თავი 47
ამალიკია მიმართავს ღალატს, მკვლელობებსა და ინტრიგებს, რათა გახდეს ლამანიელთა მეფე. ნეფიელთა განდგომილები არიან უფრო ბოროტნი და სასტიკნი, ვიდრე ლამანიელები. დაახლოებით 72 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 ახლა, ჩანაწერებში ჩვენ ვუბრუნდებით ამალიკიას და მათ, რომლებიც მასთან ერთად გაიქცნენ უდაბნოში; რადგან, აჰა, მან აიყვანა ისინი, რომლებიც მასთან ერთად წავიდნენ და მივიდა ნეფის მიწაზე ლამანიელთა შორის და აღვივებდა წყრომას ლამანიელებში ნეფის ხალხის წინააღმდეგ, იმდენად, რომ ლამანიელთა მეფემ მთელს თავის მიწაზე, მთელს თავის ხალხში, გააგზავნა მოწოდება, კვლავ ერთად შეკრებილიყვნენ ნეფიელთა წინააღმდეგ საომრად.
2 და იყო ასე, რომ როდესაც ეს მოწოდება გავრცელდა მათ შორის, მათ ძალზედ შეეშინდათ; დიახ, მათ ეშინოდათ მეფის უკმაყოფილების და ასევე ეშინოდათ ნეფიელთა წინააღმდეგ ბრძოლის იმის გამო, რომ სიცოცხლეს დაკარგავდნენ. და იყო ასე, რომ მათ არ ისურვეს ანუ მათმა უმეტესობამ არ ისურვა, დამორჩილებოდა მეფის ბრძანებებს.
3 და ახლა, იყო ასე, რომ მათი დაუმორჩილებლობის გამო, მეფე განრისხდა; ამიტომ, მან თავისი სარდლობა ჯარის იმ ნაწილისა, რომელიც მის ბრძანებებს ემორჩილებოდა, გადასცა ამალიკიას და უბრძანა მას, რომ წინ წავიდეს და აიძულოს მათ იარაღის აღება.
4 ახლა, აჰა, ეს იყო ამალიკიას სურვილი, რადგან იყო ძალზედ ვერაგი კაცი სიბოროტის ჩადენაში, ამიტომ, მან გულში ჩაიდო ლამანიელთა მეფის ტახტიდან ჩამოგდება.
5 და ახლა, მან მიიღო სარდლობა ლამანიელთა იმ ნაწილზე, რომელიც მეფეს მხარს უჭერდა და მან მოისურვა მოეპოვებინა იმათი კეთილგანწყობა, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ; ამიტომ, იგი მივიდა ადგილზე, რომელსაც ეწოდებოდა ონიდა, რადგან იქ გაიქცა ყველა ლამანიელი; გაიგეს რა ჯარის მოსვლის შესახებ და ეგონათ, რომ ის მოდიოდა მათ გასანადგურებლად, ისინი ონიდაში გაიქცნენ, შეიარაღების ადგილზე.
6 და დანიშნეს კაცი, რომ ყოფილიყო მათი მეფე და წინამძღვარი, ჰქონდათ რა მტკიცედ გადაწყვეტილი, არ დამორჩილებოდნენ ნეფიელთა წინააღმდეგ საომრად წასვლას.
7 და იყო ასე, რომ ისინი ერთად შეიკრიბნენ მთის წვერზე, რომელსაც ეწოდებოდა ანტიპასი, ბრძოლისათვის მოსამზადებლად.
8 ახლა, ამალიკია არ აპირებდა მათ წინააღმდეგ ბრძოლას მეფის ბრძანების მიხედვით; არამედ აჰა, იგი აპირებდა ლამანიელთა ჯარისგან მოეპოვებინა კეთილგანწყობა, რომ გამხდარიყო მათი მეთაური, მეფე ჩამოეგდო ტახტიდან და სამეფოს დაუფლებოდა.
9 და აჰა, იყო ასე, რომ მან თავის ჯარს უბრძანა, რომ კარვები გაეშალათ ველზე, რომელიც იყო ანტიპას მთასთან ახლოს.
10 და იყო ასე, როდესაც დაღამდა, მან მიაგზავნა საიდუმლო ელჩები ანტიპას მთაზე სურვილით, რომ წინამძღვარი მათი, რომელიც მთაზე იმყოფებოდა, რომლის სახელიც იყო ლეჰონტი, ჩამოსულიყო მთის ძირში, რადგან მასთან საუბარი სურდა.
11 და იყო ასე, როდესაც ლეჰონტიმ მიიღო ეს შეტყობინება, მან ვერ გაბედა მთის ძირში ჩასვლა. და იყო ასე, რომ ამალიკიამ მეორეჯერ გაუგზავნა, სურდა რა მისი დაბლა ჩამოსვლა. და იყო ასე, რომ ლეჰონტის არ სურდა; და მან მესამედ გაუგზავნა.
12 და იყო ასე, რომ როდესაც ამალიკია მიხვდა, რომ ვერ ჩამოიყვანდა მთიდან ლეჰონტის, იგი ავიდა მთაზე, ლეჰონტის ბანაკთან ახლოს; და ლეჰონტის მეოთხეჯერ გაუგზავნა შეტყობინება, სურდა რა, რომ იგი ქვევით ჩამოსულიყო და თან მოეყვანა თავისი გუშაგები.
13 და იყო ასე, როდესაც ლეჰონტი თავისი გუშაგებით ჩამოვიდა ამალიკიასთან, ამალიკიამ მოისურვა, რომ იგი ჩამოსულიყო ღამე თავისი ჯარით და ალყაში მოაქცია ის ჯარისკაცები თავიანთ კარვებში, რომლებზეც მეფემ სარდლობა მისცა; და მაშინ იგი გადასცემდა მათ ლეჰონტის ხელში, თუ იგი მას (ამალიკიას) დანიშნავდა მთელი ჯარის მეორე წინამძღვრად.
14 და იყო ასე, რომ ლეჰონტი ჩამოვიდა თავისი ჯარისკაცებით და ალყაში მოაქცია ამალიკიას ჯარისკაცები, ამგვარად, სანამ გაიღვიძებდნენ გამთენიისას, ისინი გარშემორტყმულნი იყვნენ ლეჰონტის ჯარებით.
15 და იყო ასე, როდესაც იხილეს, რომ იყვნენ ალყაში მოქცეულები, მათ შეჰღაღადეს ამალიკიას, რომ ნება დაერთო მათთვის თავიანთ ძმებს შეერთებოდნენ, რათა არ განადგურებულიყვნენ. ახლა, ეს ზუსტად ის იყო, რაც ამალიკიას სურდა.
16 და ეს იყო ასე, რომ მან გასცა თავისი ჯარისკაცები მეფის ბრძანებების მიუხედავად. ახლა, ეს იყო ის, რაც ამალიკიას სურდა, რათა შეესრულებინა თავისი ჩანაფიქრი მეფის ტახტიდან ჩამოგდებასთან დაკავშირებით.
17 ახლა, ასეთი ჩვეულება იყო ლამანიელთა შორის, თუ მათი ბელადი მოკვდებოდა, მეორე წინამძღვარი ინიშნებოდა ბელადად.
18 და იყო ასე, რომ ამალიკიამ ბრძანა, რომ ერთ-ერთ მის მსახურს ლეჰონტისათვის ნელ-ნელა შხამი მიეცა, რათა იგი მომკვდარიყო.
19 ახლა, როდესაც ლეჰონტი მოკვდა, ლამანიელებმა ამალიკია თავის ბელადად და მთავარ მეთაურად დანიშნეს.
20 და იყო ასე, რომ ამალიკიამ შეაბიჯა თავისი ჯარებით (აიხდინა რა თავისი სურვილი) ნეფის მიწაზე, ნეფის ქალაქში, რომელიც იყო მთავარი ქალაქი.
21 და მეფე გამოვიდა თავისი გუშაგებით მის დასახვედრად, რადგან ეგონა, რომ ამალიკიამ შეასრულა მისი ბრძანებები, რომ ამალიკიამ ერთად შეკრიბა იმხელა ჯარი, რომ ნეფიელთა წინააღმდეგ ბრძოლისათვის წასულიყო.
22 მაგრამ, აჰა, როდესაც მეფე გამოვიდა მის დასახვედრად, ამალიკიამ ბრძანა, რომ მისი მსახურები წინ წასულიყვნენ მეფის შესახვედრად. და ისინი მივიდნენ და ქედი მოიხარეს მეფის წინაშე, ვითომდა მისი დიდებულების პატივსაცემად.
23 და იყო ასე, რომ მეფემ წინ გამოიწოდა ხელი, რომ ისინი წამოეყენებინა, ლამანიელთა წესისამებრ, მშვიდობის ნიშნად, რომელი ნიშანიც ნეფიელებისგან გადაიღეს.
24 და იყო ასე, რომ როდესაც მან პირველივე მიწიდან წამოაყენა, აჰა, მან გულში განგმირა მეფე; და იგი მიწაზე დაეცა.
25 ახლა, მეფის მსახურები გაიქცნენ და ამალიკიას მსახურებმა ხმამაღლა შესძახეს სიტყვები:
26 აჰა, მეფის მსახურებმა იგი განგმირეს გულში და იგი დაეცა და ისინი გაიქცნენ; აჰა, მოდით და ნახეთ.
27 და იყო ასე, რომ ამალიკიამ უბრძანა თავის ჯარს, მისულიყვნენ და ენახათ, რა მოუვიდა მეფეს; და როდესაც ისინი მივიდნენ იმ ადგილზე და იხილეს სისხლში მწოლიარე მეფე, ამალიკიამ თავი მრისხანედ მოაჩვენა და თქვა: ვისაც უყვარდა მეფე, წავიდეს და დაედევნოს მის მსახურებს, მათ დასახოცად.
28 და იყო ასე, რომ ყველანი, ვისაც მეფე უყვარდა, როდესაც ეს სიტყვები გაიგეს, წინ გამოვიდნენ და მეფის მსახურებს გამოედევნენ.
29 ახლა, როდესაც მეფის მსახურებმა დაინახეს მათ უკან მიმდევარი ჯარი, კვლავ შეეშინდათ და უდაბნოში გაიქცნენ და მივიდნენ ზარაჰემლას მიწაზე და შეუერთდნენ ამონის ხალხს.
30 და ჯარი, რომელიც მათ მისდევდა, უკან დაბრუნდა ამაოდ დევნის შემდეგ; და ამგვარად ამალიკიამ, თავისი გაიძვერობით, ხალხის გული მოიგო.
31 და იყო ასე, რომ მომდევნო დღეს იგი შევიდა თავისი ჯარებით ქალაქ ნეფიში და ქალაქს დაეუფლა.
32 და ახლა, იყო ასე, რომ დედოფალმა, როდესაც გაიგო მეფის მკვლელობის შესახებ – რადგან ამალიკიამ მიუგზავნა ელჩი დედოფალს ამბავით, რომ მეფე მოკლეს თავისმა მსახურებმა, რომ იგი მათ მისდევს თავისი ჯარით, მაგრამ ამაოდ, რადგან მათ მოახერხეს გაქცევა –
33 ამიტომ, როდესაც დედოფალმა მიიღო ეს გზავნილი, მან ამალიკიას შემოუთვალა, რომ სურდა, მას დაენდო ქალაქის ხალხი; ასევე სურდა, რომ ამალიკია მასთან მოსულიყო; ასევე დედოფალმა ისურვა, რომ მას თან მოეყვანა მოწმეები, რომლებიც დაამოწმებდნენ მეფის სიკვდილის შესახებ.
34 და იყო ასე, რომ ამალიკიამ აიყვანა იგივე მსახური, რომელმაც მეფე მოკლა და ყველა, ვინც მასთან იყვნენ და დედოფალთან მივიდა, იქ, სადაც იგი იჯდა; და ყველამ დაამოწმა დედოფლის წინაშე, რომ მეფე მოკლეს საკუთარმა მსახურებმა; და ასევე თქვეს: ისინი გაიქცნენ, ნუთუ არ მოწმობს ეს მათ წინააღმდეგ? და ამგვარად, მათ დაარწმუნეს დედოფალი იმაში, რაც მეფის სიკვდილს შეეხებოდა.
35 და იყო ასე, რომ ამალიკიამ მოიპოვა დედოფლის კეთილგანწყობა და იგი ცოლად მოიყვანა; და ასე, თავისი გაიძვერობითა და თავისი მზაკვარი მსახურების დახმარებით, მან მიიღო სამეფო, დიახ, იგი მეფედ სცნეს მთელ მიწაზე, მთლიანად ლამანიელ ხალხს შორის, რომელიც შედგებოდა ლამანიელების, ლემუელიელებისა და ისმაელიელებისგან და ნეფიელთა ყველა განდგომილებისგან, ნეფის მმართველობის დროიდან დღემდე.
36 ახლა, ამ განდგომილებს, ჰქონდათ რა იგივე სწავლებები და იგივე ცოდნა ნეფიელებისგან, დიახ, იყვნენ ისევე განსწავლულნი უფლის შესახებ, მიუხედავად ამისა, უცნაურია სათქმელად, რომ განდგომიდან ცოტა ხნის შემდეგ, გახდნენ უფრო გულგაქვავებულნი, მოუნანიებელნი და ლამანიელებზე უფრო ველურნი, ბოროტნი და სასტიკნი, ღრეობდნენ ლამანიელთა ჩვეულებებით; სიზარმაცეში და ყოველგვარ ავხორცობაში ატარებდნენ დროს; დიახ, სრულიად ივიწყებდნენ უფალს, თავიანთ ღმერთს.