა დაინახა, რომ მან, თავისი სურვილისამებრ, გავლენა მოახდინა მოხუც მეფეზე, მან მას უთხრა: თუ ნებას მიბოძებ, რომ ჩემი ძმები გამოუშვან საპყრობილიდან და ასევე ლამონმა შეინარჩუნოს თავისი სამეფო და შენ არ იქნები მისი უკმაყოფილო და ნებას დართავ, მოიქცეს საკუთარი სურვილების შესაბამისად, რასაც არ უნდა ფიქრობდეს – მაშინ დაგინდობ; სხვაგვარად, მიწაზე დაგანარცხებ.

25 ახლა, როდესაც ამონმა თქვა ეს სიტყვები, მეფეს საკუთარი სიცოცხლისთვის გაუხარდა.

26 და როდესაც მან იხილა, რომ ამონს არ ჰქონდა მისი განადგურების სურვილი, ასევე როდესაც იხილა დიდი სიყვარული, რომელიც ამონს ჰქონდა მისი შვილის, ლამონის მიმართ, იგი ძალზედ გაოცდა და თქვა: რადგან ყველაფერი, რაც შენ ისურვე, არის ის, რომ გამოვუშვა შენი ძმები და დავუშვა, რომ ჩემმა შვილმა, ლამონმა, შეინარჩუნოს საკუთარი სამეფო, ამ დროიდან და სამუდამოდ; და მას აღარასოდეს არ ვუხელმძღვანელებ –

27 და მე ასევე გიბოძებ, რომ შენი ძმები საპყრობილიდან გამოუშვან და შენს ძმებთან ერთად შეძლებ ჩემთან, ჩემს სამეფოში, მოსვლას; რადგან, ძალზედ მსურს შენი ნახვა. რადგან მეფე ძალზედ გაოცებული იყო სიტყვებით, რომელიც მან თქვა, ასევე სიტყვებით, რომელიც თქვა მისმა შვილმა, ლამონმა, ამიტომ, მას სურდა მათი გაგება.

28 და იყო ასე, რომ ამონმა და ლამონმა გააგრძელეს მოგზაურობა მიდონის მიწისკენ. და ლამონმა მეფის თვალში მადლი მოიპოვა; ამიტომ, ამონის ძმები საპყრობილიდან იქნენ გამოყვანილნი.

29 და როდესაც ამონი მათ შეხვდა, ის ძალზედ დანაღვლიანდა, რადგან ისინი შიშველნი იყვნენ და მათ კანი ჰქონდათ ძალზედ დაბეჟილი, რადგან გაკოჭილები იყვნენ მაგარი თოკებით. მათ ასევე იწვნიეს შიმშილი, წყურვილი და ყოველგვარი გაჭირვება; ამისდა მიუხედავად, ისინი მომთმენნი იყვნენ ყოველ გაჭირვებაში.

30 და რაც მოხდა, ეს მათი ხვედრი იყო, ჩავარდნილიყვნენ უფრო გულქვა და ქედფიცხელი ხალხის ხელში; ამიტომაც, ისინი არ უგდებდნენ ყურს მათ სიტყვებს და მათ გააძევეს ისინი და სცემეს და დევნიდნენ მათ სახლიდან სახლში, ადგილიდან ადგილზე, სანამ არ მიაღწიეს მიდონის მიწას; და იქ ისინი შეიპყრეს და საპყრობილეში ჩაყარეს და შებოჭეს მაგარი თოკებით და ამყოფეს საპყრობილეში მრავალი დღის განმავლობაში და ლამონისა და ამონის მიერ იქნენ გამოხსნილნი.