წმინდა წერილი
ალმა 37


თავი 37

სპილენძის ფირფიტები და სხვა წმინდა წერილები ინახება, რათა სულები ხსნამდე მიიყვანონ. იარედიელები განადგურდნენ თავიანთი სიბოროტის გამო. მათი საიდუმლო ფიცი და აღთქმები უნდა იყოს ხალხისგან დაფარული. ყოველ თქვენს საქმეში უფალს რჩევა სთხოვეთ. როგორც მიუძღოდა ლიახონა ნეფიელებს, ისე უძღვება ქრისტეს სიტყვა ადამიანებს მარადიული სიცოცხლისაკენ. დაახლოებით 74 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, ჩემო შვილო, ჰელამან, მე გიბრძანებ, აიღო ჩანაწერები, რომლებიც მე მომანდეს;

2 ასევე გიბრძანებ, გააკეთო ჩანაწერები ამ ხალხზე, იმის შესაბამისად, როგორც მე გავაკეთე ნეფის ფირფიტებზე და წმინდად შეინახე ყოველივე ის, რასაც მე ვინახავდი ისე, როგორც მე ვინახავდი; რადგან ისინი ინახება ბრძნული მიზნით.

3 და ეს სპილენძის ფირფიტები, რომლებიც შეიცავს ამ გრავიურებს, რომლებშიც არის ჩანაწერები წმინდა წერილებზე, რომლებიც მოიცავს ჩვენი წინაპრების გვარტომობას, თვით დასაწყისიდანაც კი.

4 აჰა, ეს იწინასწარმეტყველეს ჩვენმა მამებმა, რომ ჩანაწერები უნდა შენახულ იქნას და გადაეცეს ერთი თაობიდან მეორეს, უფლის ხელით იქნება შენახული და დაცული მანამ, სანამ არ მიაღწევს ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს, რათა მათ შეიტყონ საიდუმლოებანი, რომლებიც ინახება ფირფიტებში.

5 და ახლა, აჰა, თუ ფირფიტები შეინახება, მათ უნდა შეინარჩუნონ სიკაშკაშე; დიახ, და ისინი შეინარჩუნებენ სიკაშკაშეს უდავოდ; დიახ, ასევე ყველა ფირფიტა, რომლებიც შეიცავს იმას, რაც არის წმინდა წერილი.

6 ახლა, შენ შეიძლება იფიქრო, რომ ეს ჩემი უგუნურებაა; მაგრამ, აჰა, მე გეუბნები, რომ პატარა და უბრალო საქმეებით ხდება დიდი საქმეების კეთება; და პატარა საშუალებებით ხშირად შეიმუსრება ბრძენი.

7 და უფალი ღმერთი მოქმედებს ასე, რათა აღასრულოს თავისი დიდი და მარადიული მიზნები; და ძალიან პატარა საშუალებებით უფალი მუსრავს ბრძენთ და მოაქვს ხსნა მრავალი სულისათვის.

8 და ახლა, აქამდე ღმერთის სიბრძნით იყო, რომ ეს ყველაფერი შენახულიყო; რადგან, აჰა, ამან გაზარდა ამ ხალხის მეხსიერება და დაარწმუნა მრავალნი საკუთარი გზების სიმცდარეში და წაიყვანა თავიანთი ღმერთის ცოდნისკენ, მათი სულების ხსნისათვის.

9 დიახ, მე გეუბნები, რომ არა ის, რაც ჩაწერილია ამ ჩანაწერებში, რომლებიც ამ ფირფიტებზეა, ამონი და მისი ძმები ვერ დაარწმუნებდნენ ამდენ ათას ლამანიელს თავიანთი მამების ჩვეულებების სიმცდარეში; დიახ, ამ ჩანაწერებმა და მათ სიტყვებმა მიიყვანეს ისინი მონანიებამდე ანუ მათ მიიყვანეს ისინი უფლის, თავიანთი ღმერთის, ცოდნამდე და მათი გამომსყიდველის, იესო ქრისტეს სიხარულამდე.

10 და ვინ იცის, შესაძლოა ისინი გახდნენ მრავალი ათასი მათგანის, დიახ, ასევე, მრავალი ათასი ჩვენი ქედფიცხელი ძმების, ნეფიელების, რომლებიც ამჟამად გულს იქვავებენ ცოდვასა და ურჯულოებაში, მათი გამომსყიდველის ცოდნამდე მიყვანის საშუალება.

11 ახლა, ეს საიდუმლოებანი მთლად ბოლომდე არ არის ჩემთვის ცნობილი; ამიტომ, მე თავს შევიკავებ.

12 და შეიძლება საკმარისია, თუ მხოლოდ ვიტყვი, რომ ისინი ბრძნული მიზნისთვის ინახება, რომელი მიზანიც ცნობილია ღმერთისათვის; რადგან იგი სიბრძნეში ასწავლის ყველა თავის საქმეს; და მისი ბილიკები არის სწორი და მისი გეზი ერთი მარადიული წრეა.

13 გახსოვდეს, გახსოვდეს, ჩემო შვილო, ჰელამან, როგორი მკაცრია ღმერთის მცნებები. და მან თქვა: თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, ამ მიწაზე აყვავდებით. მაგრამ თუ არ დაიცავთ მის მცნებებს, მოკვეთილნი იქნებით მისი გარემოცვიდან.

14 და ახლა დაიმახსოვრე, ჩემო შვილო, რომ ღმერთმა მოგანდო ეს საგნები, რომლებიც არის წმინდა, რომლებსაც იგი წმინდად ინახავდა და რომლებსაც იგი ასევე შეინახავს და დაიცავს საკუთარი ბრძნული მიზნისათვის, რათა შეძლოს საკუთარი ძალის გამოვლენა მომავალი თაობებისათვის.

15 და ახლა, აჰა, მე გეუბნები წინასწარმეტყველების სულით, რომ თუ დაარღვევ ღმერთის მცნებებს, აჰა, ეს საგნები, რომლებიც არის წმინდა, ღმერთის ძალით წაგერთმევა და გადაეცემი სატანას, რათა მან ბზესავით ქარში გაგცრას.

16 მაგრამ, თუ დაიცავ ღმერთის მცნებებს და მოეპყრობი ამ საგნებს, რომლებიც არის წმინდა, იმისდა მიხედვით, როგორც უფალი გიბრძანებს (რადგან შენ უნდა მიმართო უფალს ყველაფრისთვის, რასაც არ უნდა აკეთებდე მათ მიმართ) აჰა, ვერანაირი ძალა, ვერც დედამიწის და ვერც ჯოჯოხეთის, ვერ წაგართმევს მათ, რადგან ღმერთი ძლევამოსილია თავისი ყოველი სიტყვის აღსრულებაში.

17 რადგან იგი აღასრულებს ყველა თავის დანაპირებს, რომლებსაც დაგპირდება, რადგან მან აღასრულა ყველა დაპირება, რაც ჩვენს მამებს მისცა.

18 რადგან იგი დაპირდა მათ, რომ დაიცავს ამ საგნებს თავისი ბრძნული მიზნისათვის, რათა შეძლოს საკუთარი ძალის გამოვლენა მომავალი თაობებისათვის.

19 და ახლა, აჰა, ერთი მიზანი მან აღასრულა, მრავალი ათასი ლამანიელის ჭეშმარიტების ცოდნისკენ დაბრუნებით; და მათში გამოავლინა საკუთარი ძალა და კვლავ გამოავლენს საკუთარ ძალას მათში მომავალი თაობებისთვის; ამიტომ, ისინი უნდა გადარჩნენ.

20 ამიტომ, მე გიბრძანებ, ჩემო შვილო, ჰელამან, რომ იყო ბეჯითი ყველა ჩემი სიტყვის შესრულებაში, რათა იყო ბეჯითი ღმერთის მცნებების დაცვაში ისე, როგორც დაწერილია ისინი.

21 და ახლა, გეტყვი იმ ოცდაოთხი ფირფიტის შესახებ, რომ ისინი შეინახო, რათა იმ ხალხის საიდუმლოებანი და ბნელეთის საქმენი და მათი ფარული საქმენი ანუ ფარული საქმენი იმ ხალხისა, რომელიც განადგურდა, გამოცხადებულ იქნეს ამ ხალხისათვის; დიახ, ყველა მათი მკვლელობა და ძარცვა და მათი ყაჩაღობა და ყოველი მათი სიბოროტე და სისაძაგლე, გამოცხადებულ იქნას ამ ხალხისათვის; დიახ, რომ შეინახო ეს მთარგმნელი ხელსაწყოები.

22 რადგან, აჰა, უფალმა იხილა, რომ მისმა ხალხმა დაიწყო ბნელეთის საქმეების კეთება, დიახ, საიდუმლო მკვლელობებისა და სისაძაგლის ჩადენა; ამიტომ, უფალმა თქვა: თუ არ მოინანიებენ, ისინი დედამიწის პირიდან განადგურდებიან.

23 და უფალმა თქვა: მე ჩემს მსახურს, გაზელემს, მოვუმზადებ ქვას, რომელიც ბნელეთში სინათლისკენ გაანათებს, რათა გავუმჟღავნო ჩემს ხალხს, რომელიც მე მემსახურება, რომ შევძლო მათი ძმების საქმეების მათთვის გამჟღავნება, დიახ, მათი ფარული საქმეების, მათი ბნელეთის საქმეების, მათი სიბოროტისა და სისაძაგლის.

24 და ახლა, ჩემო შვილო, ეს მთარგმნელი ხელსაწყოები იყო მომზადებული, რათა აღსრულდეს ღვთის სიტყვა, რომელიც მან თქვა:

25 მე გამოვიტან ბნელეთიდან სინათლეზე ყველა მათ საიდუმლო საქმეებსა და სისაძაგლეს; და თუ არ მოინანიებენ – გავანადგურებ მათ დედამიწის პირიდან; და სინათლეზე გამოვიტან ყველა მათ საიდუმლოებასა და სისაძაგლეს ყველა ერისათვის, რომელიც მომავალში დაეუფლება ამ მიწას.

26 და ახლა, ჩემო შვილო, ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არ მოინანიეს; ამიტომ, განადგურდნენ და აქამდე ღვთის სიტყვა სრულდებოდა; დიახ, მათი საიდუმლო სისაძაგლენი გამოტანილ იქნა წყვდიადიდან და ჩვენ გაგვემხილა.

27 და ახლა, ჩემო შვილო, მე გიბრძანებ, რომ დაფარო ყველა მათი ფიცი და აღთქმა; და მათი შეთანხმებები თავიანთ საიდუმლო სისაძაგლეში; დიახ, ყველა მათი ნიშანი და საოცრება შენ უნდა დამალო ამ ხალხისგან, რომ მათ ეს არ გაიგონ, რათა არ მოხდეს ისე, რომ ისინიც ჩაცვივდნენ ბნელეთში და განადგურდნენ.

28 რადგან, აჰა, წყევლა ადევს მთლიანად ამ მიწას, რომ განადგურება მოევლინება ბნელეთის საქმის ყველა მკეთებელს, ღმერთის ძალის შესაბამისად, როდესაც ისინი ბოლომდე მომწიფდებიან; ამიტომ, მსურს, რომ ეს ხალხი არ განადგურდეს.

29 ამიტომ, შენ დამალავ ამ ხალხისგან ამ საიდუმლო გეგმებს მათი ფიცისას და აღთქმებისას და მხოლოდ მათ სიბოროტეზე და მათ მკვლელობებზე და მათ სისაძაგლეზე აცნობებ მათ; და ასწავლი მათ, სძულდეთ ასეთი ბოროტება და სისაძაგლე და მკვლელობები; ასევე ასწავლი მათ, რომ ეს ხალხი განადგურდა საკუთარი ბოროტების და სისაძაგლისა და მათი მკვლელობებისათვის.

30 რადგან, აჰა, მათ დახოცეს უფლის ყველა წინასწარმეტყველი, რომელიც მივიდა მათ შორის, რათა მათთვის ეუწყებინათ მათი ურჯულოება და ამ დახოცილთა სისხლი შეჰღაღადებდა შურისძიებისათვის უფალს, მათ ღმერთს, თავიანთი მკვლელების მიმართ; და ასე მოევლინა ღმერთის განაჩენი მათ, რომლებიც ჩადიან ბნელეთის საქმეებს და აწყობენ საიდუმლო შეთქმულებებს.

31 დიახ, წყეული იქნება მიწა, უკუნისიდან უკუნისამდე, მათთვის, ვინც ჩადის ბნელეთის საქმეებს და აწყობს საიდუმლო შეთქმულებებს, განადგურებამდეც კი, მათ გარდა, რომლებიც მოინანიებენ, სანამ ბოლომდე არ მომწიფდებიან.

32 და ახლა, ჩემო შვილო, დაიმახსოვრე სიტყვები, რომლებიც გითხარი; არ ანდო ეს საიდუმლო გეგმები ამ ხალხს, არამედ ასწავლე მათ ცოდვისა და ურჯულოების მიმართ მარადიული სიძულვილი.

33 უქადაგე მათ მონანიება და უფალში, იესო ქრისტეში, რწმენა; ასწავლე მათ, დაიმდაბლონ თავი და გულში იყვნენ თვინიერნი და მორიდებულნი; ასწავლე მათ, წინააღმდეგობა გაუწიონ ეშმაკის ყველა ცდუნებას თავიანთი რწმენით უფალ იესო ქრისტეში.

34 ასწავლე მათ, რომ არასდროს არ დაიღალონ კეთილი საქმეებით, არამედ იყვნენ გულში თვინიერნი და მორიდებულნი; რადგან ასეთნი ჰპოვებენ სიმშვიდეს თავიანთ სულებში.

35 გახსოვდეს, ჩემო შვილო, და ისწავლე სიბრძნე შენს სიყმაწვილეში; დიახ, ისწავლე ყმაწვილობისას ღმერთის მცნებების დაცვა.

36 დიახ, შეჰღაღადე ღმერთს ყოველგვარი დახმარებისათვის; დაე, ყველა შენი საქმე იყოს უფლისათვის, სადაც არ უნდა წახვიდე, დაე, ეს იყოს უფლისათვის; დიახ, დაე, ყოველი შენი ფიქრი უფლისკენ იყოს მიმართული; დიახ, დაე, შენი გულის სიყვარული უფლისაკენ იყოს მიმართული უკუნისამდე.

37 განიხილე უფალთან ყოველი შენი საქმე და ის გაგიძღვება კეთილისკენ; დიახ, როდესაც ღამე დაწვები, დაწექი უფალში, რათა ძილში დაგიცვას; და როდესაც დილით ადგები, დაე, გული შენი აღსავსე იყოს ღმერთისადმი მადლიერებით; და თუ შენ ამ ყველაფერს შეასრულებ, უკანასკნელ დღეს ამაღლდები.

38 და ახლა, შვილო ჩემო, მე რაღაც უნდა გითხრა იმ საგანზე, რომელსაც ჩვენი მამები უწოდებენ ბირთვს ანუ მაჩვენებელს ანუ ჩვენი მამები მას უწოდებდნენ ლიახონას, რაც განმარტებულია, როგორც კომპასი; და იგი უფალმა მოამზადა.

39 და აჰა, არ შეუძლია არცერთ ადამიანს ასეთი ნატიფი ნაკეთობის გაკეთება. და აჰა, ის დამზადდა, რათა ეჩვენებინა ჩვენი მამებისათვის მიმართულება, რომლისკენაც მათ უდაბნოში უნდა ემოგზაურათ.

40 და ის მათთვის მუშაობდა, ღმერთში მათი რწმენის შესაბამისად; ამიტომ, როდესაც მათ ჰქონდათ რწმენა იმისა, რომ ღმერთს შეეძლო ისე მოეხდინა, რომ ისრებს ეჩვენებინა გზა, საითაც უნდა წასულიყვნენ, აჰა, ასეც ხდებოდა; ამიტომ, მათ ჰქონდათ ეს სასწაული და ასევე მრავალი სხვა სასწაული ყოველ დღე, ღმერთის ძალით მოვლენილი.

41 ამისდა მიუხედავად, იმის გამო, რომ ეს სასწაულები ხდებოდა მცირე შესაძლებლობებით, ის უჩვენებდა მათ საოცარ საქმეებს. ისინი ზარმაცნი იყვნენ და ავიწყდებოდათ საკუთარი რწმენის და სიბეჯითის გამოვლენა; და მაშინ ეს საოცარი საქმეები შეწყდა და ისინი ვეღარ აგრძელებდნენ მოგზაურობას;

42 ამიტომ, ისინი ყოვნდებოდნენ უდაბნოში ანუ არ მიდიოდნენ სწორი მიმართულებით და იტანჯებოდნენ შიმშილითა და წყურვილით საკუთარ შეცოდებათა გამო.

43 და ახლა, ჩემო შვილო, მე მინდა, გაიგო: ეს ყველაფერი არ არის მიმსგავსების გარეშე; რადგან ჩვენს მამებს ეზარებოდათ ამ კომპასზე ყურადღების გამახვილება (ეს ყველაფერი მიწიერი იყო) ისინი ვერ აღწევდნენ წარმატებებს; იგივე ხდება სულიერ საქმეებში.

44 რადგან, აჰა, ისევე ადვილია ყური დაუგდო ქრისტეს სიტყვას, რომელიც მიგითითებს სწორ მიმართულებას მარადიული ნეტარებისაკენ, როგორც ადვილი იყო ჩვენი მამებისთვის ყურადღების გამახვილება კომპასზე, რომელიც უჩვენებდა მათ სწორ მიმართულებას აღთქმული მიწისკენ.

45 და ახლა, მე გეუბნები: ნუთუ არ არის ამაში რაიმე სიმბოლო? რადგან ისევე, როგორც ნამდვილია ის, რომ ამ მაჩვენებელმა მიიყვანა ჩვენი მამები აღთქმულ მიწაზე, მიჰყვებოდნენ რა მის მიმართულებას, ასევე ქრისტეს სიტყვები, თუ ჩვენ მივყვებით მათ მიმართულებას, გაგვიყვანენ ამ მწუხარების ველიდან ბევრად უკეთეს აღთქმულ მიწაზე.

46 შვილო ჩემო, ნუ ვიქნებით ზანტნი გზის სიადვილის გამო; რადგან ასე დაემართათ ჩვენს მამებს, რადგან ისე იყო მათთვის მომზადებული, რომ თუ შეხედავდნენ, ცოცხლები დარჩებოდნენ; ასევე არის ჩვენთვისაც. გზა არის მომზადებული და თუ შევხედავთ, მარადიულად ვიცოცხლებთ.

47 და ახლა, შვილო ჩემო, მიაქციე ყურადღება იმას, რომ მოუფრთხილდე ამ წმინდა საგნებს, დიახ, მიაქციე ყურადღება იმას, რომ უმზირო ღმერთს და იცოცხლო. წადი ამ ხალხთან და აუწყე სიტყვა; და იყავი ფხიზლად. მშვიდობით, შვილო ჩემო.