თავი 62
მორონი მიემართება გიდეონის მიწაზე პახორანის დასახმარებლად. მეფის მომხრეებს, რომლებიც უარს ამბობენ თავიანთი სამშობლოს დაცვაზე, ხოცავენ. პახორანი და მორონი ხელახლა იპყრობენ ნეფიჰას. მრავალი ლამანიელი უერთდება ამონის ხალხს. ტეანკუმი კლავს ამორონს და შემდეგ თავად კვდება. ლამანიელებს აძევებენ მიწიდან და მშვიდობა მყარდება. ჰელამანი უბრუნდება მსახურებას და ეკლესიას ამტკიცებს. დაახლოებით 62–57 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და ახლა, იყო ასე, როდესაც მორონიმ მიიღო ეს წერილი, მისი გული გამხნევდა და აღივსო ძალზედ დიდი სიხარულით პახორანის ერთგულების გამო, რომ იგი არ იყო თავისუფლებისა და თავისი სამშობლოს საქმის მოღალატე.
2 მაგრამ ასევე ძალზედ დაღონდა მათი ურჯულოების გამო, რომლებმაც განდევნეს პახორანი მოსამართლის სავარძლიდან ანუ მათ გამო, რომლებიც აჯანყდნენ თავიანთ სამშობლოსა და ასევე თავიანთი ღმერთის წინააღმდეგ.
3 და იყო ასე, რომ მორონიმ აიყვანა ჯარისკაცების მცირე ჯგუფი, პახორანის სურვილისამებრ, და დანარჩენი თავისი ჯარის მეთაურობა გადასცა ლეხისა და ტეანკუმს და გიდეონის მიწისკენ გაილაშქრა.
4 და მან აღმართა თავისუფლების ალამი ყველა ქალაქში, რომელშიც შევიდა; და აგროვებდა ყოველგვარ ძალას, რასაც შეძლებდა, გიდეონის მიწისკენ ლაშქრობისას.
5 და იყო ასე, რომ ათასობით შეიკრიბნენ მისი ალმის ქვეშ, აიღეს ხმლები თავიანთი თავისუფლების დასაცავად, რათა მონობაში არ ჩაცვენილიყვნენ.
6 და ასე, როდესაც მორონიმ ერთად შეკრიბა ჯარისკაცები, რომელთა შეგროვებაც ლაშქრობისას შეძლო, იგი მივიდა გიდეონის მიწაზე და შეუერთდა თავისი ძალებით პახორანის ძალებს და ისინი ძალზედ გაძლიერდნენ, გახდნენ პაქუსის ჯარისკაცებზე უფრო ძლიერნი, რომელიც იყო იმ განდგომილთა მეფე, რომლებმაც თავისუფლების მომხრეები განდევნეს ზარაჰემლას მიწიდან და მიწას დაეუფლნენ.
7 და იყო ასე, რომ მორონი და პახორანი ჩავიდნენ საკუთარი ჯარებით ზარაჰემლას მიწაზე და ქალაქის წინააღმდეგ გამოვიდნენ და პაქუსის ჯარისკაცებს შეხვდნენ ისე, რომ დაიწყეს ბრძოლა.
8 და აჰა, პაქუსი მოკლეს და მისი ჯარისკაცები დაატყვევეს და პახორანი აღადგინეს თავის მოსამართლის სავარძელზე.
9 და პაქუსის ჯარისკაცები გაასამართლეს კანონის შესაბამისად, ასევე მეფის ის მომხრეები, რომლებიც შეიპყრეს, საპყრობილეში ჩაყარეს და კანონის შესაბამისად სიკვდილით დასაჯეს; დიახ, პაქუსის ის ჯარისკაცები და მეფის მომხრეები, რომლებმაც უარყვეს იარაღის აღება თავიანთი სამშობლოს დასაცავად და ისურვეს მის წინააღმდეგ ბრძოლა, სიკვდილით დასაჯეს.
10 და ამგვარად, გახდა აუცილებელი, რომ ეს კანონი მკაცრად დაეცვათ საკუთარი სამშობლოს უსაფრთხოებისთვის; დიახ, ნებისმიერს, რომელსაც იპოვიდნენ თავიანთი თავისუფლების მოწინააღმდეგეს, კანონის შესაბამისად, დაუყოვნებლივ სიკვდილით სჯიდნენ.
11 და ასე დასრულდა ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის ოცდამეათე წელი; მორონიმ და პახორანმა ზარაჰემლას მიწაზე მშვიდობა აღადგინეს თავიანთ საკუთარ ხალხში და სიკვდილით დასაჯეს ყველა, ვინც არ იყო თავისუფლების საქმის ერთგული.
12 და იყო ასე, ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის ოცდამეთერთმეტე წლის დასაწყისში, მორონიმ უმალ ბრძანა, რომ სურსათი და ექვსი ათასი ჯარისკაცისგან შემდგარი ჯარი ჰელამანისთვის გაეგზავნათ, მიწის იმ ნაწილის დაცვაში დასახმარებლად.
13 და ასევე ბრძანა, რომ ექვსი ათასი ჯარისკაცისგან შემდგარი ჯარი, სურსათის საკმარისი მარაგით, გაეგზავნათ ლეხისა და ტეანკუმის ჯარებისთვის. და იყო ასე, რომ ეს მოიმოქმედეს ლამანიელთა წინააღმდეგ მიწის გასამაგრებლად.
14 და იყო ასე, რომ მორონიმ და პახორანმა ჯარისკაცების დიდი ნაწილი დატოვეს ზარაჰემლას მიწაზე და ჯარისკაცების ასევე დიდი ნაწილით გაემართნენ ნეფიჰას მიწისკენ, ჰქონდათ რა გადაწყვეტილი ლამანიელების ქალაქიდან გაძევება.
15 და იყო ასე, რომ იმ დროს, როდესაც მიწისკენ მიემართებოდნენ, ლამანიელთა დიდი ჯგუფი შეიპყრეს, მრავალი მათგანი დახოცეს და მათი სანოვაგე და საომარი იარაღი აიღეს.
16 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც ისინი შეიპყრეს, აიძულეს, აღთქმა დაედოთ, რომ აღარ აიღებდნენ საომარ იარაღს ნეფიელთა წინააღმდეგ.
17 და როდესაც ეს აღთქმა დადეს, მათ გაუშვეს ისინი, რათა ეცხოვრათ ამონის ხალხთან და რომლებიც არ დახოცეს, რაოდენობით ოთხი ათასნი იყვნენ.
18 და იყო ასე, რომ როდესაც ისინი გაუშვეს, მათ გააგრძელეს ლაშქრობა ნეფიჰას მიწისკენ. და იყო ასე, რომ როდესაც ქალაქ ნეფიჰასთან მივიდნენ, მათ გაშალეს კარვები ნეფიჰას ველებზე, რომელიც ქალაქ ნეფიჰასთან ახლოს მდებარეობდა.
19 ახლა, მორონის სურდა, რომ ლამანიელები გამოსულიყვნენ ველებზე საბრძოლველად; მაგრამ ლამანიელებმა იცოდნენ რა მათი დიდი გამბედაობის შესახებ და ხედავდნენ რა მათ დიდ სიმრავლეს, ვერ ბედავდნენ მათ წინააღმდეგ გამოსვლას; ამის გამო, ისინი იმ დღეს საბრძოლველად არ გამოსულან.
20 და როდესაც დაღამდა, მორონი გამოვიდა ღამის წყვდიადში და ქალაქის გალავანზე აძვრა სათვალთვალოდ, რათა გაეგო, ქალაქის რომელ ნაწილში იყვნენ ლამანიელები თავიანთი ჯარით დაბანაკებულნი.
21 და იყო ასე, რომ ისინი აღმოსავლეთით, შესასვლელთან იყვნენ და ყველას ეძინა. და ახლა, მორონი დაუბრუნდა თავის ჯარს და უბრძანა, სასწრაფოდ მოემზადებინათ მაგარი თოკები და კიბეები, რათა ზემოდან ჩამოეშვათ გალავნის შიდა მხარეს.
22 და იყო ასე, რომ მორონიმ თავის ჯარისკაცებს უბრძანა, რომ წინ წასულიყვნენ და გალავნის თავზე ამძვრალიყვნენ და ჩასულიყვნენ ქალაქის იმ ნაწილში, დიახ, დასავლეთით, სადაც ლამანიელები არ იყვნენ თავიანთი ჯარებით დაბანაკებულნი.
23 და იყო ასე, რომ ღამით ყველანი გადაძვრნენ, თავიანთი მაგარი თოკებისა და კიბეების მეშვეობით; ამგვარად, როდესაც გათენდა, ყოველი მათგანი ქალაქის გალავნის შიგნით იმყოფებოდა.
24 და ახლა, როდესაც ლამანიელებმა გაიღვიძეს და იხილეს, რომ მორონის ჯარები ქალაქის გალავნის შიგნით იმყოფებოდნენ, ძალზედ შეშინდნენ, იმდენად, რომ გასასვლელიდან გარეთ გაიქცნენ.
25 და ახლა, როდესაც მორონიმ იხილა, რომ ისინი მისგან გარბოდნენ, მან უბრძანა თავის ჯარისკაცებს, გამოსულიყვნენ მათ წინააღმდეგ და მრავალი დახოცეს და ბევრიც ალყაში მოაქციეს და დაატყვევეს; დანარჩენნი გაიქცნენ მორონის მიწაზე, რომელიც ზღვის სანაპიროს საზღვრებთან მდებარეობდა.
26 ამგვარად, მორონიმ და პახორანმა აიღეს ქალაქი ნეფიჰა და არ დაკარგეს არც ერთი სული; და იქ იყო მრავალი ლამანიელი, რომლებიც დახოცეს.
27 ახლა, იყო ასე, რომ მრავალ დატყვევებულ ლამანიელს სურდა, ამონის ხალხს შეერთებოდა და თავისუფალი ხალხი ყოფილიყო.
28 და იყო ასე, რომ ყოველივეს, ვინც ასე მოისურვა, მიეცა სურვილისამებრ მოქცევის საშუალება.
29 ამიტომ, ყველა ლამანიელი ტყვე შეუერთდა ამონის ხალხს და დაიწყეს ბეჯითად შრომა, მიწის დამუშავება, ყველანაირი მარცვლეულის მოყვანა და ყოველნაირი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის მოშენება; და ამგვარად, ნეფიელები განთავისუფლდნენ მძიმე ტვირთისგან; დიახ, ამგვარად ისინი განთავისუფლდნენ ყოველი ტყვე ლამანიელისგან.
30 ახლა, იყო ასე, რომ მორონიმ, მას შემდეგ, რაც აიღო ქალაქი ნეფიჰა, დაატყვევა რა მრავალი ტყვე, რამაც ლამანიელთა ჯარები ძალზედ დაასუსტა და დაიბრუნა რა მრავალი ნეფიელი, რომელიც დატყვევებული იყო, რამაც მორონის ჯარი ძალზედ განამტკიცა; ამიტომ მორონი ნეფიჰას მიწიდან ლეხის მიწისკენ წავიდა.
31 და იყო ასე, რომ როდესაც ლამანიელებმა იხილეს, რომ მორონი მათ წინააღმდეგ მოდიოდა, მათ კვლავ შეეშინდათ და მორონის ჯარს გაექცნენ.
32 და იყო ასე, რომ მორონი და მისი ჯარი მათ მისდევდნენ ქალაქიდან ქალაქში, სანამ მათ არ შეხვდნენ ლეხი და ტეანკუმი; და ლამანიელები გაექცნენ ლეხისა და ტეანკუმს, თვით ზღვის სანაპიროს საზღვრებთან, სანამ მორონის მიწაზე არ მოვიდნენ.
33 და ლამანიელთა ჯარები ერთად შეიკრიბნენ, ამგვარად, ისინი გაერთიანდნენ მორონის მიწაზე. ახლა, მათთან ერთად იყო ამორონი, ლამანიელთა მეფე.
34 და იყო ასე, რომ მორონი, ლეხი და ტეანკუმი დაბანაკდნენ თავიანთი ჯარებით მორონის მიწის საზღვრების გარშემო, იმგვარად, რომ ლამანიელები გარშემორტყმულნი იყვნენ სამხრეთით უდაბნოს საზღვრებთან და აღმოსავლეთით უდაბნოს საზღვრებთან.
35 ამგვარად, ისინი ღამისთვის დაბანაკდნენ. რადგან, აჰა, ნეფიელებიც და ასევე ლამანიელებიც ძალზედ დაქანცულები იყვნენ ლაშქრობის სიმძიმისგან; ამიტომ, ღამის განმავლობაში ვერავინ, ტეანკუმის გარდა, ვერანაირი სამხედრო ფანდის გამოყენება ვერ მოახერხა; რადგან იგი ძალზედ განრისხებული იყო ამორონზე, იმდენად, რომ თვლიდა, რომ ამორონი და მისი ძმა ამალიკია, იყვნენ ამ დიდი და ხანგრძლივი ომის მიზეზი მათსა და ლამანიელთა შორის, რამაც მოიტანა ამდენი ომი და სისხლისღვრა, დიახ, და ასეთი დიდი შიმშილი.
36 და იყო ასე, რომ ტეანკუმი, თავის მრისხანებაში, მივიდა ლამანიელთა ბანაკში და გადაძვრა ქალაქის კედლებზე და გადადიოდა თოკით ერთი ადგილიდან მეორეზე, ისე, რომ მეფეს მიაგნო და შუბი სტყორცნა, რომელიც გულთან ახლოს ჩაერჭო. მაგრამ, აჰა, მეფემ გაიღვიძა და სანამ მოკვდებოდა, თავისი მსახურებიც გააღვიძა, ისე რომ ისინი ტეანკუმს გამოედევნენ და მოკლეს იგი.
37 ახლა, იყო ასე, რომ როდესაც ლეხიმ და მორონიმ გაიგეს, რომ ტეანკუმი მოკვდა, ისინი ძალზედ დაღონდნენ; რადგან, აჰა, იგი იყო კაცი, რომელიც მამაცად იბრძოდა თავის სამშობლოსთვის, დიახ, თავისუფლების ჭეშმარიტი ქომაგი; და მან გადაიტანა ძალზედ ბევრი მძიმე გაჭირვება. მაგრამ, აჰა, იგი მოკვდა და წავიდა ყველა მიწიერის გზით.
38 ახლა, იყო ასე, რომ მორონი მომდევნო დღეს წინ წავიდა და თავს დაესხა ლამანიელებს ისე, რომ ისინი დიდი ხოცვა-ჟლეტით ამოხოცეს; და მიწიდან გააძევეს; და ისინი გაიქცნენ ისე, რომ ამჯერად ნეფიელების წინააღმდეგ აღარც მობრუნებულან.
39 და ასე დასრულდა ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის ოცდამეთერთმეტე წელი; ამგვარად, მათ მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდათ ომები და სისხლისღვრა, შიმშილი და გაჭირვება.
40 და იყო მკვლელობები, განხეთქილებები და განდგომა და ყოველნაირი ურჯულოება ნეფის ხალხს შორის; მიუხედავად ამისა, მართალთა გულისთვის, დიახ, მართალთა ლოცვების გამო, ისინი დაინდეს.
41 მაგრამ, აჰა, ნეფიელებსა და ლამანიელებს შორის მეტისმეტად ხანგრძლივი ომის გამო, მრავალთ გაიქვავეს გული მეტისმეტად ხანგრძლივი ომის გამო; და მრავალთ მოულბათ გული, თავიანთი გაჭირვების გამო, იმდენად, რომ მათ ღმერთის წინაშე თავი დაიმდაბლეს, ღრმა თავმდაბლობითაც კი.
42 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც მორონიმ გაამაგრა მიწის ის მხარეები, რომლებიც ყველაზე დაუცველი იყო ლამანიელებისგან, სანამ ისინი საკმაოდ გაძლიერდნენ, იგი დაბრუნდა ქალაქ ზარაჰემლაში და ასევე ჰელამანი დაუბრუნდა თავის მემკვიდრეობის ადგილს და ნეფის ხალხში კვლავ მშვიდობამ დაისადგურა.
43 და მორონიმ თავისი ჯარის მეთაურობა შვილს გადასცა, რომლის სახელი იყო მორონიჰა; და იგი განმარტოვდა საკუთარ სახლში, რათა დარჩენილი დღეები მშვიდად გაეტარებინა.
44 და პახორანი დაუბრუნდა მოსამართლის სავარძელს და ჰელამანმა კვლავ აიღო თავის თავზე ხალხისათვის ღმერთის სიტყვის ქადაგება; რადგან ამდენი ომისა და განხეთქილების გამო კვლავ აუცილებელი გახდა ეკლესიაში წესრიგის დამყარება.
45 ამიტომ, ჰელამანი და მისი ძმები დადიოდნენ და აუწყებდნენ ღვთის სიტყვას დიდი ძალით, მრავალი ადამიანის თავისავე სიბოროტეში დასარწმუნებლად, რაც მათ აიძულებდა საკუთარი ცოდვების მონანიებას და უფლისათვის, თავიანთი ღმერთისთვის, ნათლობას.
46 და იყო ასე, რომ მათ კვლავ განამტკიცეს ღმერთის ეკლესია მთელს მიწაზე.
47 დიახ, წესრიგი დამყარდა კანონთან დაკავშირებით. და არჩეულ იქნენ მათი მოსამართლეები და მთავარი მოსამართლეები.
48 და ნეფის ხალხმა კვლავ დაიწყო აყვავება და გამრავლება მიწაზე და კვლავ ძალზედ განმტკიცდა იმ მიწაზე. და დაიწყეს მეტისმეტად გამდიდრება.
49 მაგრამ, მიუხედავად თავიანთი სიმდიდრის ან თავიანთი ძალის ან წარმატებისა, არ იყვნენ ამპარტავნობით აღზევებულნი საკუთარ თვალში; არც ზანტნი იყვნენ უფლის, თავიანთი ღმერთის, გახსენებაში; არამედ თავს უსაზღვროდ იმდაბლებდნენ მის წინაშე.
50 დიახ, მათ ახსოვდათ, რა დიდი რამ გააკეთა მათთვის უფალმა, რომ გამოიხსნა სიკვდილისგან და მონობისგან, საპყრობილეებიდან და ყველანაირი გაჭირვებიდან და გამოიხსნა ისინი თავიანთი მტრის ხელიდან.
51 და ისინი გამუდმებით ლოცულობდნენ უფლისადმი, საკუთარი ღმერთისადმი, ისე, რომ უფალმა აკურთხა ისინი საკუთარი სიტყვის შესაბამისად, ამგვარად, ისინი მიწაზე აყვავდნენ და განმტკიცდნენ.
52 და იყო ასე, რომ ყოველივე ეს მოხდა. და ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის ოცდამეთხუთმეტე წელს გარდაიცვალა ჰელამანი.