წმინდა წერილი
ალმა 48


თავი 48

ამალიკია შუღლს აღვივებს ლამანიელებში ნეფიელთა წინააღმდეგ. მორონი ამზადებს თავის ხალხს, რათა დაიცვან ქრისტიანთა საქმე. იგი ხარობს თავისუფლებით და დამოუკიდებლობით და არის ღვთის ძლიერი კაცი. დაახლოებით 72 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, იყო ასე, რომ როგორც კი ამალიკიამ მიიღო მეფობა, მან დაიწყო ლამანიელთა გულების მომართვა ნეფის ხალხის წინააღმდეგ; დიახ, მან დანიშნა ადამიანები, რათა მათ მიემართათ ლამანიელთათვის თავიანთი კოშკებიდან ნეფიელების წინააღმდეგ.

2 და ასე, შთააგონა მათი გულები ნეფიელთა წინააღმდეგ იმდენად, რომ მოსამართლეთა მმართველობის მეცხრამეტე წლის დასასრულს, მან შეასრულა თავისი ჩანაფიქრები, დიახ, გახდა რა ლამანიელთა მეფე, იგი ცდილობდა მთელი იმ მიწის მმართველობას, დიახ, მთელი ხალხის იმ მიწაზე, ნეფიელების და ასევე ლამანიელებისა.

3 ამიტომ, მან შეასრულა ჩანაფიქრი, რადგან გააქვავა ლამანიელთა გულები და დაუბრმავა გონება, გააღვივა მათში წყრომა იმდენად, რომ ერთად შეკრიბა უთვალავი მხედრობა ნეფიელების წინააღმდეგ საბრძოლველად.

4 რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა, მისი ხალხის დიდი რაოდენობის გამო, ნეფიელების დაძლევა და მონობაში ჩაგდება.

5 და ამგვარად, მან დანიშნა მთავარსარდლებად ზორამიელები, რადგან მათ ყველაზე კარგად იცოდნენ ნეფიელთა ძალის შესახებ, მათ თავშესაფრებზე და მათი ქალაქების ყველაზე სუსტ ადგილებზე; ამიტომ, მან ისინი თავისი ჯარების მთავარსარდლებად დანიშნა.

6 და იყო ასე, რომ მათ თავიანთი ბანაკი აკრიფეს და უდაბნოში, ზარაჰემლას მიწისკენ გაემართნენ.

7 და იყო ასე, რომ იმ დროს, როდესაც ამალიკია ამგვარი გაიძვერობითა და სიცრუით იღებდა ძალაუფლებას, მეორე მხრივ მორონი ამზადებდა ხალხის შეგნებას, რათა ერთგულნი ყოფილიყვნენ უფლის, თავიანთი ღმერთის, მიმართ.

8 დიახ, იგი აძლიერებდა ნეფიელთა ჯარებს და აშენებდა მცირე ციხე-სიმაგრეებს ანუ თავშესაფრებს; მიწაყრილებს, რათა შემოეფარგლა თავისი ჯარები და ასევე აშენებდა ქვის კედლებს მათ შემოსაფარგლავად მათი ქალაქებისა და მიწების საზღვრების გარშემო; დიახ, მთელი მიწის გარშემო.

9 და ყველაზე სუსტ სიმაგრეებში იგი განათავსებდა ჯარისკაცების დიდ რაოდენობას; და ასე ამაგრებდა და განამტკიცებდა მიწას, რომელსაც ნეფიელები ფლობდნენ.

10 და ასე ემზადებოდა იგი, რათა დაეცვა თავისუფლება, მიწები, ცოლები და შვილები და მათი მშვიდობა და რომ შეძლებოდათ ცხოვრება უფლისათვის, თავიანთი ღმერთისთვის, და შეძლებოდათ ეკეთებინათ ის, რასაც მათი მტრები ქრისტიანების საქმეს უწოდებდნენ.

11 და მორონი იყო ძლიერი და ძლევამოსილი კაცი; იგი იყო სრულყოფილი შეგნების ადამიანი; დიახ, ადამიანი, რომელიც არ ხარობდა სისხლისღვრით; კაცი, რომლის სული ხარობდა თავისი ქვეყნის თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით და თავისი ძმების ტყვეობისა და მონობისგან თავისუფლებით.

12 დიახ, ადამიანი, რომლის გული ივსებოდა თავისი ღმერთისადმი მადლიერებით, იმ მრავალი უპირატესობებისა და კურთხევებისათვის, რომლებიც მოავლინა მან მის ხალხზე; კაცი, რომელიც დაუღალავად შრომობდა თავისი ხალხის კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის.

13 დიახ, იგი იყო ადამიანი, რომელიც მტკიცე იყო ქრისტეს რწმენაში და ფიცით დაიფიცა, რომ დაიცავდა თავის ხალხს, თავის უფლებებს და თავის ქვეყანას და თავის სარწმუნოებას, საკუთარი სისხლის ფასადაც კი.

14 ახლა, ნეფიელები განსწავლულნი იყვნენ, როგორ დაეცვათ თავი მტრებისგან, თუ საჭირო იქნებოდა, სისხლისღვრითაც კი; დიახ, ასევე განსწავლულნი იყვნენ, არასდროს არ დასხმოდნენ თავს, დიახ, არასდროს არ აღემართათ მახვილი, მხოლოდ მტრების წინააღმდეგ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად.

15 და მათ სწამდათ, რომ ასეთი ქცევისთვის ღმერთი მათ ააყვავებდა ამ მიწაზე ანუ სხვა სიტყვებით, თუ ერთგულნი იქნებოდნენ ღმერთის მცნებების დაცვაში, იგი მათ ააყვავებდა ამ მიწაზე; დიახ, გააფრთხილებდა, როდის უნდა გაქცეულიყვნენ ან ომისთვის მომზადებულიყვნენ, მოსალოდნელი საფრთხის შესაბამისად.

16 და ასევე, რომ ღმერთი მათ აცნობებს, საით უნდა წავიდნენ, რათა თავი დაიცვან მტრებისგან და ამგვარად უფალი მათ გამოიხსნიდა; და ასეთი იყო მორონის რწმენა და მისი გული ბრწყინავდა ამით; არა სისხლისღვრით, არამედ სიკეთის კეთებით, თავისი ხალხის დაცვით, დიახ, ღმერთის მცნებების დაცვით, დიახ, სისაძაგლისადმი წინააღმდეგობით.

17 დიახ, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: ყველა ადამიანი რომ ყოფილიყო და იყო და გამხდარიყო მორონის მაგვარი, აჰა, ჯოჯოხეთის ძალებიც კი დაინგრეოდა სამუდამოდ; დიახ, ეშმაკს არასდროს ექნებოდა ძალა ადამიანთა შვილების გულებზე.

18 აჰა, იგი იყო კაცი, როგორც ამონი, მოსიას შვილი, დიახ, მოსიას სხვა შვილებივითაც კი, დიახ, ასევე ალმას და მისი შვილებივით, რადგან ისინი ყველანი იყვნენ ღვთის ადამიანები.

19 ახლა, აჰა, ჰელამანი და მისი ძმები იყვნენ მორონიზე არანაკლებ სასარგებლონი ხალხისათვის; რადგან ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ და მოსანანიებლად ნათლავდნენ ყველა ადამიანს, რომელიც მათ სიტყვებს ყურს დაუგდებდა.

20 და ასე, ისინი მივიდნენ და ხალხმა თავი დაიმდაბლა მათი სიტყვების გამო იმდენად, რომ ისინი უფლისგან იყვნენ მადლით მოსილნი და ამგვარად თავისუფალნი იყვნენ ერთმანეთში ომებსა და განხეთქილებებისგან, დიახ, ოთხი წლის განმავლობაშიც კი.

21 მაგრამ, როგორც ვთქვი, მეცხრამეტე წლის დასასრულს, დიახ, მიუხედავად ერთმანეთში მშვიდობიანობისა, იძულებულნი იყვნენ მათი ნების გარეშე, ებრძოლათ თავიანთი ძმების, ლამანიელების, წინააღმდეგ.

22 დიახ, საბოლოო ჯამში, მათი ომები ლამანიელებთან არასდროს შეწყვეტილა მრავალი წლის განმავლობაში, მიუხედავად მათი სურვილის არქონისა.

23 ახლა, ისინი წუხდნენ, რომ იარაღი უნდა აეღოთ ლამანიელთა წინააღმდეგ, რადგან არ ხარობდნენ სისხლისღვრით; დიახ, ამის გარდა, ისინი წუხდნენ, რომ მათი მეშვეობით თავიანთი ამდენი ძმა, ამ ქვეყნიდან მარადიულ სამყაროში მოუმზადებელი წავიდა, თავიანთ ღმერთთან შესახვედრად.

24 ამისდა მიუხედავად, ისინი არ დაუშვებდნენ, რომ სიცოცხლე დაეთმოთ, რომ თავიანთი ცოლები და შვილები ბარბაროსული სისასტიკით ამოეჟლიტათ იმათ, რომლებიც ოდესღაც მათი ძმები იყვნენ, დიახ, განუდგნენ მათ ეკლესიას და მიატოვეს ისინი და ლამანიელებთან გაერთიანებით წავიდნენ მათ გასანადგურებლად.

25 დიახ, ვერ აიტანდნენ, რომ მათი ძმები ნეფიელთა სისხლით გახარებულიყვნენ, სანამ ვინმე იყო დარჩენილი, რომელიც იცავდა ღმერთის მცნებებს, რადგან უფლის დაპირებაში ითქვა: თუ ისინი დაიცავენ მის მცნებებს, აყვავდებიან ამ მიწაზე.