წმინდა წერილი
ალმა 60


თავი 60

მორონი ჩივის პახორანთან, ჯარის მიმართ ხელისუფლების უგულებელყოფაზე. უფალი უშვებს მართალთა ხოცვას. ნეფიელებმა უნდა გამოიყენონ მთელი ძალა და სახსრები, რათა განთავისუფლდნენ მტრისგან. მორონი იმუქრება ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლით, თუ მის ჯარებს არ აღმოუჩენენ დახმარებას. დაახლოებით 62 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ მან კვლავ მისწერა მიწის მმართველს, რომელიც იყო პახორანი; და ეს არის ის სიტყვები, რომლებიც მან მისწერა: აჰა, მე მივმართავ წერილით პახორანს, რომელიც არის მიწის მთავარი მოსამართლე და მმართველი ქალაქ ზარაჰემლაში, ასევე ყველას, რომლებიც არიან არჩეულნი ამ ხალხის მიერ, რათა უხელმძღვანელონ და მართონ ამ ომის საქმენი.

2 რადგან, აჰა, მე მაქვს რაღაც სათქმელი მათ განსასჯელად; რადგან, აჰა, თავად იცით, რომ დაგნიშნეს ხალხის შესაკრებად და მათი ხმლებითა და მახვილებით და ყოველგვარი საომარი იარაღით შესაიარაღებლად და ლამანიელთა წინააღმდეგ გასაგზავნად, სადაც არ უნდა შემოიჭრნენ ისინი ჩვენს მიწაზე.

3 და ახლა, აჰა, მე გეუბნებით, რომ თავად მე, ასევე ჩემმა ჯარისკაცებმა და ჰელამანმა და ასევე მისმა ჯარისკაცებმა, განსაკუთრებულად მძიმე ტანჯვა გადავიტანეთ; დიახ, შიმშილი, წყურვილი და დაქანცულობა და ყველანაირი გაჭირვება.

4 რადგან, აჰა, ეს რომ ყოფილიყო ყველაფერი, რაც გადავიტანეთ, არ ვიბუზღუნებდით და არც დავიჩივლებდით.

5 მაგრამ, აჰა, დიდი იყო ხოცვა-ჟლეტა ჩვენს ხალხში; დიახ, მახვილისგან ათასობით ადამიანი დაეცა, როდესაც შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, თქვენ რომ მოგემარაგებინათ ჩვენი ჯარები საკმარისი ძალითა და დახმარებით. დიახ, დიდი იყო თქვენი უგულებელყოფა ჩვენ მიმართ.

6 და ახლა, აჰა, ჩვენ გვსურს, რომ ვიცოდეთ ამ დიდი უგულებელყოფის მიზეზი; დიახ, გვსურს, რომ ვიცოდეთ თქვენი უდარდელი მდგომარეობის მიზეზი.

7 ნუთუ ფიქრობთ, თქვენს ტახტზე დასხდებით, უდარდელად გაშეშებულნი, იმ დროს, როდესაც თქვენი მტერი თქვენ გარშემო სასიკვდილო საქმეს ავრცელებს? დიახ, იმ დროს, როდესაც ისინი ათასობით თქვენს ძმას ხოცავენ –

8 დიახ, მათაც კი, რომლებიც შემოგყურებენ დასაცავად, დიახ, დაგნიშნეს რა ამ თანამდებობაზე, რათა მათთვის დახმარება შეძლოთ, დიახ, თქვენ შეგეძლოთ მათთვის ჯარების გაგზავნა, რათა გაგემაგრებინათ და გადაგერჩინათ ათასობით მათგანი, რომ არ დაცემულიყვნენ მახვილისგან.

9 მაგრამ, აჰა, ეს არ არის ყველაფერი, თქვენ შეუჩერეთ სურსათი ისე, რომ მრავალი იბრძოდა, სისხლისღვრით სიცოცხლეს სწირავდა თავიანთი დიდი სურვილის – ამ ხალხის კეთილდღეობისათვის; დიახ, და ასე მოიქცნენ მაშინ, როდესაც ლამის შიმშილისგან დაიღუპნენ, თქვენი მეტისმეტი უგულებელყოფის გამო მათ მიმართ.

10 და ახლა, ჩემო საყვარელო ძმებო – რადგან გმართებთ, იყოთ საყვარელნი; დიახ, უფრო მეტი სიბეჯითე უნდა გამოგეჩინათ ამ ხალხის კეთილდღეობისა და თავისუფლებისათვის; მაგრამ, აჰა, თქვენ ისინი უგულებელყავით, ისე, რომ ათასების სისხლი დაგაწვებათ თავზე შურისგებისათვის; დიახ, რადგან ღმერთისათვის ცნობილია მათი ღაღადი და ყველა მათი გაჭირვება –

11 აჰა, ნუთუ გეგონათ, რომ ისხდებოდით თქვენს ტახტებზე და ღმერთის დიდი სიკეთის გამო არაფერს არ მოიმოქმედებდით და იგი გამოგიხსნიდათ? აჰა, თუ ასე ფიქრობდით, მაშინ ამაოდ ფიქრობდით ასე.

12 ნუთუ გეგონათ, რომ ამდენი თქვენი ძმა საკუთარი სიბოროტის გამო იქნა მოკლული? მე გეუბნებით, თუ ასე ფიქრობდით, მაშინ ამაოდ ფიქრობდით ასე, რადგან გეუბნებით, მრავალი დაეცა მახვილისგან და აჰა, ეს არის თქვენს განსასჯელად;

13 რადგან უფალი დაუშვებს, რომ მართალნი იქნენ დახოცილნი, რათა მისი სამართალი და სასჯელი მოევლინოს ბოროტთ; ამიტომ, ნუ გგონიათ, რომ მართალნი დაიკარგნენ, რადგან დახოცეს; არამედ, აჰა, ისინი შედიან უფლის, თავიანთი ღმერთის, სავანეში.

14 და ახლა, აჰა, გეუბნებით, ძალზედ ვშიშობ, რომ ღმერთის სასჯელი მოევლინება ამ ხალხს, მათი მეტისმეტი სიზარმაცის გამო, დიახ, ჩვენი ხელისუფლების სიზარმაცისა და მის მიერ საკუთარი ძმების უგულებელყოფისთვის, დიახ, მათი, რომლებიც დახოცილ იქნენ.

15 რადგან, რომ არა ის სიბოროტე, რომელიც თავდაპირველად დაიწყო ჩვენს მიწაზე, ჩვენ შევძლებდით მტრის დამარცხებას ისე, რომ ის ვერ შეძლებდა ჩვენზე ძალაუფლების მოპოვებას.

16 დიახ, რომ არ დაწყებულიყო ჩვენ შორის ომი; დიახ, რომ არ ყოფილიყვნენ ეს მეფის მომხრენი, რომლებმაც ჩვენ შორის ამდენი სისხლისღვრა გამოიწვიეს; დიახ, იმ დროს, როდესაც ერთმანეთში ვბჭობდით ჩვენი ძალების გაერთიანებაზე ისე, როგორც მანამდე ვაკეთებდით; დიახ, რომ არ ყოფილიყო სწრაფვა ძალისა და უფლებამოსილებისათვის, რაც მეფის მომხრეებს სურდათ, რათა ყოფილიყვნენ ერთგულნი ჩვენი თავისუფლების საქმისა და გაერთიანებულიყვნენ ჩვენთან და ჩვენი მტრის წინააღმდეგ წამოსულიყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ წინააღმდეგ აღმართეს ხმლები, რაც გახდა ჩვენ შორის ასეთი დიდი სისხლისღვრის მიზეზი; დიახ, მათ წინააღმდეგ რომ წავსულიყავით უფლის ძალით, მტერს გავფანტავდით, რადგან ეს მოხდებოდა მისი სიტყვის შესასრულებლად.

17 რადგან, აჰა, ახლა ლამანიელები მოდიან ჩვენზე, იპყრობენ ჩვენს მიწებს და მახვილით ხოცავენ ჩვენს ხალხს, დიახ, ქალებსა და ბავშვებს, ასევე ტყვეებად მიჰყავთ და აიძულებენ ყველანაირი გაჭირვების ატანას და ყოველივე ეს მათი დიდი სიბოროტის გამო, რომლებიც ისწრაფიან ძალისა და უფლებამოსილებისკენ, დიახ, მეფის მომხრეები.

18 მაგრამ, რატომ უნდა ვილაპარაკო ამაზე? ვინაიდან ჩვენ არ ვიცით, იქნებ თქვენ თვითონ ისწრაფით ხელისუფლებისკენ. რა ვიცით, იქნებ თქვენც ასევე ხართ თქვენი სამშობლოს მოღალატენი.

19 ან იქნებ ყურადღებას არ გვაქცევთ, რადგან ჩვენი ქვეყნის შუაგულში ხართ, უსაფრთხო გარემოცვაში, იქნებ მაგის გამო არ ბრძანებთ ჩვენთვის საკვებისა და ჯარისკაცების გამოგზავნას ჩვენი ჯარების გასამაგრებლად?

20 ნუთუ დაგავიწყდათ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებები? დიახ, ნუთუ დაგავიწყდათ ჩვენი მამების ტყვეობა? ნუთუ დაგავიწყდათ, რამდენჯერ ვიყავით გამოხსნილნი მტრის ხელიდან?

21 ნუთუ გგონიათ, რომ უფალი მაინც გამოგვიხსნის იმ დროს, როდესაც ტახტზე ვსხედვართ და არ ვიყენებთ საშუალებებს, რომლებიც უფალმა გვიბოძა?

22 დიახ, ნუთუ დასხდებით უსაქმურად, ათასობით გარშემორტყმულნი, დიახ, და ათობით ათასები, რომლებიც ასევე უსაქმურად სხედან, იმ დროს, როდესაც გარშემო მიწის საზღვრებზე ათასები ეცემიან მახვილისგან, დიახ, დაჭრილები და სისხლისგან დაცლილნი?

23 ნუთუ გგონიათ, რომ ღმერთი შემოგხედავთ, როგორც უდანაშაულოებს, იმ დროს, როდესაც წყნარად სხედხართ და უყურებთ ამ ყველაფერს? აჰა, მე თქვენ გეუბნებით: არა. ახლა, მე მსურს, რომ გაიხსენოთ ღმერთის ნათქვამი, რომ ჭურჭელი გაირეცხება ჯერ შიგნიდან და შემდეგ ასევე გაირეცხება გარედან.

24 და ახლა, თუ არ მოინანიებთ იმას, რაც ჩაიდინეთ, თუ არ წამოდგებით და არ დაიწყებთ მოქმედებას და არ გამოაგზავნით საკვებსა და ჯარისკაცებს ჩვენთვის, ასევე ჰელამანისთვის, რათა დაიცვას ჩვენი ქვეყნის ის მხარეები, რომლებიც დაიბრუნა; რომ ჩვენც ასევე დავიბრუნოთ ამ მხარეში ჩვენი სამფლობელოების ნარჩენები, აჰა, საჭიროა, რომ აღარ დავუპირისპირდეთ ლამანიელებს, სანამ არ გავრეცხავთ ჩვენს ჭურჭელს შიგნიდან, დიახ, ჩვენი ხელისუფლების დიად მთავრობას.

25 და თუ არ დააკმაყოფილებთ ჩემი წერილის მოთხოვნას, არ გამოხვალთ და არ მაჩვენებთ თავისუფლების ჭეშმარიტ სულისკვეთებას და არ შეეცდებით ჩვენი ჯარების გაძლიერებასა და გამაგრებას და არ უბოძებთ საკვებს მათ დასახმარებლად, აჰა, მე დავტოვებ ჩემს თავისუფლების მომხრეების ნაწილს, რათა დაიცვან მიწის ეს ნაწილი და დავტოვებ მათზე ღმერთის ძალას და კურთხევას, რომ ვერანაირმა ძალამ ვერ იმოქმედოს მათ წინააღმდეგ –

26 და ეს მათი ღრმა რწმენისა და მოთმინების გამო, თავიანთი განსაცდელისას –

27 და მოვალ თქვენთან და თუ იქნება თქვენ შორის ვინმე, ვისაც აქვს თავისუფლების სურვილი, დიახ, თუ იქნება თავისუფლების ნაპერწკალიც კი დარჩენილი, აჰა, მე გავაღვივებ აჯანყებას თქვენში, სანამ არ ამოწყდებიან ისინი, რომლებსაც სურთ ძალისა და უფლებამოსილების მიტაცება.

28 აჰა, არ მეშინია არც თქვენი ძალის და არც თქვენი უფლებამოსილების, მაგრამ ვისიც მეშინია, არის ჩემი ღმერთი; და ეს არის მისი მცნებების შესაბამისად, რომ ვიღებ ხმალს და ვიცავ ჩემი სამშობლოს საქმეს, ეს თქვენი ურჯულოების გამო ვიწვნიეთ ასეთი დიდი დანაკარგი.

29 აჰა, დადგა დრო, დიახ, ახლა არის ჟამი, რომ თუ თავს ძალას არ დაატანთ, არ დადგებით თქვენი სამშობლოსა და ბავშვების დასაცავად, სამართლის მახვილი აღმართულია თქვენზე; დიახ, იგი დაგეცემათ და სრული განადგურებითაც მოგევლინებათ.

30 აჰა, თქვენგან დახმარებას ველოდები და თუ არ გაგვიწევთ დახმარებას, აჰა, მოვალ თქვენთან, ზარაჰემლას მიწაზე და მახვილით დაგამარცხებთ ისე, რომ აღარ გექნებათ ძალა, წინააღმდეგობა გაუწიოთ ამ ხალხის წინსვლას ჩვენი თავისუფლების საქმეში.

31 რადგან, აჰა, უფალი არ დაუშვებს, რომ იცოცხლოთ და ჩაეფლოთ თქვენს ურჯულოებაში, რათა გაანადგუროთ მისი მართალი ხალხი.

32 აჰა, ნუთუ ფიქრობთ, რომ უფალი დაგინდობთ და გამოვა ლამანიელთა წინააღმდეგ განსასჯელად, როდესაც ეს სიძულვილი თავიანთი მამების ჩვეულებებისგან არის გამოწვეული, დიახ, და ის გააღრმავეს მათ, ვინც ჩვენ განგვიდგა, იმ დროს, როდესაც თქვენი ურჯულოების მიზეზი არის თქვენს სიყვარულში დიდებისა და ამაო საქმეებისადმი?

33 თქვენ იცით, რომ არღვევთ ღვთის კანონებს და იცით, რომ მათ ფეხქვეშ თელავთ. აჰა, უფალი მეუბნება: თუ ისინი, რომლებიც მმართველებად დანიშნეთ, არ მოინანიებენ თავიანთ ცოდვებსა და ურჯულოებას, უნდა წახვიდეთ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად.

34 და ახლა, აჰა, მე, მორონი, იძულებული ვარ მოვიქცე იმ აღთქმის შესაბამისად, რომელიც დავდე, რომ დავიცავ ჩემი ღმერთის მცნებებს; ამიტომ, მსურს, უერთგულოთ ღვთის სიტყვას და სწრაფად გამომიგზავნოთ მე, ასევე ჰელამანს, სურსათი და ჯარისკაცები.

35 და აჰა, თუ ასე არ მოიქცევით, მე დაუყოვნებლივ მოვალ თქვენთან; რადგან, აჰა, ღმერთი არ დაუშვებს, რომ შიმშილისგან დავიღუპოთ, ამიტომ, იგი ჩვენ მოგვცემს საკვებს, მახვილითაც რომ მოუწიოს ამის გაკეთება. ახლა, თქვენ იცით – ღვთის სიტყვა უნდა აღასრულოთ.

36 აჰა, მე ვარ მორონი, თქვენი მთავარსარდალი. ძალაუფლებისთვის კი არ ვიღწვი, არამედ მის დასამხობად. ვიღწვი არა ამ ქვეყნის პატივისცემისთვის, არამედ ჩემი ღმერთის დიდების, ჩემი სამშობლოს თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის. და ასე ვასრულებ ჩემს წერილს.