წმინდა წერილი
შესავალი


შესავალი

მოძღვრება და აღთქმები არის ღვთიური გამოცხადებებისა და შთაგონებული განცხადებების კრებული, რომელიც მოცემულია უკანასკნელ დღეებში დედამიწაზე უფლის სასუფევლის ჩამოყალიბებისა და მართვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილთა უმეტესობა ეძღვნება უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებს, ეს გზავნილები, გაფრთხილებები და მოწოდებები სასარგებლოა მთელი კაცობრიობისთვის და მოუხმობს ყოველ ადამიანს ყველგან, ყური დაუგდოს უფალ იესო ქრისტეს ხმას, რომელიც მიმართავს მათ ამქვეყნიური კეთილდღეობისა და მარადიული ხსნისკენ.

გამოცხადებათა კრებულის უმეტესი ნაწილი მიღებულ იქნა უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პირველი წინასწარმეტყველისა და პრეზიდენტის, ჯოზეფ სმით უმცროსის მიერ. დანარჩენი გამოქვეყნდა პრეზიდენტობიდან ზოგიერთი მისი მემკვიდრეების მიერ (იხ. მ.ა. 135, 136, და 138 ნაწილების სათაურები, ასევე ოფიციალური განცხადებანი 1 და 2).

წიგნი „მოძღვრება და აღთქმები“ წარმოადგენს ეკლესიის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნაშრომს ბიბლიასთან, მორმონის წიგნთან და ძვირფას მარგალიტთან ერთად. ამისდა მიუხედავად, მოძღვრება და აღთქმები განსაკუთრებულია, ვინაიდან არ წარმოადგენს უძველესი ჩანაწერების თარგმანს. იგი თანამედროვე ნაშრომია, რომელიც მიღებულია ღმერთისგან მის მიერ ამორჩეული წინასწარმეტყველების მეშვეობით, დედამიწაზე მისი წმინდა სამუშაოს აღსადგენად და უფლის სასუფევლის ჩამოსაყალიბებლად ჩვენი დღეების ჟამს. ამ გამოცხადებებში ისმის უფალ იესო ქრისტეს კეთილი და ამავე დროს მტკიცე ხმა, კვლავ მოსაუბრე ჟამთა სისავსის წყობისას; საქმე კი, რომელიც აქ არის დაწყებული, წარმოადგენს მისი მეორედ მოსვლისთვის მზადებას, ამ ქვეყნის დასაბამიდან ყოველი წმინდა წინასწარმეტყველის სიტყვათა აღსასრულებლად და შესატყვისად.

ჯოზეფ სმითი უმცროსი დაიბადა 1805 წ. 23 დეკემბერს ვინდსორის ოლქის სოფელ შარონში, ვერმონტის შტატში. ბავშვობისას იგი ოჯახთან ერთად გადასახლდა ქალაქში, ამჟამად ცნობილი როგორც მანჩესტერი, დასავლეთ ნიუ-იორკში. იქ ცხოვრებისას, 1820 წლის გაზაფხულზე, თოთხმეტი წლის ასაკში, მან მიიღო პირველი ხილვა, სადაც გამოეცხადა პირადად ღმერთი, მარადიული მამა და მისი ძე, იესო ქრისტე. ხილვაში მას უთხრეს, რომ იესო ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია, რომელიც დაარსებულ იქნა ახალი აღთქმის დროს და მოიცავდა სახარების სისრულეს, დედამიწაზე აღარ არსებობდა. ამას მოჰყვა სხვა წმინდა გამოცხადებები, რომლებშიც მას მრავალი ანგელოზი ასწავლიდა; მას გამოეცხადა, რომ ღმერთს მისთვის ჰქონდა დედამიწაზე შესასრულებელი განსაკუთრებული საქმე და რომ მისი მეშვეობით დედამიწაზე აღდგებოდა იესო ქრისტეს ეკლესია.

დროთა განმავლობაში ჯოზეფ სმითმა, ღვთის დახმარებით, შეძლო მორმონის წიგნის გადათარგმნა და გამოქვეყნება. ამასობაში, იგი და ოლივერ ქაუდერი ხელდასხმულ იქნენ აარონის მღვდლობაზე იოანე ნათლისმცემლის მიერ, 1829 წ. მაისში (იხ. მ.ა. 13) და ცოტა ხნის შემდეგ ისინი ასევე ხელდასხმულ იქნენ მელქიცედეკის მღვდლობაზე უძველესი მოციქულების – პეტრეს, იაკობისა და იოანეს მიერ (იხ. მ.ა. 27:12). ამას მოჰყვა სხვა ხელდასხმები, რომლებითაც მათ ებოძათ მღვდლობის გასაღებები მოსეს, ელიას, ელიასისა და მრავალი ძველი დროის წინასწარმეტყველის მიერ (იხ. მ.ა. 110; 128:18, 21). ეს ხელდასხმები სინამდვილეში წარმოადგენდა დედამიწაზე ადამიანისთვის ღვთიური უფლებამოსილების აღდგენას. 1830 წ. 6 აპრილს წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა, ზეციური ხელმძღვანელობით, ჩამოაყალიბა ეკლესია და ამგვარად, იესო ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია კვლავ მოქმედებს ადამიანებს შორის, როგორც ორგანიზაცია, აქვს რა სახარების სწავლებისა და ხსნის წეს-ჩვეულებების აღსრულების უფლებამოსილება. (იხ. მ.ა. 20 და ძვირფასი მარგალიტი, ჯოზეფ სმითი – ისტორია 1).

ეს წმინდა გამოცხადებები მიღებულ იქნა ლოცვის საპასუხოდ, გაჭირვების ჟამს, რეალური ცხოვრების ვითარებაში, რეალური ხალხის მონაწილეობით. წინასწარმეტყველი და მისი თანაშემწეები ეძებდნენ ღვთიურ ხელმძღვანელობას და ეს გამოცხადებები ნათელს ხდის, რომ მათ იგი მიიღეს. ამ გამოცხადებებში ნაჩვენებია იესო ქრისტეს სახარების აღდგენა, გახსნა და ჟამთა სისავსის წყობის აღსრულების დაწყება. ამ გამოცხადებებში ასევე ნაჩვენებია ეკლესიის დასავლეთის მიმართულებით განვითარება, ნიუ-იორკიდან და პენსილვანიიდან ოჰაიოს, მისურისა და ილინოისის შტატებისკენ და ბოლოს დასავლეთ ამერიკის დიდი ყურეს რეგიონისკენ, ასევე წმინდანთა დიადი ბრძოლა მათ მცდელობაში – ააშენონ დედამიწაზე სიონი თანამედროვე ჟამს.

დასაწყისის რამდენიმე ნაწილში განხილულია მორმონის წიგნის თარგმნასთან და გამოქვეყნებასთან დაკავშრებული საკითხები (იხ. ნაწილი 3, 5, 10, 17, და 19). ზოგიერთ მომდევნო ნაწილში აღწერილია ჯოზეფ სმითის მიერ ბიბლიის შთაგონებული თარგმნის საქმიანობა, რომლის დროს მიღებულ იქნა მოძღვრების მრავალი ნაწილი (იხილეთ, მაგალითად, ნაწილი 37, 45, 73, 76, 77, 86, 91, და 132. ყოველ მათგანს ბიბლიის თარგმანთან აქვს პირდაპირი კავშირი).

ამ გამოცხადებებში მოცემულია სახარების მოძღვრება განმარტებებით ისეთ ფუნდამენტალურ საკითხებზე, როგორიცაა: ღვთაების ბუნება, ადამიანის წარმოშობა, სატანის არსი, მოკვდავობის დანიშნულება, მორჩილების აუცილებლობა, მონანიების მნიშვნელობა, სულიწმინდის მოქმედება, ხსნასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები და ადათ-წესები, დედამიწის ბედისწერა, აღდგომისა და განკითხვის შემდგომ ადამიანის მომავალი მდგომარეობა, ქორწინებისა და ოჯახის მარადიულობის არსი. ასევე თანდათანობით ხდება ეკლესიის ადმინისტრაციული სტრუქტურის განმარტება: ეპისკოპოსთა, პირველი პრეზიდენტობის, თორმეტ მოციქულთა საბჭოს, სამოცდაათთა ქვორუმის მოწოდება და ასევე სხვა მმართველი ორგანიზაციებისა და ქვორუმების ჩამოყალიბება. და ბოლოს, იესო ქრისტეზე, მის ღვთიურობაზე, მის დიდებაზე, მის სრულყოფილებაზე, მის სიყვარულსა და გამომსყიდველ ძალაზე მოცემული მოწმობა ხდის ამ წიგნს კაცობრიობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანს და „მთელი მსოფლიოს საგანძურის ტოლფასს“ (იხ. მ.ა. 70-ე ნაწილის სათაური).

გამოცხადება თავდაპირველად ხელით ჩაწერილ იქნა ჯოზეფ სმითის მწერლების მიერ და ეკლესიის წევრები ერთმანეთს ენთუზიაზმით უზიარებდნენ ხელნაწერ ასლებს. პერმანენტული ჩანაწერის შესაქმნელად მწერლებმა გადაიწერეს ამ გამოცხადებათა ასლები ხელნაწერთა წიგნში, რომელსაც შემდგომ ეკლესიის წინამძღვარნი იყენებდნენ გამოცხადებების დასაბეჭდად მომზადებაში. ჯოზეფი და ადრეული წმინდანები გამოცხადებებს განიხილავდნენ ისე, როგორც ეკლესიას – ცოცხალს, დინამიურსა და განახლებადს დამატებითი გამოცხადებებით. ასევე მათ გააზრებული ჰქონდათ, რომ განუზრახველი შეცდომები წარმოიქმნებოდა გამოცხადებათა ასლების გადაწერისას და დასაბეჭდად მომზადებისას. ამგვარად, ეკლესიის კონფერენციამ სთხოვა ჯოზეფ სმითს 1831 წ. „გაეკეთებინა შეცდომების ან ცდომილებების შესწორებები, რომლებიც მას შესაძლოა, ეპოვა სულიწმინდით.“

მას შემდეგ, რაც გამოცხადებები განხილულ და შესწორებულ იქნა, ეკლესიის წევრებმა მისურიში დაიწყეს წიგნის ბეჭდვა, სახელწოდებით A Book of Commandments for the Government of the Church of Christ (ქრისტეს ეკლესიის მართვის ბრძანებათა წიგნი) რომელშიც შედიოდა წინასწარმეტყველის მრავალი ადრინდელი გამოცხადება. თუმცა, გამოცხადებების გამოცემის პირველი მცდელობა დასრულდა, როცა 1833 წ. 20 ივლისს ჯექსონის ოლქში ბრბომ გაანადგურა სტამბა.

მისურიში სტამბის დარბევის ამბის გაგების შემდეგ, ჯოზეფ სმითმა და ეკლესიის სხვა წინამძღვრებმა დაიწყეს ოჰაიოს შტატში, კირტლანდში, გამოცხადებების გამოქვეყნებისთვის მზადება. იმისთვის, რომ კვლავ შეესწორებინათ შეცდომები და აესახათ განვითარება ეკლესიის მოძღვრებასა და ორგანიზაციაში, ჯოზეფ სმითი მეთვალყურეობდა გამოსაქვეყნებლად ზოგიერთი გამოცხადების ტექსტის შესწორებებს, რომლებიც უნდა მომზადებულიყო გამოსაცემად 1835 წ. სახელწოდებით Doctrine and Covenants of the Church of the Latter Day Saints (უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ეკლესიის მოძღვრება და აღთქმები). ჯოზეფ სმითის ნებართვით, „მოძღვრება და აღთქმები“ გამოიცა მეორედ და დაბეჭდილ იქნა მხოლოდ წინასწარმეტყველის მოწამეობრივი სიკვდილის ცოტა ხნის შემდეგ, 1844 წ.

ადრინდელი უკანასკნელ დღეთა წმინდანები აფასებდნენ გამოცხადებებს და განიხილავდნენ მათ, როგორც ღვთის გზავნილებს. 1831 წ. ერთ-ერთ შეკრებაზე რამდენიმე უხუცესმა ეკლესიიდან გააზიარა საზეიმო დამოწმება, რომ უფალმა დაამოწმა მათ სულში გამოცხადებების ჭეშმარიტება. ეს დამოწმებები დაბეჭდილ იქნა 1835 წ. მოძღვრება და აღთქმების გამოცემაში, როგორც თორმეტ მოციქულთა მიერ დაწერილი დამოწმება.

თორმეტი მოციქულთა დამოწმება
მოძღვრება და აღთქმების
წიგნის ჭეშმარიტებაზე

მოწმეთა დამოწმება უფლის მცნებათა წიგნზე, მცნებებისა, რომელნიც მან მისცა თავის ეკლესიას ჯოზეფ სმითი უმცროსის მეშვეობით, რომელიც ეკლესიის მიერ ამ მიზნით დაინიშნა:

ამიტომ, გვსურს, დავუმოწმოთ ადამიანთა მთელ სამყაროს, დედამიწის პირზე მყოფ ყოველ არსებას, რომ უფალმა დაგვიმოწმა სულში, ჩვენზედ გადმოღვრილი სულიწმინდის მეშვეობით, რომ ეს მცნებები მოცემულ იქნა ღმერთის ზეშთაგონებით, რომ ისინი სასარგებლოა ყოველი ადამიანისთვის, და რომ არის ნამდვილად ჭეშმარიტი.

ჩვენ ვმოწმობთ ამას ამქვეყნის წინაშე, უფალია ამაში ჩვენი დამხმარე; და ღმერთის მადლით, მამისა და ძის, იესო ქრისტესი, მოგვეცა ნება, გვქონოდა ამ დამოწმების ამქვეყნისთვის გაზიარების პატივი, რითაც ძალზედ ვხარობთ, ყოველთვის ვლოცულობთ რა უფლისადმი, რომ ადამიანთა შვილებმა ამით ისარგებლონ.

თორმეტთა სახელებია:

  • თომას ბ. მარში

  • დევიდ უ. პატენი

  • ბრიგამ იანგი

  • ჰიბერ ჩ. კიმბალი

  • ორსონ ჰაიდი

  • უილიამ ე. მაკლელინი

  • პარლი პ. პრატი

  • ლუკ ს. ჯონსონი

  • უილიამ სმითი

  • ორსონ პრატი

  • ჯონ ფ. ბოინტონი

  • ლიმან ი. ჯონსონი

მოძღვრება და აღთქმების მომდევნო გამოცემებს დაერთო ახალი გამოცხადებები და ჩანაწერები სხვა საკითხებზე, რომლებიც მიღებულ და დაშვებულ იქნა ეკლესიის უფლებამოსილ კრებეზე და კონფერენციებზე. ბრიგამ იანგის ხელმძღვანელობით უხუცეს ორსონ პრატის მიერ მომზადებულ 1876 წ. გამოცემაში გამოცხადებები ჩამოაყალიბდა ქრონოლოგიურად და დაერთო თავების შესავალი ისტორიული წინასიტყვაობებით.

დაწყებული 1835 წლის გამოცემიდან, წიგნში ასევე შეტანილ იქნა შვიდი თეოლოგიური გაკვეთილი სახელწოდებით Lectures on Faith (ლექციები რწმენაზე). ეს მომზადდა წინასწარმეტყველთა სკოლაში გამოსაყენებლად, კირტლანდში, ოჰაიოს შტატში, 1834–1835 წლებში. იმისდა მიუხედავად, რომ ეს ლექციები სასარგებლოა მოძღვრების გაგებისა და სწავლებისთვის, ისინი 1921 წლიდან „მოძღვრება და აღთქმებში“ აღარ შეიტანეს, ვინაიდან ეს ლექციები არ იყო მოცემული ანუ წარდგენილი მთელი ეკლესიისთვის, როგორც გამოცხადება.

1981 წ. მოძღვრება და აღთქმების ინგლისურ გამოცემაში პირველად იქნა დამატებული სამი ჩანაწერი. ესენია 137-ე და 138-ე ნაწილი, სადაც გადმოცემულია გარდაცვლილთათვის ხსნის საფუძვლები და ოფიციალური განცხადება 2, რომელიც აცხადებს, რომ ეკლესიის ყოველი ღირსეული წევრი მამაკაცი შეიძლება ხელდასხმულ იქნეს მღვდლობით, რასისა და კანის ფერის მიუხედავად.

მოძღვრება და აღთქმების ყოველ ახალ გამოცემაში შესწორებულია დაშვებული შეცდომები და დამატებულია ახალი ინფორმაცია კერძოდ, ისტორიული ნაწილი თავის შესავალში. ამჟამინდელი გამოცემა დახვეწილია დაზუსტებული თარიღებით, ადგილმდებარეობათა სახელწოდებებითა და სხვა შესწორებებით. ეს ცვლილებები გაკეთდა, რათა მასალა შეესაბამებოდეს ყველაზე დაზუსტებულ ისტორიულ ინფორმაციას. ამ გამოცემის სხვა განსაკუთრებული მახასიათებლები მოიცავს დახვეწილ რუკებს, რომლებშიც ნაჩვენებია გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, სადაც მიღებულ იქნა გამოცხადებები, ასევე ეკლესიის ისტორიული ადგილების გაუმჯობესებულ ფოტოსურათებს, ჯვარედინ დამოწმებებს, თავების შესავლებს და მასალის შემაჯამებელ დასკვნებს. ყოველივე ეს განკუთვნილია, დაეხმაროს მკითხველს, ჩასწვდეს მოძღვრება და აღთქმებში მოცემულ უფლის გზავნილს და გაიხაროს მისით. ინფორმაცია თავების შესავალებისთვის აღებულია ეკლესიის ხელნაწერი ისტორიიდან და გამოცემული წიგნიდან History of the Church (ეკლესიის ისტორია) (რაც სათაურებში ჯამურად მითითებულია, როგორც ჯოზეფ სმითის ისტორია) და Joseph Smith Papers (ჯოზეფ სმითის ჩანაწერები).