წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 110


ნაწილი 110

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითისადმი და ოლივერ ქაუდერისადმი ტაძარში მიღებული ხილვები, კირტლანდი, ოჰაიო, 3 აპრილი, 1836 წ. ეს მოხდა კვირა დღის შეკრებაზე, ჯოზეფ სმითის ისტორიაში წერია: „შუადღისას სხვა პრეზიდენტებს უფლის სერობის ჩამორიგებაში ვეხმარებოდი, ვიღებდი რა მას თორმეტთაგან, რომლებსაც პატივი ერგოთ, ემსახურათ იმ დღეს ზიარების მაგიდასთან. მას შემდეგ, რაც დავასრულე ძმებისადმი მსახურება, დავბრუნდი მქადაგებლის კათედრაზე, ფარდები ჩამოფარებული იყო და ოლივერ ქაუდერისთან ერთად, საზეიმო უსიტყვო ლოცვაში მუხლი მოვიყარე. ლოცვის შემდეგ, როდესაც ავდექით, ორივე ჩვენგანს გვქონდა შემდეგი ხილვა.“

1–10, უფალი იეჰოვა ცხადდება ბრწყინვალებაში და კირტლანდის ტაძარს ღებულობს, როგორც თავის სახლს; 11–12, მოსე და ელიასი გამოცხადდებიან და უბოძებენ თავიანთ გასაღებებსა და წყობას; 13–16, ელია ბრუნდება და უბოძებს თავისი წყობის გასაღებებს, როგორც დაპირებული იყო მალაქიას მიერ.

1 საბურველი მოეხსნა ჩვენს გონებას და გონების თვალი აგვეხილა.

2 ვიხილეთ უფალი, იდგა რა ჩვენ წინ მქადაგებლის კათედრის მოაჯირის ზევით; და მის ფეხქვეშ იყო ოქროთი მოკირწლული ქარვის ფერი მაღლობი.

3 მისი თვალები იყო, ვითარცა ალი ცეცხლისა, თმები მის თავზე იყო სპეტაკი, როგორც სუფთა თოვლი; სახე უბრწყინავდა მზეზე უფრო მეტად და ხმა მისი იყო აღელვებული დიდი წყლების ხმასავით, იეჰოვას ხმა, რომელიც ამბობდა:

4 მე ვარ პირველი და უკანასკნელი, მე ვარ ის, რომელიც ცოცხალია, მე ვარ ის, რომელიც მოკლეს, მე ვარ თქვენი ქომაგი მამასთან.

5 აჰა, ცოდვები შეგენდოთ, ჩემ წინაშე ხართ განწმენდილნი; ამიტომ, აწიეთ თავი და გაიხარეთ.

6 დაე, იხარონ თქვენი ძმების გულებმა, დაე, იხაროს მთელი ჩემი ხალხის გულმა, რომელმაც თავიანთი ძალით ააშენა ეს სახლი ჩემს სახელზე.

7 ვინაიდან, აჰა, მივიღე ეს სახლი და აქ იქნება ჩემი სახელი და გამოვეცხადები ჩემს ხალხს გულმოწყალებით ამ სახლში.

8 დიახ, გამოვეცხადები ჩემს მსახურებს და დაველაპარაკები ჩემი ხმით, თუ ჩემი ხალხი დაიცავს ჩემს მცნებებს და არ წაბილწავს ამ წმინდა სახლს.

9 დიახ, იხარებს ათასთა და ათი ათასთა გული კურთხევების შედეგად, რომლებიც გადმოიღვრება და სამოსელით, რომლითაც ჩემი მსახურები ამ სახლში იქნენ შემოსილნი.

10 და ამ სახლის დიდება მიაღწევს უცხოეთის მიწებამდე; და ეს არის დასაწყისი კურთხევისა, რომელიც გადმოიღვრება ჩემი ხალხის თავზე. სწორედ ასე. ამინ.

11 მას შემდეგ, რაც ეს ხილვა დასრულდა, ჩვენ კვლავ გაგვეხსნა ზეცა და ჩვენ წინ გამოცხადდა მოსე და გადმოგვცა გასაღებები დედამიწის ოთხი კიდიდან ისრაელის შესაკრებად და ჩრდილოეთ მიწიდან ათი ტომის გამოსაყვანად.

12 ამის შემდეგ ელიასი გამოცხადდა და აბრაამის სახარების წყობა გადმოგვცა, გვითხრა რა, რომ ჩვენში და ჩვენს შთამომავლობაში ყველა თაობა ჩვენს შემდეგ იქნება კურთხეული.

13 ამ ხილვის დასრულების შემდეგ გვქონდა კიდევ ერთი დიადი და ბრწყინვალე ხილვა; ვინაიდან, წინასწარმეტყველი ელია, რომელიც ზეცაში აყვანილ იქნა გარდაცვალების გარეშე, იდგა ჩვენ წინაშე და თქვა:

14 აჰა, სრულიად დადგა ჟამი, რომელზეც ითქვა მალაქიას პირით – მოწმობდა რა, რომ იგი [ელია] გაგზავნილ იქნება მანამ, სანამ დადგება უფლის მოსვლის დიდი და საშინელი დღე –

15 რათა შემოაბრუნოს მამების გულები შვილებისკენ და შვილების – მამებისკენ, რომ მთელი დედამიწა არ შეიმუსროს წყევლით –

16 ამიტომ, ამ წყობის გასაღებები თქვენ ხელში გადმოგეცათ; ამით შეგიძლიათ იცოდეთ, რომ ახლოა უფლის მოსვლის დიდი და საშინელი დღე, დიახ, კართანაა.