წმინდა წერილი
ალმა 8


თავი 8

ალმა მილექში ქადაგებს და ნათლავს. მას უარყოფენ ამონიჰაში და იგი იქიდან მიდის. ანგელოზი უბრძანებს, დაბრუნდეს და შეჰღაღადოს ხალხს მონანიება. მას მიიღებს ამულეკი და ორივე ქადაგებს ამონიჰაში. დაახლოებით 82 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, იყო ასე, რომ ალმა დაბრუნდა გიდეონის მიწიდან მას შემდეგ, რაც გიდეონის ხალხს ასწავლა ბევრი რამ, რისი დაწერაც შეუძლებელია და დაამყარა ეკლესიაში წესრიგი, იმისდა მიხედვით, როგორც ეს მან გააკეთა ამის წინ ზარაჰემლას მიწაზე, დიახ, ის თავის სახლში, ზარაჰემლაში, დაბრუნდა, რათა დაესვენა იმ სამუშაოსგან, რომელიც მან შეასრულა.

2 და ასე დასრულდა ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის მეცხრე წელი.

3 და იყო ასე, რომ ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის მეათე წლის დასაწყისში, ალმა წავიდა იქიდან და გაემართა მილექის მიწისკენ, მდინარე სიდონის დასავლეთით, უდაბნოს საზღვრებიდან დასავლეთისკენ.

4 და მან დაიწყო მილექის მიწაზე ხალხის სწავლება, ღმერთის წმინდა წესის შესაბამისად, რომლითაც ის იყო მოწოდებული; და მან დაიწყო ხალხის სწავლება მილექის მთელ მიწაზე.

5 და იყო ასე, რომ ხალხი მასთან მოდიოდა მიწის ყველა კიდიდან, რომელიც იყო უდაბნოს მხარეს. და ისინი მთელ მიწაზე ინათლებოდნენ;

6 ასე რომ, როდესაც მან დაასრულა თავისი სამუშაო მილექში, ის წავიდა იქიდან და სამი დღის განმავლობაში მოგზაურობდა მილექის მიწის ჩრდილოეთით; და მივიდა ქალაქში, რომელსაც ერქვა ამონიჰა.

7 ახლა, ნეფის ხალხის წესი იყო ასეთი: თავიანთ მიწებს და თავიანთ ქალაქებსა და თავიანთ სოფლებს, დიახ, თავიანთ პატარა სოფლებსაც კი, მის სახელს არქმევდნენ, რომელიც პირველად ფლობდა მათ; და ასე იყო ამონიჰას მიწაზე.

8 და იყო ასე, რომ როდესაც ალმა მოვიდა ქალაქ ამონიჰაში, მან დაიწყო მათთვის ღვთის სიტყვის ქადაგება.

9 ახლა, სატანამ დიდ გავლენას მიაღწია ამონიჰას ქალაქის ხალხის გულებზე; ამიტომ, მათ არ სურდათ ალმას სიტყვებისთვის ყურის დაგდება.

10 ამისდა მიუხედავად, ალმა ბევრს იღვწოდა სულში, მხურვალე ლოცვით ეჭიდებოდა ღმერთს, რათა მას გადმოეღვარა მისი სული ხალხზედ, რომელიც ქალაქში იყო; რომ მას ასევე ნება ებოძა, მოენათლა ისინი მოსანანიებლად.

11 ამისდა მიუხედავად, მათ გაიქვავეს გული და მას ეუბნებოდნენ: აჰა, ჩვენ ვიცით, რომ შენ ხარ ალმა; და ჩვენ ვიცით, რომ შენ ხარ იმ ეკლესიაში მღვდელმთავარი, რომელიც შენ დაარსე ამ მიწის მრავალ ნაწილში, შენი ჩვეულების შესაბამისად; და ჩვენ არ ვართ შენი ეკლესიისა და არ გვწამს ამ უგუნური ჩვეულებების.

12 და ახლა, ჩვენ ვიცით: იმის გამო, რომ ჩვენ არ ვართ შენი ეკლესიისა, ჩვენ ვიცით, რომ შენ არ გაქვს ჩვენზედ ძალა; და შენ გადაეცი ნეფიჰას მოსამართლის სავარძელი, ამიტომ შენ არ ხარ მთავარი მოსამართლე ჩვენზედ.

13 ახლა, როდესაც ხალხი ამას ამბობდა და ეწინააღმდეგებოდა მის ყოველ სიტყვას და ლანძღავდა და აფურთხებდა მას და ისე მოახდინეს, რომ იგი გაეძევებინათ მათი ქალაქიდან, ის წავიდა იქიდან და გაემართა ქალაქისკენ, რომელსაც ერქვა აარონი.

14 და იყო ასე, რომ როდესაც ის მიემგზავრებოდა იქითკენ, იყო რა დარდით დამძიმებული, იტანდა მრავალ განსაცდელსა და სულიერ ტანჯვას ადამიანთა სიბოროტის გამო, რომლებიც იყვნენ ქალაქ ამონიჰაში, იყო ასე – იმ დროს, როდესაც ალმა ასე დამძიმებული იყო დარდით, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა მას სიტყვებით:

15 კურთხეული ხარ, ალმა; ამიტომ, აიმაღლე თავი და გაიხარე, რადგან გაქვს დიდი მიზეზი სიხარულისათვის; რადგან ერთგული იყავი ღმერთის მცნებების დაცვაში იმ დროიდან, როდესაც მისგან პირველი გზავნილი მიიღე. აჰა, მე ვარ ის, რომელმაც იგი გადმოგცა.

16 და აჰა, მე გამომგზავნა, რათა გიბრძანო, დაბრუნდე ქალაქ ამონიჰაში და კვლავ უქადაგო ამ ქალაქის ხალხს; დიახ, უქადაგე მათ. დიახ, უთხარი მათ: თუ არ მოინანიებენ, უფალი ღმერთი მათ გაანადგურებს.

17 რადგან, აჰა, ამჟამად ისინი არკვევენ, როგორ შეძლონ შენი ხალხის თავისუფლების განადგურება (რადგან ამას ამბობს უფალი) რაც საწინააღმდეგოა წესების, სამართლისა და მცნებებისა, რომელნიც მან მისცა თავის ხალხს.

18 ახლა, იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც ალმამ მიიღო მოწოდება უფლის ანგელოზისგან, იგი სწრაფად დაბრუნდა ამონიჰას მიწაზე. და იგი შევიდა ქალაქში სხვა გზით, დიახ, გზით, რომელიც არის ქალაქ ამონიჰას სამხრეთით.

19 და როდესაც იგი ქალაქში შევიდა, მას შიოდა და ერთ კაცს უთხრა: აჭმევ რაიმეს ღმერთის თავმდაბალ მსახურს?

20 და კაცმა უთხრა მას: მე ნეფიელი ვარ და ვიცი, რომ ხარ ღმერთის წმინდა წინასწარმეტყველი, ვინაიდან შენ ხარ ის კაცი, რომელზეც ანგელოზმა თქვა ხილვაში: შენ მიიღებ. ამიტომ, წამოდი ჩემთან, ჩემს სახლში და მე გიწილადებ საჭმელს; და ვიცი, რომ შენ კურთხევა იქნები ჩემთვის და ჩემი სახლისათვის.

21 და იყო ასე, რომ ამ კაცმა ის მიიღო თავის სახლში; და კაცს ერქვა ამულეკი; და მან მოიტანა პური და ხორცი და ალმას წინ დაუდო.

22 და იყო ასე, რომ ალმამ შეჭამა პური და დანაყრდა; და მან აკურთხა ამულეკი და მისი სახლი და მადლობა შესწირა ღმერთს.

23 და მას შემდეგ, რაც მან შეჭამა და დანაყრდა, ამულეკს უთხრა: მე ვარ ალმა და მთელს ამ მიწაზე ვარ ღვთის ეკლესიის მღვდელმთავარი.

24 და აჰა, მე მომიწოდეს, რომ მთელ ამ ხალხში ვიქადაგო ღვთის სიტყვა გამოცხადებისა და წინასწარმეტყველების სულის შესაბამისად; და მე ვიყავი ამ მიწაზე და მათ არა თუ არ ისურვეს ჩემი მიღება, არამედ გარეთ გამაძევეს და მზად ვიყავი სამუდამოდ ზურგი მექცია ამ მიწისათვის.

25 მაგრამ, აჰა, მე მიბრძანეს, რომ კვლავ მოვბრუნებულიყავი და მეწინასწარმეტყველებინა ამ ხალხისათვის, დიახ, რომ დამემოწმებინა მათ წინააღმდეგ, მათი ურჯულოების შესახებ.

26 და ახლა, ამულეკ, რადგან დამაპურე და შემიფარე, კურთხეული ხარ, რადგან ვიყავი მშიერი, ვმარხულობდი რა მრავალი დღე.

27 და ალმამ მრავალი დღე გაატარა ამულეკთან, სანამ დაიწყებდა ხალხისთვის ქადაგებას.

28 და იყო ასე, რომ ხალხი უფრო ღრმად ჩაეფლო საკუთარ ურჯულოებაში.

29 და ასეთმა სიტყვამ მოაღწია ალმამდე: წადი და ასევე უთხარი ჩემს მსახურს, ამულეკს: წადი და უწინასწარმეტყველე ამ ხალხს სიტყვებით – მოინანიეთ, თქვენ, რადგან ასე ამბობს უფალი – თუ არ მოინანიებთ, მე მოვევლინები ამ ხალხს ჩემი რისხვით; დიახ, ჩემს საშინელ რისხვას არ აგარიდებთ.

30 და წავიდა ალმა ხალხში, ასევე ამულეკიც, რათა ეუწყებინათ მათთვის ღმერთის სიტყვები; და ისინი აღივსნენ სულიწმინდით.

31 და მათ ებოძათ ძალა, ისეთი, რომ მათ ვერ ჩაყრიდნენ საპყრობილეში; ვერც ერთი ადამიანი ვერ მოკლავდა მათ; მიუხედავად ამისა, ისინი არ ავლენდნენ თავიანთ ძალას იქამდე, სანამ ბორკილებით არ შებოჭეს და საპყრობილეში არ ჩააგდეს. ახლა, ეს მოხდა იმისთვის, რომ უფალს შეძლებოდა მათში საკუთარი ძალის გამოყენება.

32 და იყო ასე, რომ ისინი წავიდნენ და დაიწყეს ხალხისთვის ქადაგება და წინასწარმეტყველება, იმ სულისა და ძალის შესაბამისად, რომელიც მათ უფალმა უბოძა.