თავი 59
მორონი სთხოვს პახორანს, ჰელამანი გაამაგროს ძალებით. ლამანიელები იღებენ ქალაქ ნეფიჰას. მორონი განრისხებულია ხელისუფლებაზე. დაახლოებით 62 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 ახლა, იყო ასე, ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის ოცდამეათე წელს, მას შემდეგ, რაც მორონიმ მიიღო და წაიკითხა ჰელამანის წერილი, მას ძალზედ გაუხარდა ჰელამანის კეთილდღეობა, დიახ, დიდი წარმატება, რასაც ჰელამანმა მიაღწია იმ მიწების დაბრუნებაში, რომლებიც დაკარგული იყო.
2 დიახ, მან მთელ თავის ხალხს აუწყა, მთელი მიწის შემოგარენში, იმ ნაწილის შესახებ, სადაც იგი იმყოფებოდა, რათა მათაც გახარებოდათ.
3 და იყო ასე, რომ დაუყოვნებლივ გაუგზავნა წერილი პახორანს, სურდა რა, რომ მას ებრძანა, შეეკრიბათ ჯარისკაცები ჰელამანის გასამაგრებლად ანუ ჰელამანის ჯარების, ისე, რომ მას ადვილად დაეცვა მიწის ის ნაწილი, რომლის დაბრუნებაც მან ასე საოცრად მოახერხა.
4 და იყო ასე, როდესაც მორონიმ გააგზავნა ეს წერილი ზარაჰემლას მიწაზე, მან კვლავ დაიწყო გეგმის შედგენა, რათა შეძლებოდა იმ მამულებისა და ქალაქების დაუფლება, რომლებიც მათ ლამანიელებმა წაართვეს.
5 და იყო ასე, რომ იმ დროს, როდესაც მორონი ამგვარად ემზადებოდა ლამანიელთა წინააღმდეგ საბრძოლველად, აჰა, ნეფიჰას ხალხს, რომელიც ქალაქ მორონიდან და ქალაქ ლეხიდან და ქალაქ მორიანტონიდან იყო შეკრებილი, ლამანიელებმა შეუტიეს.
6 დიახ, ისინიც, რომლებიც იძულებულნი იყვნენ მანტის და გარშემო მდებარე მიწებიდან გამოქცეულიყვნენ, მოვიდნენ და ლამანიელებს შეუერთდნენ მიწის ამ ნაწილში.
7 და იყვნენ რა მეტისმეტად მრავალრიცხოვანნი, დიახ, და ამორონის ბრძანებით იღებდნენ რა ყოველდღიურად ძალებს, გამოვიდნენ ნეფიჰას ხალხის წინააღმდეგ და დაიწყეს მათი ხოცვა, განსაკუთრებული სისასტიკით ჟლეტა.
8 და მათი ჯარები იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ ნეფიჰას ხალხის დანარჩენი ნაწილი იძულებული იყო, გაქცეულიყო მათგან; და ისინი მოვიდნენ და მორონის ჯარს შეუერთდნენ.
9 და ახლა, რადგან მორონი თვლიდა, რომ უნდა გაეგზავნათ ჯარისკაცები ნეფიჰას ქალაქში, რათა ხალხს დახმარებოდნენ ქალაქის შესანარჩუნებლად და იცოდა რა, რომ ლამანიელთა ხელში ჩავარდნისაგან ქალაქის დაცვა უფრო ადვილი იყო, ვიდრე მისი მათგან განთავისუფლება, იგი თვლიდა, რომ ისინი ადვილად დაიცავდნენ ქალაქს.
10 ამიტომ, დაიტოვა მთელი თავისი ძალები, რათა დაეცვა ის ადგილები, რომლებიც დაიბრუნა.
11 და ახლა, როდესაც მორონიმ იხილა, რომ ქალაქი ნეფიჰა დაკარგულ იქნა, იგი ძალზედ დაღონდა და ჭოჭმანი დაიწყო, რომ თავისი ხალხის სიბოროტის გამო, ხომ არ ჩავარდებიან თავიანთი ძმების ხელში.
12 ახლა, იმავე დღეში იყო ყველა მისი მთავარსარდალი. ისინიც ჭოჭმანობდნენ და გაოცებულნი იყვნენ საკუთარი ხალხის სიბოროტით; და ეს მათზე ლამანიელთა წარმატების გამო.
13 და იყო ასე, რომ მორონი ძალზედ განრისხდა ხელისუფლებაზე, საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისადმი მათი გულგრილობის გამო.