წმინდა წერილი
ალმა 11


თავი 11

განიხილება ნეფიელთა ფულადი სისტემა. ამულეკი უპირისპირდება ზიზრომს. ქრისტე არ გამოიხსნის ცოდვებში მყოფ ადამიანებს. გადარჩებიან მხოლოდ ისინი, რომლებიც მემკვიდრეობით მიიღებენ ცათა სასუფეველს. ყოველი ადამიანი აღდგება უკვდავებაში. აღდგომის შემდეგ სიკვდილი არ იქნება. დაახლოებით 82 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 ახლა, ეს იყო მოსიას კანონი, რომ ყოველ კაცს, რომელიც კანონის მოსამართლე იყო ან მათ, რომლებიც მოსამართლეებად იყვნენ დანიშნულნი, ჯამაგირი უნდა მიეღოთ იმ დროის შესაბამისად, რაც მათ იშრომეს, რათა გაესამართლებინათ ისინი, რომლებიც მოჰყავდათ მათ წინაშე გასასამართლებლად.

2 ახლა, თუ ერთ ადამიანს ვალი ჰქონდა და არ უხდიდა მოვალეს, მაშინ მასზე მოვალე ჩიოდა მოსამართლესთან; და მოსამართლე იყენებდა უფლებამოსილებას და აგზავნიდა გუშაგებს, რათა ის ადამიანი მასთან მიეყვანათ; და იგი ასამართლებდა ამ კაცს, კანონისა და სამხილების შესაბამისად, რომლებსაც მის წინააღმდეგ აყენებდნენ; და ამგვარად, ადამიანს აიძულებდნენ ვალის გადახდას, თუ არადა, ან კარგავდა ქონებას, ან აძევებდნენ ხალხისგან, როგორც ქურდსა და ავაზაკს.

3 და მოსამართლე ჯამაგირს იღებდა დროის მიხედვით – დღეში ოქროს სენინს ან ვერცხლის სენუმს, რაც ოქროს სენინის ტოლფასი იყო; და ეს იმ კანონის შესაბამისად, რომელიც მოცემული იყო.

4 ახლა, ეს არის მათი სხვადასხვა ოქროსა და ვერცხლის მონეტების დასახელება, მათი ღირებულების შესაბამისად. და ეს სახელწოდებები დარქმეულ იქნა ნეფიელების მიერ, რადგან ისინი არ ითვლიდნენ ისე, როგორც იუდეველნი, რომლებიც იყვნენ იერუსალიმთან; არც იუდეველებივით არ ზომავდნენ; არამედ მოსამართლეთა მმართველობამდე ყოველ თაობაში ცვლიდნენ თავიანთ გამოთვლებსა და ზომებს ხალხის მოსაზრებებისა და პირობების შესაბამისად და ისინი დამტკიცებულნი იქნენ მეფე მოსიას მიერ.

5 ახლა, ასე ანგარიშობდნენ – ოქროს სენინი, ოქროს სეონი, ოქროს შუმი და ოქროს ლიმნა.

6 ვერცხლის სენუმი, ვერცხლის ამნორი, ვერცხლის ეზრომი და ვერცხლის ონტი.

7 ვერცხლის სენუმი ტოლფასი იყო ოქროს სენინის და ყოველი მათგანი იყო ქერის საზომი და ასევე ყველანაირი ხორბლეულის საფასურის საზომი.

8 ახლა, ოქროს სეონის ღირებულება, სენინის ღირებულებას ორჯერ აღემატებოდა.

9 და ოქროს შუმი ორჯერ აღემატებოდა სეონის ღირებულებას.

10 და ოქროს ლიმნას ღირებულება ყველას ტოლფასი იყო.

11 ვერცხლის ამნორი, ორი სენუმის ტოლფასი იყო.

12 და ვერცხლის ეზრომი იყო ოთხი სენუმის ტოლფასი.

13 და ყველა მათი ღირებულების ტოლფასი იყო ონტი.

14 ახლა, ასეთია მათ მიერ გამოთვლილი მცირე ერთეულების ღირებულება –

15 შიბლონი არის სენუმის ნახევარი, ამიტომ შიბლონი არის ქერის საზომის ნახევრის ტოლფასი.

16 შიბლუმი არის შიბლონის ნახევარი.

17 და ლეა არის შიბლუმის ნახევარი.

18 ახლა, ეს არის რაოდენობა მათი ანგარიშის მიხედვით.

19 ახლა, ოქროს ანტიონი სამი შიბლონის ღირებულების ტოლფასია.

20 ახლა, ეს მხოლოდ ერთი მიზნისთვის იყო – სარგებლის მისაღებად, რადგან ისინი იღებდნენ ჯამაგირს თავიანთი სამუშაოს შესაბამისად, ამიტომ ისინი ხალხში აღვივებდნენ წყრომას, ჯანყს, ყოველგვარ მღელვარებასა და სიბოროტეს, რათა ბევრი სამუშაო ჰქონოდათ, რომ ფული ეშოვნათ იმ სასამართლო დავებით, რომლებსაც მათ წინაშე წარადგენდნენ; ამიტომ, მათ გააღვივეს წყრომა ხალხში, ალმასა და ამულეკის წინააღმდეგ.

21 და ამ ზიზრომმა დაიწყო ამულეკის დაკითხვა სიტყვებით: მიპასუხებ თუ არა რამდენიმე კითხვაზე, რომლებსაც დაგისვამ? ახლა, ზიზრომი იყო კაცი, რომელიც მარჯვედ ფლობდა ეშმაკისეულ ფანდებს, რათა შეძლებოდა იმის განადგურება, რაც კარგი იყო, ამიტომ, მან უთხრა ამულეკს: მიპასუხებ თუ არა შეკითხვებზე, რომლებსაც დაგისვამ?

22 და ამულეკმა უპასუხა: დიახ, თუ ეს იქნება უფლის სულის შესაბამისი, რომელიც არის ჩემში, რადგან მე არაფერს ვიტყვი უფლის სულის საწინააღმდეგოს. და ზიზრომმა მას უთხრა: აი აქ არის ექვსი ვერცხლის ონტი; და ამ ყველაფერს მოგცემ, თუ უარყოფ უზენაესი არსების არსებობას.

23 ახლა, ამულეკმა უთხრა: შე ჯოჯოხეთის შვილო, რატომ მაცდუნებ? ნუთუ არ იცი, რომ მართალნი არ ნებდებიან ასეთ ცდუნებებს?

24 ნუთუ გწამს, რომ არ არის ღმერთი? მე გეუბნები: არა, შენ იცი, რომ ღმერთი არის, მაგრამ შენ მასზე მეტად სარგებელი უფრო გიყვარს.

25 და ახლა, შენ იცრუე ჩემთან ღმერთის წინაშე. შენ მითხარი: აჰა, ეს ექვსი ონტია, რომელსაც აქვს დიდი ფასი, მე მოგცემ მათ შენ, როდესაც გულში ჩაიფიქრე, რომ მათ არ მომცემდი; და შენი ერთადერთი სურვილი იყო, რომ უარმეყო ჭეშმარიტი და ცოცხალი ღმერთი, რომ შენ მიზეზი გქონოდა ჩემი განადგურებისათვის. და ახლა, აჰა, ამ დიდი ბოროტებისათვის შენ მიიღებ შენს საზღაურს.

26 და ზიზრომმა მას უთხრა: შენ ამბობ, რომ არის ჭეშმარიტი და ცოცხალი ღმერთი?

27 და ამულეკმა მიუგო: დიახ, არის, ჭეშმარიტი და ცოცხალი ღმერთი.

28 ახლა ზიზრომმა თქვა: არის ერთზე მეტი ღმერთი?

29 და მან უპასუხა: არა.

30 ახლა, ზიზრომმა მას კვლავ უთხრა: ეს ყველაფერი საიდან იცი?

31 და მან მიუგო: ეს ანგელოზმა გამანდო.

32 და ზიზრომმა კვლავ თქვა: ვინ არის ის, რომელიც მოვა? არის ის ღმერთის ძე?

33 და მან მიუგო მას: დიახ.

34 და ზიზრომმა კვლავ თქვა: გადაარჩენს იგი თავის ხალხს თავიანთ ცოდვებში? და ამულეკმა უპასუხა და უთხრა მას: მე შენ გეუბნები – არა, რადგან მას არ შეუძლია საკუთარი სიტყვის უარყოფა.

35 ახლა, ზიზრომმა უთხრა ხალხს: შეხედეთ, რათა დაიმახსოვროთ ყოველივე ეს; რადგან მან თქვა, რომ არის მხოლოდ ერთი ღმერთი, მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ მოვა ძე ღვთისა, მაგრამ არ გადაარჩენს თავის ხალხს, თითქოს აქვს უფლებამოსილება ღმერთს უბრძანოს.

36 ახლა, ამულეკმა მას კვლავ უთხრა: აჰა, შენ იცრუე, რადგან ამბობდი, რომ მე ვილაპარაკე, თითქოს უფლებამოსილება აქვს, ღმერთს უბრძანოს, ვინაიდან მე ვთქვი, რომ ის არ გადაარჩენს თავის ხალხს თავიანთ ცოდვებში.

37 კვლავ გეუბნები, რომ მას არ შეუძლია გადაარჩინოს ისინი თავიანთ ცოდვებში; რადგან არ შემიძლია მისი სიტყვების უარყოფა და მან თქვა, რომ არაფერ უწმინდურს არ შეუძლია მემკვიდრეობით მიიღოს ცათა სასუფეველი, ამიტომ როგორ იქნებით გადარჩენილნი, თუ ცათა სასუფეველს მემკვიდრეობით არ მიიღებთ? ამიტომ, თქვენ ვერ გადარჩებით თქვენს ცოდვებში.

38 ახლა, ზიზრომმა კვლავ უთხრა მას: მართალია, რომ ძე ღვთისა არის ნამდვილი მარადიული მამა?

39 და ამულეკმა მას მიუგო: დიახ, ის არის ნამდვილი მარადიული მამა, ზეცისა და დედამიწისა და ყველაფრისა, რაც მასზეა; ის არის დასაბამი და დასასრული, პირველი და ბოლო;

40 და ის მოვა ქვეყანაზე, რათა გამოისყიდოს თავისი ხალხი; და თავის თავზე აიღებს იმათ შეცოდებას, რომლებსაც მისი სახელი სწამთ; და ესენი არიან, რომლებსაც ექნებათ მარადიული სიცოცხლე და ხსნა სხვასთან არავისთან არ მოდის.

41 ამიტომ, ბოროტნი რჩებიან, თითქოს არც მომხდარიყო გამოსყიდვა, გარდა იმისა, რომ დაიმსხვრევა სიკვდილის ბორკილები, რადგან, აჰა, მოდის ის დღე, როდესაც მკვდრეთით ყველა აღდგება და წარსდგება ღმერთის წინაშე და განკითხულნი იქნებიან თავიანთი საქმეების შესაბამისად.

42 და ახლა, არის სიკვდილი, რომელსაც ეწოდება ხორციელი სიკვდილი; და ქრისტეს სიკვდილი დაამსხვრევს ხორციელი სიკვდილის ბორკილებს, ასე რომ, ყველა აღდგება ხორციელი სიკვდილისგან.

43 სული და სხეული კვლავ გაერთიანდება სწორი და სრულყოფილი ფორმით; კიდურებიც და სახსრებიც აღდგება შესაფერის სხეულში, ისე, როგორც ვართ ახლა, ამ დროს; და მიგვიყვანენ ღმერთის წინაშე წარსადგენად იმ ცოდნით, რაც ახლა გვაქვს, და საღად გვემახსოვრება ჩვენი ყველა დანაშაული.

44 ახლა, ეს აღდგენა ყველასთან მოვა: მოხუცთან და ახალგაზრდასთან, მონასთან და თავისუფალთან, მამრთან და მდედრთან, ბოროტთან და მართალთან; თმის ღერიც არ დაეკარგებათ მათ, არამედ ყველაფერი აღდგება თავის სრულყოფილ სხეულში ისე, როგორც არის ახლა ანუ სხეულში; და მოყვანილნი იქნებიან და წარსდგებიან სასამართლოს წინაშე – ძე ქრისტესი და მამა ღმერთისა და სულიწმინდისა, რომელნიც არიან ერთი მარადიული ღმერთი, რათა განიკითხონ თავიანთი საქმეების შესაბამისად, იყო რა ისინი კეთილი თუ ბოროტი.

45 ახლა, აჰა, მე გელაპარაკეთ მოკვდავი სხეულის სიკვდილის შესახებ, ასევე მოკვდავი სხეულის აღდგომაზე. მე გეუბნებით, რომ ეს მოკვდავი სხეული აღმდგარია უკვდავ სხეულში ანუ სიკვდილიდან ანუ პირველი სიკვდილიდან სიცოცხლეში, რათა ვეღარ შეძლონ სიკვდილი; მათი სულები ერთიანდება მათ სხეულებთან, რათა აღარასდროს არ დაშორდნენ ერთმანეთს; ამგვარად, ერთიანი ხდება სულიერი და უკვდავი, რათა აღარ იხილონ ხრწნა.

46 ახლა, როდესაც ამულეკმა დაასრულა ეს სიტყვები, ხალხმა კვლავ იწყო გაოცება, ასევე ზიზრომიც აკანკალდა. და ასე დასრულდა ამულეკის სიტყვები ანუ ეს არის ყველაფერი, რაც დავწერე.