წმინდა წერილი
ალმა 61


თავი 61

პახორანი მორონის მოუთხრობს ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხებისა და აჯანყების შესახებ. მეფის მომხრეები იპყრობენ ზარაჰემლას და ხდებიან ლამანიელთა მოკავშირეები. პახორანი ითხოვს სამხედრო დახმარებას აჯანყებულების წინააღმდეგ. დაახლოებით 62 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 აჰა, იყო ასე, რომ მალე, მას შემდეგ, რაც მორონიმ გაუგზავნა წერილი მთავარ მმართველს, მან მიიღო წერილი პახორანისგან, მთავარი მმართველისაგან. და ეს არის სიტყვები, რომლებიც მან მისწერა:

2 მე, პახორანი, ვარ რა ამ მიწის მთავარი მმართველი, ვუგზავნი ამ წერილს მორონის, ჯარის მთავარსარდალს. აჰა, გეუბნები, მორონი, რომ არ მიხარია თქვენი დიდი გაჭირვება, დიახ, ეს ამწუხრებს ჩემს სულს.

3 მაგრამ, აჰა, არიან ისეთნი, რომლებიც ხარობენ თქვენი გაჭირვებით, დიახ, იმდენად, რომ ჩემ წინააღმდეგ აჯანყდნენ და ასევე ჩემი ხალხის წინააღმდეგაც, რომლებიც თავისუფლების მომხრენი არიან, დიახ, და რომლებიც აჯანყდნენ, არიან ძალზედ მრავალრიცხოვანნი.

4 და ისინი, რომლებიც ცდილობდნენ ჩემთვის მოსამართლის სავარძლის ჩამორთმევას, იყვნენ მიზეზი ამ დიდი ურჯულოებისა; რადგან იყენებდნენ დიდ პირფერობას და მრავალი ადამიანის გული შეიყვანეს შეცდომაში, რაც გახდება ჩვენში მწარე გაჭირვების მიზეზი; მათ შეაჩერეს სურსათის მოწოდება და დააშინეს თავისუფლების მომხრენი, რომ თქვენთან არ მოსულიყვნენ.

5 და აჰა, ისინი მდევნიდნენ და გიდეონის მიწაზე გავიქეცი, თან წავიყვანე იმდენი ადამიანი, რამდენის შეკრებაც შევძელი.

6 და აჰა, მთელი მიწის ამ ნაწილზე გავავრცელე მოწოდება; და აჰა, ისინი ჩვენკენ იკრიბებიან ყოველდღიურად, რათა შეიარაღდნენ სამშობლოსა და თავისუფლების დასაცავად და უსამართლობისთვის შურის მისაგებად.

7 და ჩვენთან იმდენნი მოვიდნენ, რომ ისინი, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ აჯანყდნენ, ბრძოლაში გამოვიწვიეთ, დიახ, ასე რომ მათ ჩვენი ეშინიათ და ვერ ბედავენ წამოსვლას ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად.

8 ისინი დაეუფლნენ მიწას ანუ ქალაქ ზარაჰემლას; მეფე დაინიშნეს და მან ლამანიელთა მეფეს მისწერა და იმ წერილში იგი მასთან კავშირში გაერთიანდა; იმ კავშირში იგი შეუთანხმდა ქალაქ ზარაჰემლას დაკავებაზე და მას ჰგონია, რომ ეს ლამანიელებს მისცემს დანარჩენი მიწის დაპყრობის საშუალებას და თვითონ მეფედ დაინიშნება ამ ხალხზე, როდესაც მათ ლამანიელები დაიპყრობენ.

9 და ახლა, შენ წერილში გამკიცხე, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი; განაწყენებული არ ვარ, არამედ მიხარია შენი გულის სიდიადე. მე, პახორანი, არ ვისწრაფი ძალაუფლებისკენ, მხოლოდ მსურს მოსამართლის სავარძლის შენარჩუნება ჩემი ხალხის უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად. ჩემი სული ურყევია იმ თავისუფლებაში, რომელშიც ღმერთმა გაგვანთავისუფლა.

10 და ახლა, აჰა, ჩვენ წინ აღვუდგებით სიბოროტეს, სისხლისღვრითაც კი. ლამანიელთა სისხლს არ დავღვრიდით, თუ თავიანთ მიწაზე დარჩებოდნენ.

11 არ დავღვრიდით ჩვენი ძმების სისხლს, რომ არ აჯანყებულიყვნენ და არ აღემართათ მახვილი ჩვენ წინააღმდეგ.

12 დავემორჩილებოდით მონობის უღელს, ეს თუ აუცილებელი იქნებოდა ღმერთის სამართლიანობისთვის ან თავად გვიბრძანებდა ამის გაკეთებას.

13 მაგრამ, აჰა, მან არ გვიბრძანა, დავემორჩილოთ მტერს, მაგრამ უნდა მივანდოთ მას სასოება და იგი გამოგვიხსნის.

14 ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმაო, მორონი, მოდი, შევეწინააღმდეგოთ ბოროტს და ყველანაირ ბოროტებას, რომელსაც ვერ შევეწინააღმდეგებით ჩვენი სიტყვებით, დიახ, აჯანყებებსა და უთანხმოებებს, მოდით წინ აღვუდგეთ ხმლებით, რათა დავიცვათ თავისუფლება, რომ გავიხაროთ ჩვენი ეკლესიის დიდი მადლით, ჩვენი გამომსყიდველისა და ღმერთის საქმისათვის.

15 ამიტომ, მოდი ჩემთან სწრაფად შენი რამდენიმე ჯარისკაცით და დანარჩენი დატოვე ლეხისა და ტეანკუმის ხელმძღვანელობის ქვეშ; მიეცი ძალაუფლება, აწარმოონ ომი მიწის იმ ნაწილში, ღმერთის სულის შესაბამისად, რომელიც არის ასევე მათში მყოფი თავისუფლების სული.

16 აჰა, მე გავუგზავნე ცოტაოდენი სურსათი, რათა არ დაიღუპონ, სანამ თქვენ ჩემთან არ მოხვალთ.

17 ჩვენკენ წამოსვლისას ერთად შეკრიბეთ ყველა ძალა, რასაც შეძლებთ და წავალთ დაუყოვნებლივ იმ განდგომილთა წინააღმდეგ, ჩვენი ღმერთის ძალით, რწმენის შესაბამისად, რომელიც არის ჩვენში.

18 და ავიღებთ ქალაქ ზარაჰემლას, რათა ვიშოვოთ უფრო მეტი საკვები, რომ გავუგზავნოთ ჩვენს ძმებს, ლეხისა და ტეანკუმს; დიახ, ჩვენ წავალთ მათ წინააღმდეგ უფლის ძალით და ბოლოს მოვუღებთ ამ დიდ ურჯულოებას.

19 და ახლა, მორონი, მე მიხარია შენი წერილის მიღება, რადგან ვწუხდი, რა უნდა გაგვეკეთებინა, იქნებოდა თუ არა სამართლიანი ჩვენი ძმების წინააღმდეგ წასვლა.

20 მაგრამ, შენ თქვი, თუ არ მოინანიებენ, უფალმა გიბრძანა, წახვიდე მათ წინააღმდეგ.

21 თვალ-ყური ადევნე, რომ უფალში განამტკიცო ლეხი და ტეანკუმი; უთხარი, რომ არ ეშინოდეთ, რადგან ღმერთი გამოიხსნის მათ, დიახ, და ყველას, რომლებიც მტკიცედ არიან თავისუფლებაში, რომლითაც ღმერთმა ისინი გაანთავისუფლა. და ახლა მე ვასრულებ ჩემს წერილს, ჩემო საყვარელო ძმაო, მორონი.