წმინდა წერილი
ალმა 17


ამბავი მოსიას შვილების შესახებ, რომლებმაც ღვთის სიტყვისათვის უარყვეს საკუთარი უფლებები მეფობაზე და წავიდნენ ნეფის მიწაზე, რათა ექადაგათ ლამანიელთათვის. მათი ტანჯვა და გამოხსნა ალმას ჩანაწერების შესაბამისად.

შეიცავს მე-17-დან 27-ე თავის ჩათვლით.

თავი 17

მოსიას შვილებს აქვთ წინასწარმეტყველების და გამოცხადების სული. ისინი მიდიან სხვადასხვა გზებით, რათა ლამანიელებს აუწყონ სიტყვა. ამონი მიდის ისმაელის მიწაზე და ხდება მეფე ლამონის მსახური. ამონი გადაარჩენს მეფის ფარას და სებუსის წყლებთან მეფის მტრებს დახოცავს. მუხლები 1–3 დაახლოებით 77 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მუხლი 4 დაახლოებით 91–77 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე და მუხლები 5–39 დაახლოებით 91 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, იყო ასე, რომ როდესაც ალმა მიემგზავრებოდა გიდეონის მიწიდან სამხრეთით მანტის მიწისაკენ, აჰა, მისდა გასაოცრად, მას შემოხვდნენ მოსიას შვილები, რომლებიც ზარაჰემლას მიწისაკენ მიემგზავრებოდნენ.

2 ახლა, მოსიას ეს შვილები იყვნენ ალმასთან იმ დროს, როდესაც მას პირველად გამოეცხადა ანგელოზი, ამიტომ ალმას ძალზედ გაუხარდა თავისი ძმების ნახვა; მის სიხარულს ასევე დაემატა ის, რომ ისინი კვლავ მისი ძმები იყვნენ უფალში, დიახ, ისინი უფრო განმტკიცებულნი იყვნენ ჭეშმარიტების ცოდნაში, რადგან იყვნენ საღად მოაზროვნე ადამიანები და ბეჯითად იკვლევდნენ წმინდა წერილს, რათა სცოდნოდათ ღვთის სიტყვა.

3 მაგრამ, ეს არ არის ყველაფერი; მათ საკუთარი თავი მიუძღვნეს ბევრ ლოცვასა და მარხვას; ამიტომ, ჰქონდათ წინასწარმეტყველების სული და სული გამოცხადებისა; და როდესაც ისინი ასწავლიდნენ, ასწავლიდნენ ღმერთის ძალითა და უფლებამოსილებით.

4 და ისინი ასწავლიდნენ ღვთის სიტყვას ლამანიელთა შორის თოთხმეტი წლის განმავლობაში, ჰქონდათ რა დიდი წარმატება მრავალთა ჭეშმარიტების ცოდნისკენ მიყვანაში; დიახ, მათი სიტყვის ძალით, მრავალნი იქნენ მიყვანილნი ღმერთის საკურთხეველთან მისი სახელის მოსახსენიებლად და მის წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარებისთვის.

5 ახლა, ასეთი იყო გარემოებები, რომლებიც მათ თან ახლდათ მოგზაურობისას, რადგან მათ გადაიტანეს მრავალი გაჭირვება; ბევრი იტანჯეს, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად, განიცადეს რა შიმშილი, წყურვილი და დაქანცულობა, ასევე დიდად იღვაწეს სულში.

6 ახლა, ასეთი იყო მათი მოგზაურობა: გამოემშვიდობნენ რა თავიანთ მამას, მოსიას, მოსამართლეთა პირველ წელს; უარი თქვეს მეფობაზე, რომელიც მამამისს სურდა მათზე დაემტკიცებინა და ასეთივე იყო ხალხის სურვილიც;

7 მიუხედავად ამისა, ისინი წავიდნენ ზარაჰემლას მიწიდან და აიღეს ხმლები და შუბები, მშვილდები, ისრები და შურდულები; და ეს ყველაფერი მათ გააკეთეს, რათა უდაბნოში საკუთარი თავის საკვებით უზრუნველყოფა შეძლებოდათ.

8 და ასე გაემართნენ ისინი უდაბნოში, სხვებთან ერთად, რომლებიც მათ ამოარჩიეს, რათა წასულიყვნენ ნეფის მიწაზე, ლამანიელთათვის ღვთის სიტყვის საქადაგებლად.

9 და იყო ასე, რომ მათ მრავალი დღე იმოგზაურეს უდაბნოში და ბევრს მარხულობდნენ და ლოცულობდნენ, რათა უფალს მათთვის ებოძა თავისი სულის ნაწილი, რომ ის თან ხლებოდა და ყოფილიყო მათთან, რათა ყოფილიყვნენ იარაღი ღმერთის ხელში, რომ თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა, მიეყვანათ თავიანთი ძმები, ლამანიელები, ჭეშმარიტების ცოდნისკენ, მათი მამების ჩვეულებების უსაფუძვლოების გააზრებამდე, რომლებიც იყო არასწორი.

10 და იყო ასე, რომ უფალი მოევლინათ თავისი სულით და მათ უთხრა: დამშვიდდით. და ისინი დამშვიდდნენ.

11 და უფალმა ასევე მათ უთხრა: წადით ლამანიელებთან, თქვენს ძმებთან და მათ შორის დააფუძნეთ ჩემი სიტყვა; თუმცა იყავით მომთმენნი სულგრძელობაში და გაჭირვებაში, რათა მათ დაანახოთ კარგი მაგალითი ჩემში და მე თქვენ გადაგაქცევთ იარაღად ჩემს ხელში, მრავალი სულის გადასარჩენად.

12 და იყო ასე, რომ მოსიას შვილების გულები და ასევე მათი, ვინც იმყოფებოდნენ მათთან ერთად, აღივსო სიმამაცით, რათა წასულიყვნენ წინ ლამანიელებთან და ეუწყებინათ მათთვის ღვთის სიტყვა.

13 და იყო ასე, რომ როდესაც ისინი მივიდნენ ლამანიელთა მიწის საზღვრებში, განცალკევდნენ და ერთმანეთს დაშორდნენ უფალში სასოებით, რათა კვლავ შეხვედროდნენ ერთმანეთს თავიანთი მოსავლის აღების ბოლოს; რადგან თვლიდნენ, რომ დიდი იყო საქმე, რომელიც მათ წამოიწყეს.

14 და იგი ნამდვილად დიდი იყო, რადგან მათ წამოიწყეს ღვთის სიტყვის ქადაგება ველური, გულქვა და სასტიკი ხალხისათვის; ხალხისთვის, რომელიც ნეფიელთა ხოცვით, მათი ძარცვითა და ყაჩაღობით ხარობდა; და მათი გულები მიმართული იყო სიმდიდრისაკენ ანუ ოქროსა და ვერცხლისკენ და ძვირფასი ქვებისკენ; თუმცა ამ ყველაფრის შოვნას ცდილობდნენ მკვლელობებითა და ყაჩაღობით, რათა არ ეშრომათ საკუთარი ხელით.

15 ასე, იყვნენ ისინი ძალზედ ზარმაცი ხალხი, მრავალი მათგანი კერპებს ეთაყვანებოდა და ღმერთის წყევლა დაატყდათ მათ თავიანთი მამების ჩვეულებების გამო; ამისდა მიუხედავად, მათ, მონანიების პირობით, მიეცათ უფლის დაპირებები.

16 ამიტომ, ეს იყო მიზეზი, რისთვისაც მოსიას შვილებმა ეს საქმე წამოიწყეს, რომ იქნებ ისინი მონანიებამდე მიეყვანათ; რომ იქნებ ისინი გამოსყიდვის გეგმის ცოდნისკენ მიეყვანათ.

17 ამიტომ, ისინი განცალკევდნენ და წავიდნენ ლამანიელთა შორის, თითოეული ცალ-ცალკე, ღვთის სიტყვისა და ძალის შესაბამისად, რომელიც მას მიეცა.

18 ახლა, ამონი მთავარი იყო მათ შორის, თუმცა უფრო მეტად – ემსახურებოდა მათ და წავიდა მათგან მას შემდეგ, რაც აკურთხა ისინი, თავიანთი განსხვავებული მოწოდებების შესაბამისად, გაუზიარა რა მათ ღვთის სიტყვა ანუ ემსახურა მათ თავის გამგზავრებამდე; და ისინი გაემგზავრნენ მთელს მიწაზე სხვადასხვა გზებით.

19 და ამონი გაემართა ისმაელის მიწაზე, მიწაზე, რომელსაც ერქვა ისმაელის შვილების სახელი, რომელნიც ასევე ლამანიელები გახდნენ.

20 და როგორც კი ამონი შევიდა ისმაელის მიწაზე, ლამანიელებმა შეიპყრეს იგი და გაკოჭეს თავიანთი წესისამებრ, რომლის მიხედვითაც უნდა გაეკოჭათ ყოველი ნეფიელი, რომელიც მათ ხელში ჩაუვარდებოდათ და მიეყვანათ მეფესთან; და ასე, მეფის ნებაზე იყო დამოკიდებული, იგი მოეკლათ, მონობაში დაეტოვებინათ, საპყრობილეში ჩაეგდოთ თუ მიწიდან გაეძევებინათ, მისი ნებისა და სურვილის შესაბამისად.

21 და ასე, მიიყვანეს ამონი მეფის წინაშე, რომელიც ისმაელის მიწაზე მეფობდა; და მისი სახელი იყო ლამონი; და ის იყო ისმაელის შთამომავალი.

22 და მეფემ ამონს დაუსვა შეკითხვა, სურს თუ არა იცხოვროს მიწაზე ლამანიელთა შორის ანუ მის ხალხს შორის.

23 და ამონმა მას უთხრა: დიახ, მე მსურს ამ ხალხს შორის ცხოვრება გარკვეული დროით; დიახ, შეიძლება ჩემი სიკვდილის დღემდეც კი.

24 და იყო ასე, რომ მეფე ლამონი ძალზედ კმაყოფილი იყო ამონით და ბრძანა, რომ ბორკილები მოეხსნათ; და მოისურვა, რომ ამონს ცოლად შეერთო მისი ერთ-ერთი ქალიშვილი.

25 მაგრამ ამონმა მას უთხრა: არა, მაგრამ მე ვიქნები შენი მსახური. ამიტომ, ამონი გახდა მეფე ლამონის მსახური. და იყო ასე, რომ დაინიშნა სხვა მსახურებთან ერთად ლამონის ფარის მეთვალყურედ, ლამანიელთა ჩვეულებისამებრ.

26 და მას შემდეგ, რაც იგი მეფის მსახურად სამი დღე იყო, როდესაც სხვა ლამანიელ მსახურებთან ერთად მიდიოდა რა მათი ფარით წყლიან ადგილზე, რომელსაც ეწოდებოდა სებუსის წყლები და ყველა ლამანიელს იქ მიჰყავდა თავისი ფარები წყლის დასალევად –

27 ამიტომ, როდესაც ამონს და მეფის მსახურებს მიჰყავდათ ფარა ამ წყლიან ადგილზე, აჰა, ზოგიერთმა ლამანიელმა, რომელიც იყო თავისი ფარებით წყალთან, ადგა და გაფანტა ამონისა და მეფის მსახურების ფარა და მათ ისინი ისე გაფანტეს, რომ მრავალი სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ.

28 და ახლა, მეფის მსახურებმა დაიწყეს ბუზღუნი სიტყვებით: ახლა, მეფე ჩვენ დაგვხოცავს, ისე, როგორც დახოცა ჩვენი ძმები, რადგან მათი ფარა გაფანტულ იქნა ამ ადამიანთა სიბოროტის გამო. და მათ დაიწყეს მოთქმით ტირილი სიტყვებით: აჰა, ჩვენი ფარა უკვე გაიფანტა.

29 ახლა, ისინი ტიროდნენ იმის შიშით, რომ დახოცილ იქნებოდნენ. ახლა, როდესაც ამონმა დაინახა ეს, მას გული სიხარულით აღევსო, რადგან მან თქვა: მე ვაჩვენებ ჩემს ძალას ამ ჩემს მეგობარ მსახურებს ანუ ძალას, რომელიც არის ჩემში, მეფისათვის ამ ფარის აღდგენით, რომ შევძლო ჩემი მეგობარი მსახურების გულის მოგება, რათა დავიყოლიო ისინი, ირწმუნონ ჩემი სიტყვები.

30 და ახლა, ასეთი იყო ამონის ფიქრები, როდესაც მან იხილა მათი გაჭირვება, რომლებსაც თავის ძმებს უწოდებდა.

31 და იყო ასე, რომ მან ისინი სიტყვით გაამხნევა, უთხრა რა: ჩემო ძმებო, გამხნევდით, მოდით წავიდეთ ფარის საძებრად და ერთად შევაგროვებთ მათ და უკან წყლიან ადგილზე მივიყვანთ, ასე შევინარჩუნებთ მეფისათვის ფარას და ის არ დაგვხოცავს.

32 და იყო ასე, რომ ისინი წავიდნენ ფარის საძებრად და მიჰყვებოდნენ ამონს და წინ მიქროდნენ დიდი სისწრაფით და მიჰყავდათ მეფის ფარა და კვლავ ერთად შეკრიბეს ისინი წყლიან ადგილას.

33 და ის ადამიანები კვლავ ადგნენ, რათა მათი ფარა გაეფანტათ, მაგრამ ამონმა უთხრა თავის ძმებს: ფარის გარშემო დადექით, რომ ისინი არ გაიქცნენ და მე მივალ და დავუპირისპირდები ამ ადამიანებს, რომლებიც ფარას გვიფანტავენ.

34 ასე რომ, ისინი მოიქცნენ, როგორც ამონმა უბრძანა და იგი წინ გავიდა და დადგა, რომ დაპირისპირებოდა მათ, რომლებიც იდგნენ სებუსის წყლებთან; და ისინი არ იყვნენ რაოდენობით მცირენი.

35 ამიტომ, მათ არ ეშინოდათ ამონის, რადგან ფიქრობდნენ, რომ რომელიმე მათგანი, სურვილისამებრ, შეძლებდა მის მოკვლას, რადგან არ იცოდნენ, რომ უფალი დაპირდა მოსიას, რომ ის გამოიხსნიდა თავის შვილებს მათი ხელიდან; არც იცოდნენ არაფერი უფალზე, ამიტომ ხარობდნენ თავიანთი ძმების განადგურებით; და ამ მიზეზით იდგნენ მეფის ფარის გასაფანტად.

36 მაგრამ ამონი წინ იდგა და დაუწყო მათ თავისი შურდულით ქვების სროლა; დიახ, დიდი ძალით ესროდა მათ ქვებს და ასე დახოცა მათი გარკვეული რაოდენობა ისე, რომ ისინი გააოცა მისმა ძალამ; მიუხედავად ამისა, ისინი განრისხდნენ თავიანთი დახოცილი ძმების გამო და გადაწყვიტეს, რომ ის უნდა დაცემულიყო; ამიტომ, ხედავდნენ რა, რომ ვერ არტყამდნენ ქვებს, წამოვიდნენ ხელკეტებით მის მოსაკლავად.

37 მაგრამ, აჰა, ყოველ ადამიანს, რომელმაც თავისი ხელკეტი აიღო ამონის მოსაკლავად, ის თავისი მახვილით ხელს ჰკვეთდა; რადგან ასე ეწინააღმდეგებოდა მათ დარტყმებს, ჰკვეთდა რა მახვილის პირით მათ ხელებს, ასე რომ გაოცდნენ და იწყეს მისგან გაქცევა; დიახ, და ისინი არ იყვნენ ცოტანი; და მან, საკუთარი ხელის ძალით, აიძულა ისინი, გაქცეულიყვნენ.

38 ახლა, ექვსი მათგანი დაეცა შურდულისგან, მაგრამ მან არცერთი არ მოკლა თავისი მახვილით, გარდა მათი წინამძღოლისა; და მან მოჰკვეთა მათ იმდენი ხელი, რამდენიც იყო მის წინააღმდეგ აღმართული და ისინი არ იყვნენ მცირე რაოდენობის.

39 და როდესაც ისინი შორს განდევნა, იგი დაბრუნდა და მათ წყალი დაალევინეს თავიანთ ფარას და დააბრუნეს ისინი მეფის საძოვრებზე; და შემდეგ, შევიდნენ მეფესთან, თან მიჰქონდათ ამონის მახვილით მოკვეთილი ხელები, მათი, რომლებსაც სურდათ მისი მოკვლა; და ისინი მეფეს მიუტანეს იმის დასამოწმებლად, რაც გააკეთეს.