ალმას ბრძანებები თავისი ვაჟიშვილის, ჰელამანისადმი.
მოიცავს 36-ე და 37-ე თავებს.
თავი 36
ალმა მოწმობს ჰელამანის წინ, ანგელოზის ხილვის შემდგომ საკუთარი მოქცევის შესახებ. მან გადაიტანა განწირული სულის ტკივილი. შეჰღაღადა იესოს სახელს და შემდგომ იშვა ღვთის მიერ. ტკბილმა სიხარულმა აღავსო მისი სული. იხილა ღმერთის მადიდებელ ანგელოზთა თავმოყრა. მრავალმა მოქცეულმა იგემა და იხილა ის, რაც მან თავად იგემა და იხილა. დაახლოებით 74 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 ჩემო შვილო, დაუგდე ყური ჩემს სიტყვებს; რადგან გეფიცები, რამდენადაც დაიცავ ღვთის მცნებებს, იმდენად აყვავდები მიწაზე.
2 მსურს, ისე მოიქცე, როგორც მე მოვიქეცი, მახსოვდა რა ჩვენი მამების ტყვეობა; რადგან ისინი იყვნენ მონობაში და ვერავინ ვერ გამოიხსნიდა მათ, გარდა ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა; და მან ნამდვილად გამოიხსნა ისინი თავიანთ გაჭირვებაში.
3 და ახლა, ჩემო შვილო, ჰელამან, აჰა, ხარ ყმაწვილი და ამიტომ გევედრები, ყური დაუგდო ჩემს სიტყვებს და ისწავლო ჩემგან; რადგან ვიცი: ვინც ღმერთს მიანდობს საკუთარ სასოებას, მხარს დაუჭერენ მათსავე გამოცდის, მწუხარებისა და გაჭირვების ჟამს. და ამაღლდებიან ისინი უკანასკნელ დღეს.
4 და არ მსურს იფიქრო, რომ მე ეს ჩემით ვიცი; ჩემი ცოდნა არის არა მიწიერიდან, არამედ სულიერიდან, არა ხორციელი გონებისგან, არამედ ღმერთისაგან.
5 ახლა, აჰა, გეუბნები: რომ არ ვშობილიყავი ღვთისგან, არ მეცოდინებოდა ეს ყველაფერი; მაგრამ ღმერთმა თავისი წმინდა ანგელოზის პირით გამანდო ეს ყველაფერი და არა რაიმე ჩემი ღირსების გამო;
6 რადგან დავდიოდი მოსიას შვილებთან ერთად, ვცდილობდი რა ღმერთის ეკლესიის განადგურებას; მაგრამ, აჰა, ღმერთმა მოავლინა თავისი წმინდა ანგელოზი, რათა შევეჩერებინეთ იმ გზაზე.
7 და აჰა, იგი გველაპარაკა, ვითარცა ჭექა-ქუხილის ხმით და მთელი მიწა ზანზარებდა ჩვენს ფეხქვეშ; და ჩვენ ყველანი მიწაზე დავეცით, რადგან უფლისადმი შიშმა მოგვიცვა.
8 მაგრამ, აჰა, ხმამ მითხრა: ადექი. და ავდექი და ვიხილე ანგელოზი.
9 და მან მითხრა: თუნდაც გინდოდეს, რომ თავად განადგურდე, ნუღარ ეცდები ღმერთის ეკლესიის განადგურებას.
10 და იყო ასე, რომ მე მიწაზე დავეცი; და ეს იყო სამი დღის და ღამის განმავლობაში, რომ პირს ვერ ვაღებდი, არც კიდურები არ მემორჩილებოდა.
11 და ანგელოზმა უფრო მეტიც მითხრა, რაც ჩემმა ძმებმა გაიგონეს, მაგრამ მე მათი არ მესმოდა; რადგან როდესაც გავიგონე სიტყვები: თუნდაც მოინდომო საკუთარი თავის განადგურება, ნუღარ ეცდები ღმერთის ეკლესიის განადგურებას, – მე ისეთი დიდი შიშითა და გაოცებით შევძრწუნდი იმის გამო, რომ შესაძლებელი იყო ჩემი განადგურება, რომ მიწაზე დავეცი და აღარაფერი არ მესმოდა.
12 მაგრამ ნაწამები ვიყავი მარადიული ტანჯვით, რადგან ჩემი სული იყო ძალზედ აფორიაქებული და ჩემი ცოდვებისგან ნაწამები.
13 დიახ, მახსოვდა ყველა ჩემი ცოდვა და ურჯულოება, რის გამოც გატანჯული ვიყავი ჯოჯოხეთური ტკივილით; დიახ, ვიხილე, რომ ავუჯანყდი ჩემს ღმერთს და რომ არ ვიცავდი მის წმინდა მცნებებს.
14 დიახ, მე დავხოცე მრავალი მისი შვილი ანუ მივიყვანე ისინი განადგურებამდე; დიახ, ბოლოს იმდენად დიდი იყო ჩემი ურჯულოება რომ თვით გაფიქრებაც კი ღმერთის გარემოცვაში შესვლაზე აღუწერელი საშინელებით აწამებდა ჩემს სულს.
15 ვიფიქრე, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, განვდევნილიყავი და გავმქრალიყავი სულითაც და სხეულითაც, რათა არ წავმსდგარიყავი ჩემი ღმერთის გარემოცვაში, რათა არ ვყოფილიყავი განკითხული ჩემი საქმეებისთვის.
16 და ახლა, სამი დღის და სამი ღამის განმავლობაში, განწირული სულის ტკივილი მაწამებდა.
17 და იყო ასე, რომ როდესაც ასე წამებით ვიტანჯებოდი, როდესაც აფორიაქებული ვიყავი ჩემი ცოდვების ხსოვნით, აჰა, მე ასევე გამახსენდა, რომ მოვისმინე მამაჩემის წინასწარმეტყველება ამ ხალხისადმი, ვინმე იესო ქრისტეს მოსვლის შესახებ, ღვთის ძისა, ამა ქვეყნის ცოდვების გამოსასყიდად.
18 ახლა, როდესაც ჩემი გონება ამ ფიქრს ჩაეჭიდა, მე გულში შევღაღადე: იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე, რომელიც ვარ მწარე ნაღველში და სიკვდილის მარადიული ჯაჭვებით შებოჭილი.
19 და ახლა, აჰა, როდესაც ეს გავიფიქრე, მე აღარ მახსოვდა ტკივილი; დიახ, აღარ ვიყავი აფორიაქებული ჩემი ცოდვების მოგონებებით.
20 და რა სიხარული, რა საოცარი სინათლე ვიხილე მე; დიახ, სული აღივსო სიხარულით, ისეთივე ძლიერით, როგორიც იყო ჩემი ტკივილი!
21 დიახ, გეუბნები, ჩემო შვილო, ვერაფერი ვერ იქნებოდა ისეთი მწვავე და ისეთი მწარე, როგორიც იყო ჩემი ტკივილი. დიახ, მე კიდევ გეუბნები, ჩემო შვილო, რომ მეორე მხრივ, ვერაფერი ვერ იქნებოდა ისეთი ჩინებული და ტკბილი, როგორიც იყო ჩემი სიხარული.
22 დიახ, მეგონა დავინახე, ისე როგორც ჩვენმა მამამ, ლეხიმ, დაინახა ღმერთი თავის ტახტზე მჯდომარე, უთვალავ ანგელოზთა ჯგუფებით გარშემორტყმული, რომლებიც გალობდნენ და ადიდებდნენ თავიანთ ღმერთს; დიახ, ჩემს სულს სურდა იქ ყოფნა.
23 მაგრამ, აჰა, ჩემს კიდურებს დაუბრუნდა ძალა და კვლავ ფეხზე წამოვდექი და გამოვუცხადე ხალხს, რომ ღვთისგან დავიბადე.
24 დიახ, იმ დროიდან დღემდე მე განუწყვეტლივ ვშრომობ, რათა სულები მივიყვანო მონანიებამდე; შევძლო მივიყვანო, რათა იგემონ განსაკუთრებული სიხარული, რომელიც მე ვიგემე; რომ ისინიც ასევე იშვან ღვთისგან და აღივსონ სულიწმინდით.
25 დიახ, ახლა, აჰა, ჩემო შვილო, უფალი მაძლევს ძალზედ დიდ სიხარულს ჩემი შრომის ნაყოფში;
26 ვინაიდან სიტყვით, რომელიც მან მიბოძა, აჰა, მრავალნი იშვნენ ღვთისგან და იგემეს, რაც მე ვიგემე და იხილეს საკუთარი თვალებით, რაც მე ვიხილე; ამიტომ, მათ იციან იმის შესახებ, რაც ვილაპარაკე ისე, როგორც მე ვიცი; და ცოდნა, რომელიც მაქვს, არის ღმერთისგან.
27 და მქონდა მხარდაჭერა, ყოველგვარი გამოცდისა და მწუხარების ჟამს, დიახ, ყველანაირი გაჭირვებებისას; დიახ, ღმერთმა საპყრობილიდან გამომიხსნა, ჯაჭვებიდან და სიკვდილისგან; დიახ, და მე მას ვანდობ ჩემს სასოებას და ის კვლავ გამომიხსნის.
28 და მე ვიცი, რომ იგი ამამაღლებს უკანასკნელ დღეს, რათა ვიცხოვრო მასთან ერთად დიდებაში; დიახ, მე ვადიდებ მას სამუდამოდ, რადგან მან გამოიყვანა ჩვენი მამები ეგვიპტიდან და შთანთქა ეგვიპტელები წითელ ზღვაში; და მიუძღვოდა მათ საკუთარი ძალით აღთქმული მიწისაკენ; დიახ, და იგი დროდადრო გამოიხსნიდა მათ მონობიდან და ტყვეობიდან.
29 დიახ, მან ასევე გამოიყვანა ჩვენი მამები იერუსალიმის მიწიდან; და მან ასევე, საკუთარი მარადიული ძალით, გამოიხსნა ისინი მონობიდან და ტყვეობიდან, დროდადრო, დღევანდელ დღემდეც კი; და მე მუდამ მახსოვდა მათი ტყვეობა; დიახ, თქვენც, ისევე, როგორც მე, უნდა გახსოვდეთ მათი ტყვეობის შესახებ.
30 მაგრამ, აჰა, ჩემო შვილო, ეს არ არის ყველაფერი, რადგან უნდა იცოდე ისევე, როგორც მე ვიცი, რომ რამდენადაც დაიცავ ღმერთის მცნებებს, იმდენად აყვავდები მიწაზე; და ასევე უნდა იცოდე, რომ რამდენადაც არ დაიცავ ღმერთის მცნებებს, იმდენად იქნები მისი გარემოცვიდან მოკვეთილი. ახლა, ეს არის მისი სიტყვის შესაბამისად.