წმინდა წერილი
ალმა 9


ალმას სიტყვები და ასევე ამულეკის, რომლებიც უქადაგეს ხალხს ამონიჰას მიწაზე. მათ ჩაყრიან საპყრობილეში და ისინი განთავისუფლდებიან ღმერთის საოცარი ძალით, რომელიც იყო მათში, ალმას ჩანაწერების მიხედვით.

შეიცავს მე-9-დან 14-ე თავის ჩათვლით.

თავი 9

ალმა უბრძანებს ამონიჰას ხალხს, რომ მოინანიონ. უფალი მოწყალე იქნება ლამანიელთა მიმართ უკანასკნელ დღეებში. თუ ნეფიელები სინათლეს განუდგებიან, ისინი განადგურებულნი იქნებიან ლამანიელთა მიერ. მალე მოვა ძე ღვთისა. ის გამოისყიდის მათ, ვინც მოინანიებს, მოინათლება და იწამებს მის სახელს. დაახლოებით 82 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და კვლავ, მე, ალმამ, მქონდა რა ნაბრძანები ღმერთისგან, რომ ამეყვანა ამულეკი და წავსულიყავი და კვლავ მექადაგა ამ ხალხისათვის ანუ ხალხისათვის, რომელიც იმყოფებოდა ქალაქ ამონიჰაში, იყო ასე, რომ როდესაც დავიწყე მათთვის ქადაგება, მათ დაიწყეს ჩემთან კამათი სიტყვებით:

2 შენ ვინ ხარ? ნუთუ გგონია, რომ ჩვენ დავიჯერებთ ერთი ადამიანის დამოწმებას, მიუხედავად იმისა, რომ ის გვიქადაგებს, რომ დედამიწა გადაივლის?

3 ახლა არ ესმოდათ იმ სიტყვების, რასაც ამბობდნენ, რადგან არ იცოდნენ, რომ დედამიწა გადაივლიდა.

4 და მათ ასევე თქვეს: ჩვენ არ დავიჯერებთ შენი სიტყვების, თუმცა იწინასწარმეტყველებ, რომ ეს დიდი ქალაქი ერთ დღეში დაინგრევა.

5 ახლა, მათ არ იცოდნენ, რომ ღმერთს შეუძლია მოახდინოს ასეთი საოცარი საქმენი, რადგან გულქვა და ქედფიცხელი ადამიანები იყვნენ.

6 და მათ თქვეს: ვინ არის ღმერთი, რომელიც ამ ხალხში არ აგზავნის არანაირ უფლებამოსილებას, გარდა ერთი კაცისა, რათა აუწყოს მათ ჭეშმარიტება ასეთ დიდ და საოცარ საქმეებზე?

7 და ისინი წინ წამოვიდნენ, რათა ხელი დაედოთ ჩემზე; მაგრამ, აჰა, მათ ვერ შეძლეს. და მე თამამად ვიდექი, რომ მეუწყა მათთვის, დიახ, თამამად დავუმოწმე მათ სიტყვებით:

8 აჰა, თქვენ, ბოროტო და უკუღმართო თაობავ, როგორ დაივიწყეთ თქვენი მამების ჩვეულება, დიახ, როგორ მალე დაივიწყეთ ღმერთის მცნებები.

9 ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჩვენი მამა, ლეხი, იერუსალიმიდან ღვთის ხელით იქნა გამოყვანილი? ნუთუ არ გახსოვთ, რომ ის წინ მიუძღოდა ყოველ მათგანს უდაბნოში?

10 ნუთუ ასე მალე დაგავიწყდათ, რამდენჯერ გამოიხსნა მან ჩვენი მამები მტრის ხელიდან და გადაარჩინა განადგურებას, თავიანთი საკუთარი ძმების ხელიდანაც კი?

11 დიახ, რომ არა მისი უბადლო ძალა და მისი წყალობა და მისი სულგრძელობა ჩვენ მიმართ, ჩვენ აუცილებლად მოკვეთილნი ვიქნებოდით დედამიწის ზედაპირიდან, დიდი ხნით ადრე ამ დრომდე და ალბათ ჩავცვივდებოდით უსასრულო უბედურებისა და ვარამის მდგომარეობაში.

12 აჰა, ახლა გეუბნებით, რომ ის გიბრძანებთ, მოინანიოთ; და თუ არ მოინანიებთ, თქვენ ვერანაირად ვერ დაიმკვიდრებთ ღვთის სასუფეველს. მაგრამ, აჰა, ეს არ არის ყველაფერი, მან გიბრძანათ მონანიება, თორემ მთლიანად გაგანადგურებდათ დედამიწის ზედაპირიდან; დიახ, იგი მოგევლინებათ თავისი რისხვით და თავის საშინელ რისხვაში არ განგერიდებათ.

13 აჰა, ნუთუ არ გახსოვთ სიტყვები, რომლებიც მან უთხრა ლეხის, ეუბნებოდა რა: რამდენადაც დაიცავთ ჩემს მცნებებს, იმდენად აყვავდებით ამ მიწაზე? და კვლავ, ნათქვამია: რამდენადაც არ დაიცავთ ჩემს მცნებებს, იმდენად მოკვეთილნი იქნებით უფლის გარემოცვიდან.

14 ახლა, მე მსურს, რომ თქვენ გახსოვდეთ: ისე, რამდენადაც ლამანიელნი არ იცავდნენ ღმერთის მცნებებს, ისინი მოკვეთილნი იყვნენ უფლის გარემოცვიდან. ახლა, ჩვენ ვხედავთ, რომ უფლის სიტყვა ამაში ახდა; და ლამანიელნი მოკვეთილ იქნენ მისი გარემოცვიდან ამ მიწაზე, მათ შეცოდებათა დასაწყისშივე.

15 მიუხედავად ამისა, მე თქვენ გეუბნებით, რომ განკითხვის დღეს მათ უფრო გაუადვილდებათ, ვიდრე თქვენ, თუ თქვენ დარჩებით თქვენს ცოდვებში, დიახ, უფრო გაუადვილდებათ მათ ამ ცხოვრებაში, ვიდრე თქვენ, თუ არ მოინანიებთ.

16 რადგან არის მრავალი დაპირება, რომელიც მიეცა ლამანიელებს; ვინაიდან თავიანთი მამების ჩვეულების გამო, ისინი დარჩნენ თავიანთ უმეცრების მდგომარეობაში, ამიტომ უფალი მოწყალე იქნება მათ მიმართ და გაუხანგრძლივებს მათ მიწაზე ყოფნას.

17 და როდესღაც მოვა დრო, ისინი მიყვანილნი იქნებიან, რომ იწამონ მისი სიტყვა და გაიგონ თავიანთი მამების ჩვეულებების სიმცდარე; და მრავალი მათგანი გადარჩება, რადგან უფალი მოწყალე იქნება ყველა მათგანის მიმართ, რომლებიც შეჰღაღადებენ მის სახელს.

18 მაგრამ, აჰა, მე გეუბნებით, რომ თუ თქვენ ჯიუტად დარჩებით თქვენს სიბოროტეში, მაშინ თქვენი დღეები არ გახანგრძლივდება მიწაზე, რადგან ლამანიელნი იქნებიან თქვენზედ მოგზავნილნი; და თუ არ მოინანიებთ, ისინი მოვლენ იმ დროს, რომელიც არ იცით და მოგევლინებათ სრული განადგურება; და ეს იქნება უფლის საშინელი რისხვის შესაბამისად.

19 რადგან ის არ დაუშვებს, რომ თქვენ იცხოვროთ თქვენს ურჯულოებაში მისი ხალხის გასანადგურებლად. მე გეუბნებით – არა; ის უფრო დაუშვებს, რომ ლამანიელებმა გაანადგურონ მთელი მისი ხალხი, რომელსაც ჰქვია ნეფის ხალხი, მათი ცოდვებში და შეცოდებებში გადავარდნა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მას შემდეგ, რაც ამდენი სინათლე და ამდენი ცოდნა ნაბოძები ჰქონდათ უფლის, მათი ღმერთის, მიერ;

20 დიახ, მას შემდეგ, რაც იყვნენ ასე, უფლისგან ძალზედ მოწონებული ხალხი; დიახ, მას შემდეგ, რაც უფრო მეტად იყვნენ ძალზედ მოწონებულნი ყველა სხვა ერზე, ტომზე, ენაზე და ხალხზე, მას შემდეგ, რაც მათ გაენდოთ ყველაფერი, მათი სურვილების და მათი რწმენისა და მათი ლოცვების თანახმად იმაზედ, თუ რა იყო, რა არის და რაც მოსასვლელია;

21 იყვნენ რა ღმერთის სულით წვეულნი; ელაპარაკნენ რა ანგელოზებს და იყვნენ რა უფლის ხმით მოწოდებულნი; აქვთ რა წინასწარმეტყველების სული და სული გამოცხადებისა და ასევე მრავალი ძღვენი, ენებზე ლაპარაკის ძღვენი და ქადაგების ძღვენი და სულიწმინდის ძღვენი და თარჯიმნობის ძღვენი;

22 დიახ, და მას შემდეგ, რაც ღმერთის მიერ გამოხსნილ იქნენ იერუსალიმის მიწიდან უფლის ხელით; იყვნენ რა გადარჩენილნი შიმშილისგან და ავადმყოფობებისგან და ყველანაირი დაავადებებისგან, ყოველი სახის; და იყვნენ რა ბრძოლებში განმტკიცებულნი, რომ არ განადგურებულიყვნენ; მონობიდან არაერთხელ გამოხსნილნი და აქამდე დაცულნი და შენახულნი; და აყვავდნენ იქამდე, სანამ მდიდარნი გახდნენ ყველაფერში –

23 და ახლა, აჰა, მე თქვენ გეუბნებით, რომ თუ ეს ხალხი, რომელმაც მიიღო ამდენი კურთხევები უფლის ხელიდან, დანაშაულს სჩადის სინათლისა და ცოდნის წინააღმდეგ, რომელსაც იგი ფლობს, მე გეუბნებით, რომ თუ ეს ასე იქნება, რომ ისინი ჩაცვივდნენ შეცოდებაში, ლამანიელებს ბევრად უფრო გაუადვილდებათ, ვიდრე მათ.

24 რადგან, აჰა, უფლის დანაპირები არის ლამანიელთათვის, მაგრამ ის თქვენთვის არ მოუცია, თუ ჩადიხართ დანაშაულს; რადგან, ნუთუ ნათლად არ დაგპირდათ და მტკიცედ არ გიბრძანათ უფალმა, რომ თუ მის წინააღმდეგ აჯანყდებით, იქნებით მთლიანად განადგურებულნი დედამიწის პირიდან?

25 და ახლა, ამ მიზეზით რომ არ იყოთ განადგურებულნი, უფალმა მოავლინა ანგელოზი, რათა ეწვიოს მრავალთ მის ხალხში, გამოუცხადოს მათ, რომ წინ უნდა წავიდნენ და ძლიერად შეჰღაღადონ ამ ხალხს სიტყვებით: მოინანიეთ, რადგან ცათა სასუფეველი მოახლოვებულია;

26 და არ დარჩა დიდი დრო იქამდე, როდესაც ღმერთის ძე მოვა თავისი დიდებით; და მისი დიდება იქნება დიდება მამის მხოლოდშობილისა, სავსე მადლით, მიუკერძოებლობით და ჭეშმარიტებით, სავსე მოთმინებით, წყალობითა და სულგრძელობით, გულისხმიერად მომსმენი, რათა შეისმინოს თავისი ხალხის ღაღადი და უპასუხოს მათ ლოცვებს.

27 და აჰა, ის მოდის, რათა გამოისყიდოს ისინი, რომლებიც მოინათლებიან მოსანანიებლად, მის სახელში რწმენით.

28 ამიტომ, განუმზადეთ გზა უფალს, რადგან ახლოს არის ჟამი, როდესაც ყოველი ადამიანი მოიმკის ჯილდოს თავისი საქმეებისამებრ, იმისდა შესაბამისად, რაც იყო, თუ იყო სამართლიანი, თავიანთი სულების ხსნას მოიმკიან, იესო ქრისტეს ძალისა და გამოხსნის შესაბამისად; და თუ იყო ბოროტი, ისინი მოიმკიან თავიანთი სულის წყევლას, ეშმაკის დამატყვევებელი ძალის შესაბამისად.

29 და ახლა, აჰა, ეს არის ხალხისადმი მოღაღადე ანგელოზის ხმა.

30 და ახლა, ჩემო საყვარელო ძმებო, რადგან ხართ ჩემი ძმები და უნდა მიყვარდეთ და თქვენ უნდა აკეთოთ საქმენი, რომლებიც მონანიებას შეეფერება, ვხედავ, რომ გული ძალზედ გაგიქვავდათ ღვთის სიტყვის მიმართ და ვხედავ, რომ ხართ დაკარგული და დაცემული ხალხი.

31 ახლა, იყო ასე, რომ, როდესაც მე, ალმამ, ვთქვი ეს სიტყვები, აჰა, ხალხი ჩემზე განრისხდა, რადგან ვუთხარი, რომ ისინი არიან გულქვა და ქედფიცხელი ხალხი.

32 და ასევე იმისათვის, რომ ვუთხარი, რომ ისინი იყვნენ დაკარგული და დაცემული ხალხი, გაბრაზდნენ ჩემზე და შეეცადნენ ჩემზე თავიანთი ხელის დადებას, რათა საპყრობილეში ჩავეგდე.

33 მაგრამ იყო ასე, რომ უფალმა არ დაუშვა, რომ მათ იმ დროს ავეყვანე და საპყრობილეში ჩავეგდე.

34 და იყო ასე, რომ ამულეკი გამოვიდა და წინ დადგა და ასევე დაიწყო მათთვის ქადაგება. და ახლა, ამულეკის სიტყვები ყველა არ არის ჩაწერილი, მიუხედავად ამისა, მისი სიტყვების ნაწილი დაწერილია ამ წიგნში.