წმინდა წერილი
ალმა 21


ამბავი აარონის, მულოკისა და მათი ძმების ლამანიელთათვის ქადაგების შესახებ.

შეიცავს 21-დან 25-ე თავის ჩათვლით.

თავი 21

აარონი ასწავლის ამალეკიელებს ქრისტესა და მისი გამოსყიდვის შესახებ. აარონი და მისი ძმები დაპატიმრებულნი არიან მიდონში. თავიანთი გამოხსნის შემდეგ ისინი ასწავლიან სინაგოგებში და მრავალთ მოაქცევენ. ლამონი უბოძებს ისმაელის მიწის ხალხს რელიგიურ თავისუფლებას. დაახლოებით 90–77 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 ახლა, როდესაც ამონი და მისი ძმები დაშორდნენ ერთმანეთს ლამანიელთა მიწის საზღვრებთან, აჰა, აარონი გაემართა მიწისკენ, რომელსაც ლამანიელნი უწოდებდნენ იერუსალიმს, თავიანთი მამების წარმოშობის მიწის სახელწოდების მიხედვით; და ის იყო შორს და უერთდებოდა მორმონის საზღვრებს.

2 ახლა, ლამანიელებმა, ამალეკიელებმა და ამულონის ხალხმა ააშენეს დიდი ქალაქი, რომელსაც იერუსალიმი ერქვა.

3 ახლა, ლამანიელები თავად იყვნენ საკმაოდ გულქვანი, მაგრამ ამალეკიელები და ამულონიელები უფრო გულქვანი იყვნენ; ამიტომ, ისინი უბიძგებდნენ ლამანიელებს უფრო მეტი გულქვაობისკენ, რომ ისინი უფრო ჩაფლულიყვნენ სიბოროტესა და სისაძაგლეში.

4 და იყო ასე, რომ აარონი მოვიდა ქალაქ იერუსალიმში და პირველ რიგში ამალეკიელებს დაუწყო ქადაგება. და დაუწყო მათ ქადაგება სინაგოგებში, რადგან მათ სინაგოგები ააშენეს ნეჰორიელთა წესის მიხედვით; რადგან მრავალი ამალეკიელი და ამულონიელი ნეჰორიელთა წესისა იყო.

5 ამიტომ, როგორც კი აარონი შევიდა მათ ერთ-ერთ სინაგოგაში, რათა ხალხისთვის ექადაგა და როდესაც მათ ელაპარაკებოდა, აჰა, ამალეკიელი წამოდგა და დაიწყო მასთან დაპირისპირება სიტყვებით: რა არის ის, რაზედაც მოწმობ? იხილე შენ ანგელოზი? ჩვენ რატომ არ გვეცხადებიან ანგელოზები? ნუთუ ეს ხალხი არ არის ისეთივე კარგი, როგორიც შენი?

6 შენ ასევე ამბობ: თუ არ მოვინანიებთ – დავიღუპებით. საიდან იცი ჩვენი გულის ფიქრები და ზრახვები? საიდან იცი, რომ მონანიებისათვის გვაქვს მიზეზი? საიდან იცი, რომ ჩვენ არ ვართ სამართლიანი ხალხი? აჰა, ჩვენ ავაშენეთ საკურთხევლები და ერთად ვიკრიბებით, რათა თაყვანი ვცეთ ღმერთს. ჩვენ გვწამს, რომ ღმერთი გადაარჩენს ყოველ ადამიანს.

7 და ახლა, აარონმა მას უთხრა: გწამს თუ არა, რომ ძე ღვთისა მოვა კაცობრიობის ცოდვებისგან გამოსასყიდად?

8 და კაცმა მას უთხრა: ჩვენ არ გვწამს, რომ შენ იცი რაიმე ასეთი. ჩვენ არ გვწამს ამ უგუნური ჩვეულებებისა. ჩვენ არ გვწამს, რომ შენ იცი იმაზედ, რაც მოვა, ჩვენ არც ის გვწამს, რომ შენმა მამებმა და ასევე ჩვენმა მამებმა იცოდნენ იმის შესახებ, რასაც ლაპარაკობდნენ, იმაზედ, რაც უნდა მოვიდეს.

9 ახლა, აარონმა დაიწყო მათთვის წმინდა წერილების ახსნა, ქრისტეს მოსვლისა და ასევე მკვდრეთით აღდგომის შესახებ, რომ არ იქნება კაცობრიობის გამოსყიდვა, გარდა ქრისტეს სიკვდილისა და ტანჯვის მეშვეობით და მისი სისხლის გამოსყიდვით.

10 და იყო ასე, რომ როდესაც მან დაიწყო მათთვის ამის ახსნა, ისინი მასზე ძალზედ განრისხდნენ და დაიწყეს მისი დაცინვა; და არ ისმენდნენ სიტყვებს, რომლებსაც ის მათ ეუბნებოდა.

11 ამიტომ, როდესაც მან იხილა, რომ ისინი არ უსმენდნენ მის სიტყვებს, ის გავიდა მათი სინაგოგიდან და წავიდა სოფელში, რომელსაც ეწოდებოდა ანი-ანტი და იქ იპოვა მულოკი, რომელიც მათ სიტყვას უქადაგებდა; ასევე ამაჰი და მისი ძმები. და ისინი მრავალთ ეკამათებოდნენ სიტყვის შესახებ.

12 და იყო ასე, რომ მათ იხილეს, რომ ხალხმა გაიქვავა გული, ამიტომ ისინი წავიდნენ და მივიდნენ მიდონის მიწაზე. და მათ ბევრს უქადაგეს სიტყვა და რამდენიმემ იწამა სიტყვები, რომლებსაც ისინი ასწავლიდნენ.

13 ამისდა მიუხედავად, აარონი და მისი ძმებისაგან რამდენიმე შეიპყრეს და საპყრობილეში ჩაყარეს და დანარჩენნი მიდონის მიწიდან გაიქცნენ შემოგარენში.

14 და მათ, რომლებიც საპყრობილეში ჩაყარეს, გადაიტანეს მრავალი რამ და გამოხსნილ იქნენ ლამონისა და ამონის ხელით; და ისინი დააპურეს და შემოსეს.

15 და ისინი კვლავ წინ წავიდნენ, რათა სიტყვა ეუწყებინათ; და ამგვარად, ისინი პირველად გამოხსნილ იქნენ საპყრობილიდან; და ასე დაიტანჯნენ ისინი.

16 და ისინი წინ მიდიოდნენ, სადაც კი უფლის სული გაუძღვებოდათ, ქადაგებდნენ რა ღვთის სიტყვას ამალეკიელთა ყოველ სინაგოგაში ან ლამანიელთა ყოველ შეკრებაზე, სადაც შეიძლებოდა მათი დასწრება.

17 და იყო ასე, რომ უფალმა დაიწყო მათი კურთხევა, ისე, რომ მრავალი მოიყვანეს ჭეშმარიტების ცოდნისკენ, დიახ, მათ ბევრი დაარწმუნეს საკუთარი ცოდვებისა და მათი მამების ჩვეულებების შესახებ, რომლებიც არასწორი იყო.

18 და იყო ასე, რომ ამონი და ლამონი დაბრუნდნენ მიდონის მიწიდან ისმაელის მიწაზე, რომელიც მათი მემკვიდრეობის მიწა იყო.

19 და მეფე ლამონმა არ დაუშვა, რომ ამონს ემსახურა მისთვის ან ყოფილიყო მისი მსახური.

20 მაგრამ ბრძანა, ისმაელის მიწაზე აშენებულიყო სინაგოგები; და ბრძანა, რომ მისი ხალხი ანუ ხალხი, რომელიც იმყოფებოდა მისი მმართველობის ქვეშ, ერთად შეკრებილიყო.

21 და მას უხაროდა მათ გამო და ასწავლიდა ბევრ რამეს. და მან ასევე აუწყა მათ, რომ ისინი არიან მისი მმართველობის ქვეშ მყოფი ხალხი და რომ არიან თავისუფალი ხალხი და არიან თავისუფალნი მისი მამის, მეფის, ჩაგვრისგან; რადგან მისმა მამამ უბოძა მას, ყოფილიყო ხალხის მმართველი, რომელიც იყო ისმაელის მიწაზე და მის შემოგარენში.

22 და მან ასევე აუწყა მათ, რომ შეეძლოთ თავისუფალნი ყოფილიყვნენ თავიანთი უფალი ღმერთის თაყვანისცემაში, საკუთარი სურვილის შესაბამისად, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, თუ ეს იქნებოდა მიწაზე, რომელზეც მეფე ლამონი მმართველობდა.

23 და ამონმა უქადაგა მეფე ლამონის ხალხს; და იყო ასე, რომ მან ასწავლა ყველაფერი, რაც ეხებოდა სამართლიანობას. და მთელი სიბეჯითით მათ ყოველდღიურად ამხნევებდა; და ისინი ყურადღებით უსმენდნენ მის სიტყვას და იყვნენ გულმოდგინენი ღმერთის მცნებების დაცვაში.